მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

გერმანია და ხორვატია უკრაინას სამხედრო დახმარებას გამოუყოფს

გამოცემა Reuters-ის ცნობით, გერმანია უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის დამატებით 12 მილიარდ ევროს გამოყოფს.
მედიასაშუალების ცნობით, გერმანიის ბუნდესტაგის საბიუჯეტო კომიტეტმა მწვანე შუქი აუნთო თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების მოთხოვნას გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის თანხის გამოყოფას.

გამოცემა იუწყება, რომ დამატებითი დაფინანსება 3,2 მილიარდ ევროს მოიცავს, რომელიც უკრაინას 2023 წელს უნდა გადაეცეს და საკრედიტო ტრანშებს 2024-დან 2032 წლამდე პერიოდისთვის, რაც ჯამში 8,8 მილიარდ ევროს შეადგენს.

“ამ თანხით უკრაინა გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით შეიარაღების პირდაპირ შეძენას შეძლებს. მნიშვნელოვანია უკრაინის მხარდაჭერა მანამ, სანამ ამის საჭიროება იქნება”, – ამის შესახებ გერმანიის სამთავრობო კოალიციის სამმა პოლიტიკოსმა ერთობლივ განცხადებაში თქვა.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, გერმანიის მთავრობამ უკრაინის მხარდასაჭერად 14,2 მილიარდ ევროზე მეტი გამოყო, მათ შორის 3 მილიარდი ევრო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო დახმარებისთვის.

ხორვატია უკრაინისთვის 14 Mi-8 საბრძოლო ვერტმფრენის გადაცემას გეგმავს. ამის შესახებ ხორვატიის თავდაცვის მინისტრმა, მარიო ბანოშიჩმა უკრაინელ კოლეგა ოლექსი რეზნიკოვთან შეხვედრის დროს განაცხადა.

“ხორვატიის მთავრობა უკრაინას ფინანსურ, ტექნიკურ და პოლიტიკურ მხარდაჭერას უწევს. ასეთი პოლიტიკური მხარდაჭერის ერთ-ერთი პუნქტი არის გადაწყვეტილება, რომელიც ახლა განხილვის პროცესშია. და ასეთი გადაწყვეტილების ერთ-ერთი პუნქტია Mi-8 ვერტმფრენები. და იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში მათ გადაცემას მალე შევძლებთ”, – თქვა ხორვატიის თავდაცვის მინისტრმა.

ბანოშიჩი ამბობს, რომ ხორვატია მხარს დაუჭერს უკრაინას მანამ, სანამ ამის საჭიროება იქნება. მისი თქმით, საერთაშორისო სამართალი და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები დაცული უნდა იყოს. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ რუსეთის შეჭრა უკრაინაში მიუღებელია.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის თქმით, უკრაინა ხორვატიისგან პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამხედრო მხარდაჭერას იღებს. რეზნიკოვი აღნიშნავს, რომ უკრაინამ ხორვატიისგან პირველი დახმარება 2022 წლის 28 თებერვალს მიიღო.

მსგავსი პოსტები

Back to top button