მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინა ევროკავშირის წევრი ქვეყნების წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს

უკრაინა ევროკავშირის წევრი ქვეყნების წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს. ამის შესახებ „პოლიტიკოსთან“ ინტერვიუში უკრაინის სავაჭრო წარმომადგენელმა, ტარას კაჩკამ განაცხადა. მისი თქმით, კიევი საჩივარს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შეიტანს. კაჩკას თქმით, უკრაინისთვის მიუღებელია პოლონეთის, უნგრეთისა და სლოვაკეთის გადაწყვეტილება, გაახანგრძლივონ უკრაინული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ამ ქვეყნებში იმპორტის აკრძალვა.

„ჩემი აზრით, მთელმა მსოფლიომ უნდა დაინახოს, როგორ ექცევიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები სავაჭრო პარტნიორებს და საკუთარ კავშირს, რადგანაც ამან შეიძლება, გავლენა იქონიოს სხვა სახელმწიფოებზეც“, – აცხადებს „პოლიტიკოსთან“ ინტერვიუში ტარას კაჩკა.

პოლონეთის, უნგრეთი და სლოვაკეთი არ ეთანხმებიან ევროკომისიის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, უკრაინული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ევროკავშირის ცალკეულ ქვეყნებში იმპორტის აკრძალვა უნდა მოიხსნას. აღნიშნული ქვეყნები უკრაინულ პროდუქციის იმპორტზე შეზღუდვების დაწესებას ინდივიდუალურად გეგმავენ.

„ჩვენი აზრით, უნგრეთის, პოლონეთისა და სლოვაკეთის ქმედებები არის უნდობლობის გამოცხადება ევროკომისიისადმი. მრავალი წლის განმავლობაში სწორედ ევროკომისია წარმოადგენს იმ ინსტიტუტს, რომელიც სავაჭრო მოლაპარაკებებს აწარმოებს და სავაჭრო პოლიტიკას ადგენს მთელი ევროკავშირისთვის. ჩვენ ამ მიდგომის საფუძველზე ვმუშაობთ. ბუდაპეშტისა და ვარშავის სისტემური მიდგომა, რომლებიც სავაჭრო პოლიტიკაში ევროკავშირის ინსტიტუტების იგნორირებას ახდენენ, ვფიქრობ, პრობლემური იქნება ევროკავშირისთვის, რადგან იქ ერთიანობა არ არის“, – განაცხადა უკრაინის სავაჭრო წარმომადგენელმა.

ევროკომისია ელოდება კიევისგან ნაბიჯებს აგრარული პროდუქციის იმპორტზე კონტროლის გასამკაცრებლად. ამის შესახებ ბრიუსელში ევროკომისიის პრესმდივანმა, მირიამ გარსია ფერერმა განაცხადა.

„ჩვენ უკრაინასთან გვაქვს მოლაპარაკება, რომ მომდევნო 30 დღეში ისინი აამოქმედებენ აგრაგრული პროდუქციის ექსპორტისთვის საჭირო სისტემას. ასევე, კიევში აცხადებენ, რომ მზად არიან, გადადგან კონკრეტული ნაბიჯები, რათა გარანტირებული იყოს, რომ უკრაინული აგრარული პროდუქტების ევროკავშირში ექსპორტი არ გაიზრდება. ჩვენ დღეს კიდევ ერთი შეხვედრა გვექნება საკოორდინაციო პლატფორმის ფარგლებში, სადაც ამას განვიხილავთ და უკრაინა წარმოადგენს ზომებს, რომლებიც კიევმა მიიღო, ასევე, სამოქმედო გეგმას“, – აღნიშნა ევროკომისიის პრესმდივანმა.

ცნობისთვის, 15 სექტემბერს ევროკომისიამ განაცხადა, რომ უკრაინული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტზე შეზღუდვა აღარ გახანგრძლივდება, იმ პირობით, რომ კიევი ექსპორტის შემზღუდავ ზომებს მიიღებს.

მიუხედვად ამისა, პოლონეთმა, უნგრეთმა და სლოვაკეთმა გადაწყვიტეს, უკრაინული აგრაგრული პროდუქციის იმპორტზე ცალმხრივი შეზღუდვები შემოიღონ. კიევში აცხადებენ, რომ ამ ქვეყნებს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში უჩივლებენ.

ევროკავშირი პოლონეთს, უნგრეთს და სლოვაკეთს უკრაინულ მარცვლეულთან დაკავშირებით კონსტრუქციულობისკენ მოუწოდებს. საქმე ამ ქვეყნების მიერ მიღებულ ცალმხრივ გადაწყვეტილებას ეხება, რომლის მიხედვითაც პოლონეთი, უნგრეთი და სლოვაკეთი უკრაინიდან მარცვლეულის იმპორტის აკრძალვას გაახანგრძლივებენ.

რამდენიმე დღით ადრე, ევროკომისიამ მხარი არ დაუჭირა ამ ქვეყნების მოთხოვნას გაეხანგრძლივებინათ უკრაინულ მარცვლეულზე ემბარგო. ევროკომისიამ ქვეყნების გადაწყვეტილება გააკრიტიკა და მათ კომპრომისისკენ მოუწოდა.
რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა, მარსელ ჩიოლაკუმ განაცხადა, რომ ის მიმართავს სოფლის მეურნეობის და ეკონომიკის მინისტრებს უკრაინის სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტის აკრძალვის 30 დღით გახანგრძლივების შესახებ ერთობლივი ბრძანების მიღების მოთხოვნით.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ჩიოლაკუმ აღნიშნა, რომ ის მიმდინარე კვირას უკრაინის პრემიერ-მინისტრისგან ელოდება წინადადებას მარცვლეულის ექსპორტის ლიცენზირების შესახებ, რომელსაც ის შემდეგ განიხილავს.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მას შემდეგ, რაც ევროკომისიამ გადაწყვიტა, რომ აღარ გახანგრძლივდეს უკრაინული სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტის აკრძალვა, „უკრაინიდან რუმინეთში არცერთი კილოგრამი ხორბალი არ შემოტანილა“.

„თუ იქნება მოთხოვნა რუმინეთში ექსპორტზე, აუცილებლად ვთხოვ აგრარული პოლიტიკისა და ეკონომიკის მინისტრებს, მიიღონ ერთობლივი ბრძანება, რომ შეზღუდვები გაგრძელდეს 30 დღით, ვიდრე ყველაფერი დაზუსტდება“, – აღნიშნა რუმინეთის პრემიერმა.

გასულ კვირას ევროკომისიამ გამოაცხადა, რომ არ გაახანგძლივებს შეზღუდვებს უკრაინიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტზე.

პოლონეთმა, უნგრეთმა და სლოვაკეთმა გადაწყვიტეს ცალმხრივი შეზღუდვების შემოღება, ვარშავაში კი განაცხადეს, რომ მათი შეზღუდვები განუსაზღვრელი ვადით დარჩება.

ბულგარეთში ფერმერები ქვეყნის მასშტაბით აქციებს მართავენ და მთავრობის მიერ უკრაინული მარცვლეულის იმპორტზე დაწესებული შეზღუდვის გაუქმებას აპროტესტებენ. როგორც ადგილობრივი მედია წერს, აქციებში სასოფლო-სამეურნეო სფეროში მომუშავე 25 ორგანიზაციის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

აქტივისტები ცენტრალური ავტომაგისტრალებისა და სასაზღვრო-გამშვები პუნქტების ბლოკირებას გეგმავენ. დემონსტრანტებს ქუჩებში გამოყვანილი ჰყავთ სასოფლო სამეურნეო ტექნიკა – ტრაქტორები, კომბაინები და სხვა მანქანები.

მათი მოთხოვნაა უკრაინული მარცვლეულის ქვეყანაში იმპორტის შეზღუდვა და მთავრობისგან დამატებითი დაფინანსების მიღება.

როგორც ბულგარული მედია წერს, აქციების გამო შინაგან საქმეთა სამინისტროს მობილიზებული ჰყავს სამართალდამცავები. ბულგარეთის შინაგან საქმეთა მინისტრი კალინ სტოიანოვი აცხადებს, რომ მოქალაქეების თავისუფალი გადაადგილების უფლება დაცული უნდა იყოს.

ბულგარეთის ფერმერთა კავშირმა მოუწოდა აქციის მონაწილეებს, დემონსტრაციები მშვიდობიანად ჩაატარონ და მოერიდონ პროვოკაციებს.

ბულგარეთის პარლამენტმა 14 სექტემბერს მიიღო გადაწყვეტილება უკრაინული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ქვეყანაში დაშვების შესახებ, რასაც ხელისუფლებამაც დაუჭირა მხარი. ფერმერები აცხადებენ, რომ მთავრობამ „ბულგარეთის ეროვნულ ინტერესებს უღალატა“.

უკრაინული პროდუქციის იმპორტის აკრძალვის მოთხოვნით კიდევ ერთი აქცია სოფიაში 19 სექტემბერსაა დაგეგმილი.
………….

მსგავსი პოსტები

Back to top button