მნიშვნელოვანირეგიონისაქართველო

კორუფციის რისკები ქობულეთის მუნიციპალიტეტში

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” ქობულეთისა და ბათუმის მუნიციპალიტეტების მიერ გამოცხადებულ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით, კვლევას აქვეყნებს დასავარაუდო კორუფციის ნიშნებზე მიუთითებს.

კვლევის თანახმად, ქობულეთის სანაპირო ზოლში ზღვისპირა პარკის მოწყობის მეორე ეტაპის სამუშაოებს შპს „ჯორჯიან სტოუნი” შეასრულებს. მუნიციპალიტეტის მერიამ კომპანიასთან ხელშეკრულება 2020 წლის 18 მარტს გააფორმა. აუქციონის გარეშე გამართული ელექტრონული ტენდერის სატენდერო კომისიამ დაიწუნა შპს “Award-ის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია და კომპანია ტენდერს დისკვალიფიკაციით გამოეთიშა. კომისიამ უპირატესობა მიანიჭა შპს „ჯორჯიან სტოუნს”, რომლის შეთავაზება – 4,637,636 ლარი – მცირედით ჩამორჩებოდა ტენდერის სავარაუდო ღირებულებას (4,773,769 ლარი).

„ჯორჯიან სტოუნი”, რომლის დირექტორი ქობულეთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის ყოფილი უფროსი, ბადრი რომანაძეა, ამავე მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელია. 2019 წელს სწორედ ამ კომპანიამ შეასრულა ქობულეთის სანაპირო ზოლის ზღვისპირა პარკის 2,770,077 ლარის ღირებულების პირველი ეტაპის სამუშაოებიც.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციის ანალიზი აჩვენებს, რომ ქობულეთის მერია სატენდერო პირობებს სავარაუდოდ არგებს „ჯორჯიან სტოუნის” ინტერესებს, რაც ანტიკორუფციული სამსახურის მოკვლევის საგანი უნდა გახდეს. საყურადღებოა, რომ კომპანიამ სსიპ „ბათუმის ბულვარის” შესყიდვებში ასევე კონკურენტი კომპანიების დისკვალიფიკაციის ხარჯზე გაიმარჯვა.

კომპანიამ ბოლო 6 წლის განმავლობაში სამშენებლო მასალების მიწოდებისა და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოსთვის შემსყიდველი ორგანიზაციებიდან 27,031,328 ლარი მიიღო. ამ თანხის 70% (18,809,434 ლარი) „ჯორჯიან სტოუნს” ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან აქვს მიღებული.

გარდა იმისა, რომ წლების განმავლობაში ბადრი რომანაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის უფროსი იყო, ამავდროულად, იგი მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, მინდია რომანაძისა და ქობულეთის გამწვანების სამსახურის ხელმძღვანელის, ზვიად რომანაძის ნათესავია. მინდია და ზვიად რომანაძეები ძმები არიან. მინდია რომანაძე 2018 წლის მაისში ქობულეთის მერიის ზედამხედველობის სამსახურში სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოდან მივიდა, მანამდე კი, 2011-2015 წლებში ქობულეთში კახი კალაძის კუთვნილი სასტუმრო „კოლხეთის” დირექტორი იყო.

„ჯორჯიან სტოუნი” 2011 წელს დაფუძნდა. მის 100% წილს, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დეკორატიული ფილების და სხვა სამშენებლო მასალების მწარმოებელი, 2011 წელს რეგისტრირებული საწარმო „ლეგი” ფლობს. „ლეგის” 100% წილი შპს „ნეოსტარის” საკუთრებაშია, თავის მხრივ კი, „ნეოსტარის” მესაკუთრე უკრაინის მოქალაქე ლეონიდ ეზიკია.

კომპანია “ნეოსტარს”, სახელმწიფომ, სხვადასხვა დროს, არაერთხელ გადასცა სიმბოლურ ფასად შეფასებული სახლემწიფო ქონება. ტენდერებიდან და გამარტივებული შესყიდვებიდან კი, ჯამში, 250,000 ლარზე მეტი აქვს მიღებული.

რაც შეეხება შპს „ჯორჯიან სტოუნს”, აღნიშნულმა კომპანიამ 2017-2018 წლებში „ბათუმის ბულვარის” 5 შესყიდვიდან 2,648,428 ლარი მიიღო.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” მოუწოდებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს, დროულად დაიწყოს მოკვლევა ბოლო წლებში ქობულეთისა და ბათუმის მუნიციპალიტეტების მიერ გამოცხადებულ იმ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით, სადაც „ჯორჯიან სტოუნი” უკონკურენტოდ ან ტენდერებში სხვა მონაწილეების დისკვალიფიკაციის ხარჯზე იმარჯვებს. ასეთი სატენდერო პოლიტიკა კორუფციის რისკის შემცველია, თუ იმ გარემოებასაც გავითვალისწინებთ, რომ კომპანიის დირექტორი, ბადრი რომანაძე წლების განმავლობაში ქობულეთის მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირი იყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button