მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთის ბელგოროდის ოლქის ხელისუფლება აცხადებს, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემამ სამი რაკეტა ჩამოაგდო

ღამით რუსეთმა უკრაინაში 15 დრონი გაუშვა, მათგან 13 კი საჰაერო ძალებმა ჩამოაგდეს.

რუსეთის ბელგოროდის ოლქის ხელისუფლება აცხადებს, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემამ სამი რაკეტა ჩამოაგდო.

ოლქის გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის მიერ ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, რაკეტები ნოვი-ოსკოლის რაიონში ჩამოაგდეს. გუბერნატორის თანახმად, რაკეტების ნამსხვრევებით დაშავდა ერთი ადამიანი და რამდენიმე სოფელში დაზიანდა შენობების ფასადები და ელექტროგადამცემი ხაზები.

რუსეთის ბელგოროდის ოლქი უკრაინის ლუგანსკის, ხარკოვის და სუმის ოლქებს ესაზღვრება. რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე თავდასხმებისთვის იყენებს ბელგოროდის ოლქში დისლოცირებულ საბრძოლო ავიაციასაც.

ბოლო თვეებში ადგილობრივმა ხელისუფლებამ უკრაინა არაერთხელ დაადანაშაულა ბელგოროდის ოლქზე სარაკეტო და დრონებით დარტყმებში. კიევი ამას ოფიციალურად არ ადასტურებს.

უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერის, იური იგნატის განცხადებით, ღამით რუსეთმა უკრაინაში 15 დრონი გაუშვა, მათგან 13 კი საჰაერო ძალებმა ჩამოაგდეს.

“დრონები ჩრდილოეთიდან გაუშვეს. ეს იყო Shahed 136 ტიპის ირანული წარმოების კამიკაძე დრონები. 15 დრონი გაუშვეს და მათგან 13 საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს, სხვადასხვა ცეცხლსასროლი იარაღით”, – თქვა უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერმა.

იგნატი უკრაინის მოსახლეობას მოუწოდებს, არ უგულებელყონ საჰაერო განგაშის ხმა და მოქალაქეებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს.

ამასთან, იგნატმა განაცხადა, რომ თავის დასაცავად, უკრაინას სჭირდება მოძველებული საბჭოთა თვითმფრინავების შეცვლა ერთი ტიპის მრავალფუნქციური გამანადგურებლით, რომელიც შესაძლოა იყოს F-16 საბრძოლო თვითმფრინავი. ის აღნიშნავს, რომ საჭიროა 200-მდე F-16.

მსგავსი პოსტები

Back to top button