გურჯაანში ახალ მერს ოქტომბერში აირჩევენ

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ახალ მერს ოქტომბერში აირჩევენ.
მერის არჩევნების კონკრეტულ თარიღს ცენტრალური საარჩევნო კომისია გამოქვეყნებს.
გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, მაია ჩუთლაშვილი განმარტავს, რომ მერის არჩევნები ოქტომბერში ჩატარდება.
” კანონი განსაზღვრავს წესს. მერის არჩევნები ოქტომბერში უნდა ჩატარდეს. კონკრეტული თარიღი ჯერ გადაწყვეტილი არ არის და ცენტრალური საარჩევნო კომისია გამოაქვეყნებს”- განაცხადა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ინფორმაცია მერის გადადგომის თაობაზე, ცნობად უკვე მიიღო.
საკრებულოს თავმჯდომარე, ივანე ბერიძიშვილი ადასტურებს, რომ საკითხი საკრებულოში უკვე განიხილეს.
” უკვე მივიღეთ ცნობად უტიაშვილის გადადგომის საკითხი. ძალიან ჰარმონიული ურთიერთობა გვქონდა და ვერ გეტყვით, რატომ გადაწყვიტა წასვლა. თქვა, რომ კვლავ ჯანდაცვაში სურს დაბრუნება. მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნას, ჩვენი დასტური არ სჭირდება. ახალი არჩევნები გადადგომიდან ექვს თვეში უნდა დაინიშნოს”- განაცხადა ბერიძიშვილმა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა, ზურაბ უტიაშვილმა თანამდებობა ერთი კვირის წინ, პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.
გადაწყვეტილების შესახებ საკუთარ ამომრჩეველს მერმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით აცნობა.