მნიშვნელოვანისიახლეები

საოკუპაციო ძალებმა საქართველოს 6 მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

პარლამენტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2022 წლის საქმიანობის ანგარიშს იხილავს. დოკუმენტი ალექსი ბატიაშვილმა პარლამენტის სამი კომიტეტის – თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე წარადგინა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2022 წელს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განთავსებული სამხედრო ბაზებიდან უკრაინის მიმართულებით მძიმე შეიარაღებისა და სამხედრო მოსამსახურეების ნაწილის გადაყვანა მოხდა, თუმცა ადგილზე კვლავ წარმოდგენილი იყო საოკუპაციო ძალების შესაძლებლობათა 50%-ზე მეტი.

ამასთან, როგორც სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილემ ალექსი ბატიაშვილმა პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, გასული წლის განმავლობაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე განთავსებულ რუსულ საოკუპაციო ბაზებზე უწყვეტად გრძელდებოდა უკანონო სამხედრო წვრთნები, მიმდინარეობდა გეგმური როტაციები, შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკური საშუალებების განახლება და ადგილი ჰქონდა სხვა უკანონო აქტივობებს.

სუს-ის შეფასებით, საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის ძირითად საფრთხეს კვლად რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია წარმოადგენს.

„2022 წელს რუსეთის მიერ განხორციელებულმა სამხედრო აგრესიამ რეგიონში გეოპოლიტიკური კრიზი შექმნა და რეგიონის არაერთი ქვეყანა, მათ შორის საქართველო ურთულესი გამოწვევების წინაშე დააყენა. შექმნილმა ვითარებამ კიდევ უფრო მეტად გამოკვეთა ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული ეგზისტენციალური საფრთხეები.

საქართველოსთვის და სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის უმნიშვნელოვანეს გამოწვევად რჩებოდა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის პერიოდულად მიმდინარე შეიარაღებული დაპირისპირებები და მათი შესაძლო გამწვავების რისკი“, – განაცხადა ალექსი ბატიაშვილმა.

ამავე ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ეთნიკური ქართველების მიმართ საოკუპაციო ძალის მხრიდან ხორციელდებოდა ეთნიკური დისკრიმინაცია და მათი ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვა, ხოლო საერთაშორისო ორგანიზაციებს გასული წლების მსგავსად კვლად არ ჰქონდათ ოკუპირებულ რეგიონებში შესვლისა და მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა.

სუს-ის ინფორმაციით, რუსეთში გამოცხადებული სამხედრო მობილიზაციის პირობებში ხორციელდებოდა ოკუპირებულ ცხინვალში მცხოვრები მოსახლეობის კონტროლი. აღნიშნულთან დაკავშირებით რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის როკის მონაკვეთზე სამხედრო გაწვევის პუნქტი ამოქმედდა.

ამასთან დღეს 7 ივლისს, დილით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარე ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს 6 მოქალაქე უკანონოდ დააკავეს.

ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ ალექსი ბატიაშვილმა პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს 6 მოქალაქის დაკავება უკვე დადასტურებულია, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ჩართული არიან საერთაშორისო პარტნიორები.

სოფელი მეჯვირსხევი ოკუპირებულ სოფელ ღრომს ესაზღვრება, სადაც რუსეთის საოკუპაციო ბაზაა განთავსებული.

მედიის ინფორმაციით, მეჯვრისხევის მცხოვრებლები სოფლის განაპირას ქეიფის დროს დააკავეს. ისინი ჯერ ღრომის საოკუპაციო ბაზაზე, იქიდან კი ცხინვალში გადაიყვანეს.

სუს-ის ინფორმაციით, 2022 წელს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით უკანონოდ დააკავეს – 44, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით 13 პირი, ალექსი ბატიაშვილის თქმით, ამჟამად გააქტიურებულია ცხელი ხაზი, ჩართულები არიან საერთაშორისო პარტნიორები. „დადასტურებულია უკვე მათი დაკავება და ველოდებით მოვლენების შემდგომ განვითარებას. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ადამიანები რაც შეიძლება მალე დაუბრინდნენ თავიან ოჯახებს“,- განაცხადა ალექსი ბატიაშვილმა.

ოპოზიციამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშის წარდგენისად ნახა, რომ სამსახური გამართულია და ყველა იმ ფუნქციის შესრულებას უზრუნველყოფს, რისთვისაც ეს უწყება არსებობს – რა საკვირველია, ამ სხდომიდან ოპოზიცია კმაყოფილი ვერ გავიდოდა , – ეს შეფასება ჟურნალისტებთან ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ გააკეთა

სარჯველაძის თქმით, სუს-ი ქვეყნის დაცვას ახორციელებს და დღევანდელი სისტემა ნებისმიერ გამოწვევასთან გამკლავებას უზრუნველყოფს.

“ოპოზიცია სხდომაზე რისთვისაც შემოვიდა, რომ სხდომიდან ისეთი შეფასებები გაეტანათ, რომ თითქოს და, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პოლიტიკური ბერკეტია, რეალურად, ამისთვის ვერავითარი დასაყრდენი ვერ ნახეს. განხილვის პროცესში არც ერთი ისეთი ფრაგმენტი არ ყოფილა, რითაც მათ შეეძლებოდათ, მათ მიერვე წინასწარ გამზადებული დასკვნები და “მესიჯები” გაემყარებინათ.

აქედან გამომდინარე, რა საკვირველია, ოპოზიცია ამ სხდომიდან კმაყოფილი ვერ გავიდოდა, რადგან მათთვის ხელსაყრელი ვერაფერი ნახეს”, – განაცხადა ჟურნალისტებთან მიხეილ სარჯველაძემ.

სუს-ის ყოველწლიურ ანგარიშს დღეს პარლამენტში – თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მოუსმინეს.

მეჯვრისხეველების დაკავებამდე ცხინვალის ციხესა და იზოლატორში საქართველოს 8 მოქალაქე იმყოფებოდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button