მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ავსტრიამ ქვეყნის დატოვება მოსთხოვა რუსეთის ოთხ დიპლომატს

ავსტრიამ ქვეყნის დატოვება მოსთხოვა რუსეთის ოთხ დიპლომატს. სამი მათგანი ავსტრიის დედაქალაქში, ვენაში, მოსკოვის საელჩოში მსახურობდა, ერთი – რუსეთის გენერალურ საკონსულოში, ზალცბურგში. ოთხივეს ჩამოერთვა დიპლომატიური სტატუსი, განაცხადა ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ალექსანდერ შალენბერგის წარმომადგენელმა.

ევროკავშირის სხვა წევრებისგან – საფრანგეთის, იტალიის და გერმანიისგან განსხვავებით, ავსტრიის მთავრობის წარმომადგენელს არ უთქვამს, რომ ქვეყნიდან დიპლომატების გაძევების გადაწყვეტილება იმის გამოა მიღებული, რომ რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და მისმა არმიამ იქ სისასტიკე ჩაიდინა.

შესაბამის დიპლომატებს მოსთხოვეს, 12 აპრილამდე დატოვონ ქვეყანა. მიზეზად ვენა ასახელებს დიპლომატების ქმედებებს, რომლებიც შეუთავსებელია მათ სტატუსთან.

ამ კვირაში ევროკავშირის ქვენებმა გააძევეს რუსი დიპლომატები რუსეთის ჯარის მიერ უკრაინის ქალაქ ბუჩაში ჩადენილი სისასტიკის შესახებ ინფორმაციის გავრცელების გამო საყოველთაო აღშფოთების ფონზე. კრემლმა, ისე რომ დასტური არ წარმოუდგენია, გამოაცხადა, რომ ბუჩაში მომხდარი სიყალბეა.

ბოლო წლების ერთ-ერთი უდიდესი დიპლომატიური ჩავარდნის შედეგად, 206 რუსი დიპლომატი და საელჩოების თანამშრომელი იქნა გაძევებული იტალიიდან, საფრანგეთიდან და სხვა ქვეყნებიდან. მანამდე, უკრაინაში 24 თებერვალს რუსეთის არმიის შეჭრის შემდეგ, რუსეთის ასამდე წარმომადგენელი გააძევეს სხვადასხვა ქვეყნიდან.

გარდა ავსტრიისა ავსტრალიამ დღეს ახალი სანქციები გამოაცხადა, რომელიც 67 რუს ოფიციალურ პირს ეხება. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, სანქცირებული „ფიზიკური პირებისა და სუბიექტების“ ჯამური რაოდენობა დაახლოებით 600-მდეა.

უახლესი სანქციები შეეხება ცნობილ რუს ბიზნესმენებს, მაღალჩინოსნებსა და სამხედროებს, მათ შორის რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერ დმიტრი გრიგორენკოს, ეკონომიკის მინისტრ მაქსიმ რეშეტნიკოვს და რუს პოლიტიკოსს ალექსანდრე ბაბაკოვს.

ამავე სასანქციო სიაში მოხვდა გენერალ-პოლკოვნიკი მიხაილ მიზინცევი, რომელიც უდანაშაულო მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმებზეა პასუხისმგებელი, მათ შორის მარიუპოლში თეატრის დაბომბვაზე.

„სანქციების ეს ბოლო რაუნდი რუსეთის მიერ ბუჩასა და კიევის გარშემო სხვა ქალაქებში ჩადენილი ომის დანაშაულების მტკიცებულებების გამოვლენას მოჰყვა“, – ნათქვამია ავსტრალიის საგარეო უწყების განცხადებაში და ხაზგასმულია, რომ ოფიციალური კანბერა უმკაცრესად გმობს ამ სისასტიკეს.

“საშინელება, თითქმის ენით აუწერელია და ჩვენ ამას ყოველდღე ვხედავთ. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ავსტრალიელებს შეუძლიათ იამაყონ იმ ძალისხმევით, რომელსაც ჩვენი ქვეყანა აკეთებს უკრაინის მხარდასაჭერად”, – განუცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მარის პეინმა ერთ-ერთ ადგილობრივ რადიოსადგურს.

მსგავსი პოსტები

Back to top button