მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

თბილისი 11 მაისიდან გაიხსნება, რუსთავი და გარდაბანი, – 14 მაისიდან, მარნეული, – 18 მაისიდან

თბილისში შესვლასა და გასვლაზე ყველა სახის შეზღუდვა 11 მაისიდან მოიხსნება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში არსებული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე განაცხადა. გარდა ამისა, მისი განმარტებით, 14 მაისიდან აღდგება გადაადგილება რუსთავსა და გარდაბანში, 18 მაისს კი, მოიხსნება შეზღუდვა მარნეულში.

მისივე თქმით, მარნეულში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, აუცილებელია გარკვეული რაოდენობის ტესტირების ჩატარება და ეს დამატებითი დრო სწორედ ამიტომ არის საჭირო.

“ეს ეხება როგორც მარნეულს, ასევე დანარჩენ რეგიონებს. თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მინდა მოვუწოდო, სოციალური დისტანცია და პირბადე განსაკუთრებით საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, თუმცა სასურველია, უბრალოდ ქუჩაშიც, არის ჩვენი ცხოვრების ნაწილი, სამწუხაროდ და ეს არის ის პასუხისმგებლობა და ვალდებულება, რომელმაც უნდა მოგვცეს საშუალება, სწრაფად და ეფექტურად მაღალი რისკების გარეშე შევძლოთ ეკონომიკის გახსნა. ამას აქვს დიდი მნიშვნელობა და როგორც აქამდე პასუხისმგებლიანად უდგებოდნენ ამ შეზღუდვებს, მინდა მათ ვთხოვო და მოვუწოდო, რომ ასევე გავაგრძელოთ. ბრძოლა პანდემიასთან ჯერ დასრულებული არ არის და სრული გამარჯვებისთვის გვჭირდება არამხოლოდ კარგი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, არამედ ფეხზე დაყენებული ეკონომიკა.” – განაცხადა გახარიამ.

ამასთან, პრემიერის განცხადებით, ძალაში რჩება ე.წ. კომენდანტის საათი.

მსგავსი პოსტები

Back to top button