მნიშვნელოვანირეგიონი

იქცევა თუ არა, თელავი კორპუსების ქალაქად და რა ბედი ელის ქალაქის განვითარების გენერალურ გეგმას

თელავის მიწათსარგებლობის და განაშენიანების გეგმა საზოგადოებას ჯერ კიდევ 2019 წელს წარუდგინეს. მესამე წელია, გეგმა განსახილველად და დასამტკიცებლად, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოშია.

გეგმის მიხედვით, ერეკლე მეფის მოედანზე სხვადასხვა სახის კულტურული და შემეცნებითი სივრცეები მოეწყობა, თავად ტერიტორია კი, საფეხმავლო გახდება. გეგმაში აღნიშნულია, რომ “ქალაქი თელავი იმ ისტორიული ქალაქების რიცხვს განეკუთვნება, რომლებიც თავისი ბუნებრივი ლანდშაფტით, მატერიალური თუ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობით, თვითმყოფადი არქიტექტურითა და შუა საუკუნეების ურბანული სტრუქტურით, გამორჩეულ, ძალზედ მრავალფეროვან, სახასიათო, კულტურულ და ისტორიულ მემკვიდრეობას წარმოადგენს“.

საკრებულოში, სწორედ თელავის ისტორიული არეალის განსაკუთრებულ გაფართოებაზე საუბრობენ და პროექტის შეფერხების მთავარ მიზეზად, ამ მიმართულებით არსებულ ხარვეზებს ასახელებენ.

საკრებულოს დეპუტატი, ” ქართული ოცნებიდან” ლევან ბერძენაშვილი ამბობს, რომ გეგმის ირგვლივ, აზრთა დიდი სვადასხვაობაა.

” პროექტში ბევრი რამ არის, რასაც არ ვეთანხმებით. მაგალითად, თელავის ცენტრალური ნაწილში, ავტომანქანების მოძრაობა შეიზღუდება და ამ ადგილს მხოლოდ საფეხმავლო დატვირთვა ექნება. მაგალითად, ახვლედიანის ქუჩაზე, ავტობუსმა უნდა იაროს. ეს ქუჩა ისე ვიწროა, ავტომანქანები ძლივს დადიან. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, განაშენიანების გეგმა, მოსახლეობისათვის იყოს კომფორტული. პროექტის მიხედვით, ისტორიული არეალი იმხელაა, ერთი ფანჯრის შესაცვლელად, მოსახლეს ათასი ნებართვა დასჭირდება. ჩვენ ვითხოვთ, ავტორთან ერთად, კიდევ ერთხელ გავიაროთ ყველა საკითხი, რადგან პარალელურად, ახალი სატრანსპორტო პოლიტიკის შემუშავებაც იქნება საჭირო. ბევრი ნიუანსია, რის გამოც ეს გეგმა არ მოგვწონს და გვჭირდება კორექტირება”- განაცხადა ბერძენაშვილმა.

სანამ თელავის მიწათსარგებლობისა განაშენიანების გეგმა, წლებია საკრებულოშია, დეველოპერები, ქალაქის სხვადასხვა უბნებში, მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსებს აშენებენ. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ გეგმა კიდევ კარგა ხანს არ დამტკიცდება.

ლეიბორისტული პარტიის კახეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე, ნიკა ვარდოშვილი ამბობს, რომ საკრებულოს დეპუტატებმა უნდა გააცნობიერონ, რომელი ქალაქის დეპუტატები არიან.

” მე ვფიქრობ, კონკრეტული პირები დავალებული არიან ამ დეველოპერებისგან და ამიტომ გეგმის დამტკიცება ჭიანურდება. ამასობაში მიმდინარეობს, ყოვლად გაუმართლებელი მშენებლობები, როლებიც წარმოუდგენლად ამახინჯებს ქალაქს. თელავი სწორედ მაგიტომ მოსწონს აქაურსაც და ჩამოსულ ტურისტებს, რომ ის, ისტორიული ქალაქია და ბუნებრივია, არეალი ფართე იქნება. ყველა სახლს რომ ძაგლის სტატუსს აკრავენ, ახლა რატომ გაახსენდათ დეპუტატებს, მოსახლეობის ინტერესი? “- ამბობს ვარდოშვილი.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში გენგემისა და ქალაქში მიმდინარე კორპუსების მშენებლობებზე კომენტარს არ აკეთებენ. მერიაში, მხოლოდ ის განმარტეს, რომ ქალაქის განვითარების გეგმაზე, საკრებულო მუშაობს. შეაჩერებენ, თუ არა, გეგმის დამტკიცებამდე, მიმდინარე მშენებლობებს, ამ კითხვაზე, მერიაში არ პასუხობენ. კომენტარს არ აკეთებენ დეველოპერებიც, რომლებიც ქალაქის სხვადასხვა უბნებში, მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსებს აშენებენ. აქვთ თუ არა პროექტების დაკორექტირების ვალდებულება გეგმის დამტკიცების შემთხვევაში, სამშენებლო კომპანიებმა, რადიო ჰერეთის მცდელობის მიუხედავად, განმარტება არ გააკეთეს.

თელავის მიწათსარგებლობის და განაშენიანების გეგმის ავტორი, შპს ,,ატელიე არქტიქსტია, “ რომელმაც საზოგადოებას პროექტი რამდენჯერმე წარუდგინა განსახილველად.

მსგავსი პოსტები

Back to top button