მნიშვნელოვანისიახლეები

თბილისის სამ დიდ სავაჭრო ცენტრში ბომბის საფრთხის მიუხედავად ევაკუაცია არ გამოცხადებულა

თბილისის სამ დიდ სავაჭრო ცენტრში, რომლებში ბომბის საფრთხის შესახებაც საქართველოში აშშ-ის საელჩოს აცნობეს, ევაკუაცია არ გამოცხადებულა. ცენტრები მუშაობას განაგრძობენ ისე, რომ კლიენტების ნაწილმა მსგავსი ინფორმაციის გავრცელებაზე არც კი იცის. მათ შორის არიან ბავშვებიც.

ჟურნალისტები ესაუბრნენ „ისთ ფოინთისა“ და „გალერია თბილისის“ პრესსამსახურის თანამშრომლებს. მათ თქვეს, რომ მოქმედებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან შეთანხმებით, რომლისგანაც ევაკუაციის შესახებ მითითება არ მისვლიათ.
„ევაკუაციის საჭიროება არ დამდგარა, თუმცა ჩვენი უსაფრთხოების სამსახური განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობს, ინტენსიური კომუნიკაცია აქვთ შესაბამის ორგანოებთან და ცდილობენ, ყველაფერი მაქსიმალურად მოკლე დროში გაირკვეს.

მათი საქმიანობის სპეციფიკაზე და მიმდინარე სამუშაოების დეტალებზე საუბარი არ შემიძლია. კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, რომ ჯერჯერობით ევაკუაციის საჭიროება არ არის“, – განაცხადა „ისთ ფოინთის“ წარმომადგენელმა.

დაახლოებით ორი საათის წინ [19:00 სთ] საქართველოში აშშ-ის საელჩომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ეწერა, რომ მიიღეს შეტყობინება თბილისის სამ სავაჭრო ცენტრში სავარაუდო ბომბის არსებობის შესახებ და თავის თანამშრომლებს მოუწოდა, უსაფრთხოების მიზნით მორიდებოდნენ ამ ადგილებს. ეს სავაჭრო ცენტრებია:

„ისთ ფოინთი“ – ალექსანდრე თვალჭრელიძის ქუჩა;
„გალერია თბილისი“ – რუსთაველის 2/4;
თბილისის სავაჭრო სივრცე (იგულისხმება „თბილისი მოლი“) – დავით აღმაშენებლის 16.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, რომელიც მსგავს შეტყობინებებზე რეაგირებს, საჯარო განცხადებით „მეტი პასუხისმგებლობის გამოჩენისკენ“ მოუწოდა საელჩოს.

„მოვუწოდებთ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომდგენლებს, პატივი სცენ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სამსახურების საქმიანობას, გამოიჩინონ მეტი პასუხისმგებლობა და თავი შეიკავონ შესაბამის უწყებებთან შეუთანხმებელი განცხადებების გავრცელებისგან“, – წერია სუსის განცხადებაში.

ამ უწყებაში ჟურნალისტებს განუცხადეს რომ „მუშაობენ ცრუ შეტყობინების ფაქტზე“.

აშშ-ის საელჩო ბომბის შესაძლო საფრთხეზე იტყობინება

მსგავსი პოსტები

Back to top button