დამტკიცდა მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის გეგმა.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი (ICRC) აცხადებს, რომ უკრაინელი და რუსი ოფიციალური პირების მიერ “უმაღლეს დონეზე” დამტკიცდა მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის გეგმა.
ორგანიზაცია იმედოვნებს, რომ ევაკუაცია პარასკევს განხორციელდება და გეგმავს 54 უკრაინული ავტობუსისა და კერძო მანქანების გაგზავნას ალყაში მოქცეულ ქალაქში. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის თქმით, მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის გეგმა უკრაინისა და რუსეთის ოფიციალურ პირებთან შეთანხმებით განხორციელდება.
გეგმაში ზუსტად იქნება გაწერილი, მარშრუტი, ევაკუაციის დაწყების დრო და მიმდინარეობის პერიოდი, რომელსაც ორივე მხარე უნდა დაეთანხმოს.
კოლონების ზუსტი დანიშნულება ჯერ გადაწყვეტილი არაა, მაგრამ ცნობილია, რომ მოსახლეობას უკრაინის ტერიტორიაზე გაიყვანენ და არა სხვა რომელიმე ქვეყნის.
“ძალიან მნიშვნელოვანია ევაკუაციის ოპერაციის განხორციელება. ამაზეა დამოკიდებული მარიუპოლში ათიათასობით ადამიანის სიცოცხლე”. – ამბობს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი.
მათივე განცხადებით, ჰუმანიტარული დახმარების შეტანაზე ნებართვა არ მიუღიათ, ამიტომ ისინი მარაგების გარეშე მიდიან.
შეგახსენებთ, რომ რუსულმა ძალებმა ცენტრალურ მარიუპოლში წითელი ჯვრის საწყობზე მინიმუმ 2 სამხედრო შეტევა მიიტანეს.
უკრაინის სახალხო დამცველმა ლუდმილა დენისოვამ მსოფლიო საზოგადოებას შენობის დაბომბვის დაგმობისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ეს რუსეთის არმიის მიერ ჩადენილი კიდევ ერთი ომის დანაშაულია, რაც 1949 წლის ჟენევის კონვენციას არღვევს.
ცნობისთვის, მარიუპოლი ორ კვირაზე მეტია რუსეთის ალყაშია და ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე დგას. ქალაქში დაახლოებით 100 000 მოქალაქეა ჩარჩენილი, შენობების უმრავლესობა განადგურებულია, არის სასმელი წყლისა და საკვების დეფიციტი.