ირაკლი ღარიბაშვილი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ ერთხმად აირჩიეს

„ქართული ოცნების“ ყრილობამ პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი ღარიბაშვილი აირჩია. ამ თანამდებობაზე, ის ირაკლი კობახიძეს ცვლის. ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურად დელეგატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.
კობახიძემ მადლობა გადაუხადა ღარიბაშვილს პრემიერის პოსტზე 3-წლიანი “მოღვაწეობისთვის”, რომელმაც ქვეყანას, მისი თქმით, უდიდესი წარმატებები მოუტანა.
„ერთხმად დამტკიცებულია თავმჯდომარის პოსტზე ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურა. ვულოცავ ბატონ ირაკლის და მადლობას გადავუხდი 3-წლიანი მოღვაწეობისთვის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე, რომელმაც ჩვენს ქვეყანას უდიდესი წარმატებები მოუტანა“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ ყოფილმა თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ყრილობაზე.
„ჩვენი ოჯახის თითოეულ წევრს მინდა მადლობა გადაგიხადოთ ამ უდიდესი ნდობისთვის, ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ არჩევა.
2011 წელს ჩვენი პარტიის დამფუძნებელმა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაციის დაფუძნებით შექმნა სახალხო პროცესი, რომელმაც შეძლო ის, რაც მანამდე შეუძლებელი იყო – დემოკრატიულად, არჩევნების გზით დაამარცხა ყველაზე ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული, ქართველი ხალხის მჩაგვრელი რეჟიმი და სათავე დაუდო ჩვენი ქვეყნის განვითარების სრულიად ახალ ეტაპს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა პარტიის თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ.
მან პრემიერ-მინისტრის პოსტი, რომელსაც ბოლო სამი წლის განმავლობაში იკავებდა, 29 იანვარს დატოვა.
მმართველმა პარტია “ქართულმა ოცნებამ” საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი კობახიძე დაასახელა. პარტიის წესდების მიხედვით, კანდიდატი საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, წარუდგინა პოლიტსაბჭოს, რომელიც ამ შეთავაზებას დაეთანხმა.
ქართლი ოცნების ყრილობა სასტუმრო „პარაგრაფ თბილისში“ მიმდინარეობდა. პარტიულ ყრილობას „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დაესწრო.
ყრილობა, საქართველოს ჰიმნით გაიხსნა.
ახალი პრემიერისა და მთავრობის შემადგენლობის დამტკიცება პარლამენტში მომავალი სასესიო კვირისთვის იგეგმება.
სამთავრობო ცვლილებები მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერობიდან წასვლის შესახებ 29 იანვარს განაცხადა.