პრეზიდენტი „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონს ვეტოს დაადებს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი ვეტოს დაადებს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას “შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” კანონის პრეზიდენტის ხელმოწერის გარეშე დასამტკიცებლად გაგზავნის შესახებ, რასაც მოგვიანებით ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ და უმრავლესობის დეპუტატმა თენგიზ შარმანაშვილმა ხუმრობა უწოდეს. პრეზიდენტმა აღნიშნულ განცხადებებს “არასერიოზული და ცინიკური” უწოდა და აღნიშნა, რომ “კანონს, რომელიც ზღუდავს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, ვეტოს დაადებს.”
“საპარლამენტო უმრავლესობის არასერიოზული და ცინიკური განცხადებები საზოგადოების უპატივცემულობაა.
როგორც 2022 წლის 22 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, ის გამოიყენებს ვეტოს უფლებას, ყველა იმ კანონთან მიმართებით, რომელიც ეწინააღმდეგება ქვეყნის დემოკრატიულ მშენებლობას და ევროკავშირის რეკომენდაციების სულისკვეთებას.
შესაბამისად, პრეზიდენტი “შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” კანონს, რომელიც ზღუდავს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, ვეტოს დაადებს,” – წერს პრეზიდენტი facebook-ზე.
მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები ძალაში რომ შევიდეს, მას სჭირდება პრეზიდენტის ხელმოწერა. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტის მიერ მიღებული კანონი 10 დღის ვადაში გადაეცემა საქართველოს პრეზიდენტს. ის 2 კვირის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს კანონს ან მოტივირებული შენიშვნებით უბრუნებს პარლამენტს (ვეტოს ადებს).
პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა სჭირდება.
პრეზიდენტის ადმინისტრაცია აგრეთვე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კობახიძისა და ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის კომენტარებს, რომლებიც ეხებოდა საკანონმდებლო ცვლილების ძალაში შესვლის პროცედურას.
„საპარლამენტო უმრავლესობის არასერიოზული და ცინიკური განცხადებები საზოგადოების უპატივცემულობაა”, – აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
„ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელმაც საზოგადოებაში გაურკვევლობა გამოიწვია, მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა. მან თქვა, რომ კობახიძემ იხუმრა.
ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის” შეკითხვას უპასუხა, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებები პრეზიდენტთან არ გაიგზავნება და მისი ხელმოწერის გარეშე შევა ძალაში.
„გადავწყვიტეთ, შეკრებების შესახებ კანონში ცვლილებები არ გავუგზავნოთ პრეზიდენტს ხელმოსაწერად, რადგან ეს კანონი პარლამენტმა არა საქართველოს კონსტიტუციის 45-46-ე მუხლების, არამედ 36-ე მუხლის საფუძველზე მიიღო. შესაბამისად, კანონი პრეზიდენტის ხელმოწერის გარეშე, დაუყოვნებლივ შევა ძალაში“, – თქვა კობახიძემ.
მდინარაძის თქმით, ეს განცხადება იყო ხუმრობა, რომელიც „ქართული ოცნების” ოპონენტებმა ვერ გაიგეს.
„მარტივად რომ ავხსნათ, რასაც წინა პერიოდის განმავლობაში ოპოზიცია, პრეზიდენტი და მისი წარმომადგენლები ამტკიცებდნენ საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე სამი დღის განმავლობაში, ირაკლი კობახიძის ერთი ანალოგიური განცხადება იყო გაკეთებული და სოციალური ქსელები ჩამოიქცა, სერიოზული კომენტარები აკეთეს. ასეთი მარტივი მხილება მართლა შეუძლებელი მეგონა. ერთი მარტივი ხუმრობით მათი იურისპუნდენცია, განსწავლულობა, კვალიფიკაცია, აღქმა ყველაფერი ეჭვის ქვეშ დადგა”, – მდინარაძის კომენტარს „პირველი არხი” აქვეყნებს. მან დაამატა: „ერთი მარტივი ხუმრობით ოპოზიცია, პრეზიდენტი და მისი წარმომადგენლები ზუსტად ნახევარ საათში ჩამოიშალნენ”.
„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” კანონში ცვლილებები პარლამენტმა 5 ოქტომბერს მიიღო. საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ, დემონსტრანტებს ეკრძალებათ „დროებითი კონსტრუქციების” მოწყობა. თუკი, აკრძალვის მიუხედავად, ისინი მაინც დადგამენ კარავს ან ააწყობენ სცენას, პოლიციას შეეძლება მათი როგორც ადმინისტრაციული წესით დაჯარიმება (500-დან 5000 ლარამდე) და დაპატიმრება (15 დღემდე ვადით), ასევე „სამართალდარღვევის” საგნის კონფისკაცია.
მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები ძალაში რომ შევიდეს, მას სჭირდება პრეზიდენტის ხელმოწერა. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტის მიერ მიღებული კანონი 10 დღის ვადაში გადაეცემა საქართველოს პრეზიდენტს. ის 2 კვირის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს კანონს ან მოტივირებული შენიშვნებით უბრუნებს პარლამენტს (ვეტოს ადებს).
პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა სჭირდება. საკანონმდებლო ცვლილებებს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად მიიჩნევს არასამთავრობო სექტორი, მმართველი პარტია კი მის აუცილებლობას ასაბუთებს სუსის განცხადებით, რომლის მიხედვითაც, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გადატრიალება მზადდება.
საკანონმდებლო ცვლილებები უარყოფითად შეაფასა სახალხო დამცველმაც. ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ სახეზეა გამოხატვის/შეკრების თავისუფლებაში ინტენსიური ჩარევა, რომელიც ზღუდავს აზრის გამოხატვას დროებითი კონსტრუქციების (მაგალითად, კარვის) გამოყენებით.
“მოგმართავთ თხოვნით, დემოკრატიული სისტემიდან გასულ ამ კანონპროექტს დაადოთ ვეტო”, – ამის შესახებ სამოქალაქო მოძრაობების მიერ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისთვის გაგზავნილ ღია წერილშია საუბარი.
სამოქალაქო მოძრაობების ღია წერილი საქართველოს პრეზიდენტს ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს
ქალბატონო სალომე,
საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული პროცედურის გავლით, საზოგადოებრივი ჯგუფების პროტესტის ფონზე, პროფესიული აზრის წინააღმდეგობის მიუხედავად, მესამე მოსმენით უკვე მიიღო ადამიანის ფუნდამენტური უფლებების შემზღუდავი კანონი.
შემოთავაზებული ნორმა უხეშად ერევა კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებაში და საკონსტიტუციო დანაწესის იგნორირებით ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას; კანონის ძალაში შესვლის შემთხვევაში, ძალოვან სტრუქტურებს მიეცემათ საშუალება დაუსაბუთებლად, ნებისმიერ დროს შეზღუდონ გამოხატვის თავისუფლება, ამასთან, ჩვენი კონსტიტუციური უფლებების პრაქტიკის გამო, დაგვაკისრონ მძიმე პასუხისმგებლობა, რიგ შემთხვევებში, თავისუფლების შეზღუდვის ფორმითაც.
ხელისუფლების მორიგი მცდელობა, ლეგიტიმაცია შესძინოს რუსეთსა და სხვა ტოტალიტარულ ქვეყნებში მოქმედი რეჟიმებისთვის დამახასიათებელ, ანტიდემოკრატიულ შეზღუდვებს, კიდევ უფრო მწვავე საფრთხის ქვეშ დააყენებს საქართველოს ევროპასთან ასოცირების პერსპექტივას, განსაკუთრებით დღეს, გადამწყვეტ, გზაგასაყარ მომენტში, როცა ქვეყანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოლოდინშია.
მოგმართავთ თხოვნით, კვლავ დადგეთ კონსტიტუციური წესრიგისა და თქვენი მოქალაქეების უფლებების დაცვის სადარაჯოზე და დემოკრატიული სისტემიდან გასულ ამ კანონპროექტს დაადოთ ვეტო.
წერილის ხელმომწერი სამოქალაქო აქტივისტები, გავაგრძელებთ მცდელობებს კანონპროექტის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისა და საზოგადოებრივი ჯგუფების გააქტიურების, მათი მობილიზების მიმართულებით, – ნათქვამია ღია წერილში.
ღია წერილს ხელს აწერენ სამოქალაქო მოძრაობები:
ტალღა
ჯიუტი
სტუდენტები ევროპული მომავლისთვის
დაფიონი
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “შეკრებისა და მანიფესტაციის კანონში” ცვლილებები მე-3 მოსმენით 5 ოქტომბერს მიიღეს.