მნიშვნელოვანისაქართველო

ანგელა მერკელის 2 დღიანი ვიზიტი დაიწყო

გერმანიის კანცლერი თბილისშია. ანგელა მერკელს აეროპორტში საგარეო საქმეთა მინისტრი, საქართველოს ელჩი გერმანიაში და გერმანიის ელჩი საქართველოში დახვდნენ.

ახლა მერკელი პრემიერ მინისტრს მამუკა ბახტაძეს ხვდება. შეხვედრების დასრულების შემდეგ ცნობილი გახდება ანგელა მერკელის ვიზიტის მთავარი გზავნილები. კანცლერი, პრემიერთან ერთად მთავრობის ადმინისტრაციაში გამართავს ერთობლივ პრესკონფერენციას.

ანგელა მერკელი შეხვედრებს თბილისში ვიზიტის მეორე დღეს, 24 აგვისტოსაც გამართავს, მათ შორის დაგეგმილია გერმანიის კანცლერის შეხვედრები ოპოზიციის წარმომადგენლებსა და სწავლება „ღირსეული პარტნიორის“ მონაწილე გერმანელ ჯარისკაცებთან.

მერკელი შეხვდება პრეზიდენტსაც. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამბობენ, ვიზიტის ერთ-ერთი უმთავრესი თემა უსაფრთხოების პრობლემები და ოკუპირებული ტერიტორიები იქნება. შეხვედრის დროს ასევე განიხილება პოლიტიკური დღის წესრიგის ყველა ის საკითხი, რაც საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში დაეხმარება.
გარდა ამისა, დაგეგმილია შეხვედრა სტუდენტებთან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
გერმანული მედიის ცნობით, საქართველოს მიმართ სოლიდარობას გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში დაღუპულ მეომართა მემორიალის გვირგვინით შემკობით გამოხატავს.
ქართული მხარისთვის გერმანიის კანცლერთა მოლაპარაკების მთავარი თემები ოკუპაცია და ევროსტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციაა.

„ის ფაქტი, რომ გერმანიის კანცლერი მიდის საოკუპაციო ხაზთან, კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ გერმანიისთვის კატეგორიულად მიუღებელია ოკუპაცია, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განუცხადა.

როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, სერიოზული გეოპოლიტიკური პრობლემების ფონზე, რომლის წინაშეც არის დღეს თანამედროვე მსოფლიო საზოგადოება, გერმანიის კანცლერი მოდის საქართველოში, რაც არის სერიოზული გზავნილი, პირველ რიგში, საქართველოს მხარდაჭერის.

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის მოადგილე გიგა ბოკერია, კანცლერის ვიზიტს აფასებს. „ევროპული საქართველოს“ წევრი იმ საკითხებზე საუბრობს, რომლებსაც ისინი ანგელა მერკელთან შეხვედრს დროს დააყენებენ. მათ შორის შიდა დემოკრატიის გამოწვევის საკითხებსაც. ბოკერიას განცხადებით, გერმანიის კანცლერის ვიზიტი საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა და ქვეყანამ ეს უნდა გამოიყენოს.

ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტს საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი, ბათუ ქუთელია გამოეხმაურა. მისი თქმით, კარგი იქნება, რომ ახალი უფრო მკაფიო გზავნილები გაჟღერდეს, ფართო საზოგადოებისთვის, მათ შორის ვლადიმერ პუტინისთვისაც.

მსგავსი პოსტები

Back to top button