მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთი საქართველოსა და ოკუპირებულ ტერიტორიებს შორის ურთიერთობების აშენების მომხრეა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოს, აფხაზეთსა და ცხინვალს შორის დიალოგისთვის საჭირო “მექანიზმები არსებობს”, რომელშიც რუსეთიც მონაწილეობს.

ლავროვის თქმით, რუსეთი საქართველოსა და ოკუპირებულ ტერიტორიებს შორის ურთიერთობების აშენების მომხრეა.
ლავროვი აცხადებს, რომ დასავლური ქვეყნები და ინსტიტუტები ჟენევის ფორმატის უკრაინაში მიმდინარე მოვლენების “მძევლად ქცევას” ცდილობენ, რაც მისი აზრით, “პოლიტიკური წყენებითა და კაპრიზებითაა განპირობებული”.„ჩვენ მომხრე ვართ, აფხაზეთმა და სამხრეთ ოსეთმა ააშენონ ურთიერთობები საქართველოსთან. არის დიალოგის მექანიზმები, რომლებშიც ჩვენც ვმონაწილეობთ.
საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ე.წ ჟენევის მოლაპარაკებებში ახლა დასავლელი მონაწილეები – ესენი არიან ევროკავშირი, გაერო, ეუთო და აშშ – როგორღაც ცდილობენ რომ დიალოგის ეს ფორმატიც იმის მძევლად აქციონ, რაც ახლა უკრაინის გარშემო ხდება. ვფიქრობ, ეს ვულგარულია, არაპროფესიონალური. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი კონკრეტულ დავალებებს ასრულებენ კონკრეტულ რეგიონში, რაც მათი პოლიტიკური წყენებითა და კაპრიზებითაა განპირობებული“ – განაცხადა ლავროვმა.

გარდა ამისა მან სანქციებსაც გაუსვა ხაზი. ვხედავთ, რომ საქართველო, მსოფლიოს სხვა ქვეყნების მსგავსად, დასავლეთის მხრიდან ზეწოლას განიცდის, რომელიც ღიად და ურცხვად მოითხოვს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან მიერთებას. ამ პატარა ქვეყანას და მის მთავრობას აქვს გამბედაობა თქვას, რომ ისინი საკუთარი ინტერესებით, ეკონომიკური ინტერესებით, იხელმძღვანელებენ, ეს შექებას იმსახურებს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე, „ალტ-ინფოს“ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

ლავროვის თქმითვე, ის ბედნიერია, რომ ხალხთაშორის პირად დონეზე კონტაქტები აქტიურად ვითარდება საქართველოსთან.
ლავროვი იმედს გამოთქვამს, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი საჰაერო ავიამიმოსვლა მალე აღდგება.

„მოხარული ვარ, ვნახო, რომ საქართველოსთან ხალხს შორის კონტაქტი პირად დონეზე აქტიურად ვითარდება. გასულ წელს საქართველოს მშპ 10%-ით გაიზარდა დიდწილად რუსეთთან ტურისტული და სავაჭრო ურთიერთობის გამო. ვიმედოვნებ, რომ ძალიან მალე პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას შევძლებთ”, – აღნიშნა ლავროვმა.

რუსეთის პირველმა დიპლომატმა “ტრადიციული ღირებულებების დაცვის გამო”, პატივისცემა გამოხატა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ.

მისივე განცხადებით, ქართველ ხალხთან რუსეთს არავითარი პრობლემა აქვს.

„დიახ, იყო 2008 წლის ისტორია, რომელშიც ისევ და ისევ ნატომ ითამაშა თავისი როლი, როდესაც აპრილში, ნატო-ს ბუქარესტის სამიტზე დეკლარაცია მიიღეს, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ საქართველო და უკრაინა ნატოში გაწევრიანდებიან. სააკაშვილს ემოციები „გაექცა“ და გადაწყვიტა, რომ ეს ინდულგენციაა. იქვე, კონდოლიზა რაისი ცხინვალისა და მშვიდობისმყოფელების პოზიციების დაბომბვის ბრძანების გაცემამდე ერთი თვით ადრე ჩავიდა. უკრაინელებს ცოტა მეტი დრო დასჭირდათ, რათა ბუქარესტის იმპულსს იმ ადამიანების ცნობიერებამდე მიეღწია, ვინც თავის ტერიტორიიდან ყველაფერი რუსულის განდევნა გადაწყვიტა“, – აღნიშნა ლავროვმა.

ლავროვის განცხადება ქვეყნისთვის უკიდურესად დამამცირებელი და ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციის შემლახველი იყო. ფაქტობრივად, მან გამოაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება მხარს უჭერს უკრაინასთან ომში რუსეთს, – ამის შესახებ პარტია ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა, რითაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა საქართველოსთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ,,საქართველოს ხელისუფლება სანქციებში არ ჩართვის გამო შეაქო და საჩუქრად ავიარეისების აღდგენაც კი დააანონსა”.

,,სერგეი ლავროვის განცხადება ქვეყნისთვის უკიდურესად დამამცირებელი და ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციის შემლახველი იყო. ფაქტობრივად, მან გამოაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება მხარს უჭერს ომში რუსეთს. სანქციებში არ ჩართვის გამო შეაქო და საჩუქრად ავია რეისების აღდგენაც კი დააანონსა. აი, აქამდე მივიდა საქმე. ეს ქვეყნისათვის ძალიან დამაზიანებელი იყო და კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რა ხელისუფლებასთან გვაქვს საქმე”,- განაცხადა გოცირიძემ.

ამასთან, რომან გოცირიძემ ამ კონტექსტში გაიხსენა „ხალხის ძალის“ წევრის, გურამ მაჭარაშვილის მიერ გუშინ, გაკეთებული განცხადებაც, რომლის თანახმადაც, ნატო და ევროკავშირი არ არის თვითმიზანი და თუ დაინახავენ, რომ სხვა მიმართულებით შეიძლება ქვეყნის გაერთიანება ან განვითარება, ამაზეც ისაუბრებენ.

გოცირიძის თქმით, ივანიშვილმა ე.წ. განდგომილთა ჯგუფს დაავალა, გამოიკვლიონ საზოგადოების განწყობები საქართველოს კურსთან დაკავშირებით.

ოპოზიციონერი დეპუტატი აცხადებს, რომ აღნიშნული ძალიან ძვირი დაუჯდება.

“შემდეგი განცხადებები ივანიშვილის ამ ლაქიებისა, რომ თურმე ნატო და ევროკავშირი მაინცდამაინც არ ყოფილა მთავარი. ეს არის წარმოუდგენელი რამ, ასეთ განცხადებას ვერავინ გაბედავდა, თუნდაც ერთი თვის წინ. ბიძინა ივანიშვილმა უკვე დაავალა ზონდერობა თავის მორჩილ საპარლამენტო ე.წ. განდგომილთა ჯგუფს, რომ გამოიკვლიოს საზოგადოების რეაქცია იმასთან დაკავშირებით, თუ საქართველო ზურგს აქცევს ევროკავშირს და ნატოს, ანუ დაარღვევს კონსტიტუციას. აი, აქამდეც კი გათავხედდნენ. ბიძინა ივანიშვილს ძალიან ძვირი დაუჯდება. შეიძლება სანქციები საოცნებო გაუხდეს, თუკი არ შეეშვა საქართველოს რუსეთისკენ გადაქაჩვას და საუკუნოვანი ქართველი კაცის ოცნების წინააღმდეგ წასვლას”, – განაცხადა გოცირიძემ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით გამოწვეულ შეფასებებს ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე „ფეისბუკის” ოფიციალურ გვერდზე გამოეხმაურა. დეპუტატი პოლიტიკურ ოპონენტებს ადანაშაულებს, ლავროვის განცხადების „ქართული ოცნების” წინააღმდეგ გამოყენებაში.

„რა კითხვას დასვამს „ალტ-ინფო” და რას უპასუხებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – ამაზე აქვთ აგებული ხელისუფლების საწინააღმდეგო, დაზეპირებული კამპანია იმ ადამიანებს, რომლებმაც:

რუსეთს – გაუფორმეს საქართველოს 20%-მდე ტერიტორია!
რუსეთს – ხელი მოუწერეს ომის დაწყებაზე და ომის დანაშაულზე!
რუსეთს – მიყიდეს საქართველოს უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ობიექტები!
რუსეთს – მხარი დაუჭირეს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად მაშინ, როდესაც საქართველოს ხმა იყო გადამწყვეტი.
რუსეთს – ცალმხრივად გაუუქმეს სავიზო რეჟიმი!
რუსებს – პირადად ხვდებოდნენ ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე და „აპიარებდნენ” ამ ამბავს!
რუსეთსაც – გაუწიეს ანგარიში საქართველოში კონტრაბანდულად შემოპარვისას!
რუსეთთან – არ დაწვეს ხიდები სხვა მიმართულებებიდან პირდაპირი დავალებების შესრულების მიუხედავად!
რუსებისგან – იღებენ შემოსავალს, – ქირას თუ დაფინანსებას პირდაპირ ფედერალური ბიუჯეტიდანაც კი!
ერთადერთი, რასაც ისინი რუსეთის წინააღმდეგ აკეთებენ, ეს მხოლოდ ისტერიული ლაპარაკი და ლანძღვა-გინებაა!
პ. ს. რუსეთისგან – არ უნდათ სანქციების მოხსნა ფრენებზე, რომელიც მილიონამდე ჩვენი თანამემამულისთვის დიდი შეღავათი იქნება!

საბედნიეროდ ქართული საზოგადოების უდიდეს უმრავლესობას ის ადამიანები შეადგენენ, ვისი მოტყუებაც შეუძლებელია!..” – წერს მამუკა მდინარაძე.

მსგავსი პოსტები

Back to top button