მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

კობახიძე საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეების რაოდენობას ეთნიკურად ქართველი რუსეთის მოქალაქეების შემოსვლით ხსნის

კობახიძე საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეების რაოდენობას ეთნიკურად ქართველი რუსეთის მოქალაქეების შემოსვლით ხსნის და ამბობს, რომ ქვეყანაში შემოსული რუსეთის მოქალაქეების უმრავლესობა ქართველია.

„გაივსო რუსებით“ – ეს სპეკულაციაა. მარტივი სტატისტიკაა, რომელიც მანიპულაციას არ ექვემდებარება. საზღვრის კვეთის სტატისტიკა აჩვენებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე 50 000 რუსეთის მოქალაქე იმყოფება, საიდანაც დიდი ნაწილი, სავარაუდოდ, უმრავლესობა ქართველია. ბევრი ადამიანი, ვინც იქ ცხოვრობდა და საქართველოში ჩამოვიდა. ქართველები არიან, მაგრამ რუსეთის მოქალაქეები. მთლიანობაში, რუსი და რუსეთის მოქალაქე, შეიძლება მაქსიმუმ 20 ათასი კაცი იყოს რომლებიც ცხოვრობდნენ 10, 20, 30 წლის განმავლობაში და ჩამოვიდნენ საქართველოში. ქართველები არიან, მაგრამ არიან რუსეთის მოქალაქეები საუბარი, რომ ქართველები წავიდნენ და რუსები დარჩნენ, კომიკურია. ცარიელი სპეკულაციაა“,- განაცხადა
მისივე თქმით, ოპოზიციამ 3-ჯერ სცადა რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით კამპანიის აგორება და მღელვარების გამოწვევა, მაგრამ „აღმოჩნდა, რომ არაფერი განსაკუთრებული არ ყოფილა“.

„3-ჯერ სცადეს კამპანია აეგორებინათ და საზოგადოებაში მღელვარება გამოეწვიათ. ჯერ მარტში ამბობდნენ, რუსებმა თურმე წალეკეს საქართველო – აღმოჩნდა, რომ არაფერი განსაკუთრებული არ ყოფილა; შემდეგ აგვისტოში აწიეს კამპანია, როდესაც გახურებული ტურისტული სეზონი იყო – იქაც აღმოჩნდა რომ არაფერი; ახლა მესამე კამპანია აწიეს და ეს ყველაფერიც რამდენიმე დღეში დასრულდება. მობილიზაციის პროცესი რუსეთში სრულდება და თვითონ გახსნეს ლარსთან და ჩრდილო ოსეთში მობილიზაციის პუნქტები. რამდენიმედღიანი თემაა და ჩაიფუშება. ცდილობენ, საზოგადოებაში მღელვარება გამოიწვიონ, ხელისუფლების გაკრიტიკებისთვის საბაბი მოძებნონ. სინამდვილეში არც მარტში იყო არავითარი პრობლემა და დადასტურდა 6 თვის თავზე, არც აგვისტოში იყო არავითარი პრობლემა და 2 თვეში დადასტურდა. დღესაც არაა არავითარი პრობლემა. ყველა სახელმწიფო უწყებას ვითარებაზე სრული კონტროლი აქვს. სტატისტიკაც კონტროლდება და საზღვარზეც მიმდინარეობს ინდივიდუალური კონტროლი“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, მის თქმით, რუსეთში მცხოვრები ქართველების საკითხიც გასათვალისწინებელია და თუ უვიზო რეჟიმი გაუქმდება, ეს შეზღუდავს როგორც ქართველ, ისე არაქართველ მოქალაქეებს.

„კიდევ ერთი საკითხია გასათვალისწინებელი – რუსეთში მცხოვრები ქართველები. მათი რაოდენობა სტატისტიკური მონაცემებით 800 ათასია. არიან ქართველები, რომლებსაც უნდათ სამშობლოში დაბრუნება. მათთვის საზღვრების ჩაკეტვა რამდენად სწორია, საზოგადოებამ იმსჯელოს. ოპოზიცია მათივე შემოღებული უვიზო რეჟიმის გაუქმებას ითხოვს. თუ გააუქმებ უვიზო რეჟიმს, ერთნაირი შეზღუდვა უწესდება როგორც ქართველს, ისე არაქართველს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება საქართველოდან მოქალაქეების გასვლის საკითხს, კობახიძე ამბობს, რომ „წინა ხელისუფლების პირობებში 200 ათასზე მეტი იყო მოსახლეობის კლება, ახლა კი როდესაც ბევრი სირთულე გამოვიარეთ, მოსახლეობის კლება 20 ათასი ადამიანია“.

„ორი უმძიმესი ეკონომიკური კრიზისი გამოვიარეთ – ერთი კოვიდის და ერთი უკრაინის პირველი ომის გამო. ახლა მესამე რთული ვითარებაა შექმნილი“,- განაცხადა კობახიძემ.

წამყვანის კითხვაზე, რომ ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტოს ანგარიშის თანახმად, 2022 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა, რეკორდულად, 183%-ითაა გაზრდილი, კობახიძე განმარტავს, რომ მიგრაციის სტატისტიკაზე პანდემიამ იმოქმედა.

„ოპოზიცია რომ ამას სპეკულაციისთვის იყენებს, გასაგებია. კოვიდის დროს ეს სტატისტიკა შემცირებული იყო. კოვიდი მიგრაციის სტატისტიკას შეეხო. მიგრაცია იყო შეზღუდული და შარშანდელთან შედარებით რომ გაიზარდა, ეს მაჩვენებელი ლოგიკურია, სასპეკულაციო არაფერია. თითქოს ქვეყანა ბოლო ერთი წლის განმავლობაში დაიცალა, ტყუილი და სპეკულაცია. იმიგრაცია ემიგრაციის ბალანსი თითქმის იდენტურია იმასთან, რაც წინა წლებში გვქონდა და ბევრად უკეთესია, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს იყო“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

21 სექტემბრიდან, პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინასთან საომრად “ნაწილობრივი მობილიზაციის” გამოცხადების შემდეგ, რუსეთის დატოვებას ცდილობს ათეულობით ათასი მოქალაქე. მათ შორის – სახმელეთო გზით რუსეთთან მოსაზღვრე ფინეთში, საქართველოში, ყაზახეთსა და მონღოლეთში ჩასვლას.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა თქვა, რომ რუსეთში სამხედრო მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, “ზემო ლარსიდან” შემომსვლელთა რაოდენობა გაზრდილია.

მსგავსი პოსტები

Back to top button