მნიშვნელოვანისიახლეები

4-წლიანი შეუჩერებელი მუშაობის შემდეგ-საქართველოს განათლების მინისტრმა თანამდებობა დატოვა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა თანამდებობა დატოვა.

აღნიშნულის შესახებ მან სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ამილახვარმა აღნიშნა, კერძო სექტორში ბრუნდება და იქ გააგრძელებს საქმიანობას.

„მოგეხსენებათ, 2020 წელს შემოვუერთდი „ქართული ოცნების“ საპარლამენტო გუნდს და მას შემდეგ თავდაუზოგავად ვემსახურები ქვეყანას, ქართულ განათლებას პარლამენტში კომიტეტის თავმჯდომარის თუ მინისტრის რანგში. ამ ოთხი წლის განმავლობაში ბევრი ღირსეული ადამიანი გავიცანი, მათთან ერთად ბევრი რამ გავიარე და ერთად ბევრ მნიშვნელოვან შედეგსაც მივაღწიეთ, რაც მეამაყება. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ პოლიტიკაში მოსვლამდე საკმაოდ წარმატებით ვსაქმიანობდი ბიზნესში, კერძოდ, განათლების ბიზნესში. პრემიერ-მინისტრს და გუნდის ლიდერებს ვთხოვე, მოეცათ შესაძლებლობა, ოთხწლიანი შეუჩერებელი მუშაობის შემდგომ ისევ დავბრუნებულიყავი კერძო სექტორში და იქიდან გამეგრძელებინა ჩვენი გუნდის მხარდაჭერა. შესაბამისად, ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება, დავტოვო მინისტრის თანამდებობა. მინისტრის პოზიციას ვტოვებ არჩევნებამდე, რათა ახალ მინისტრს მივცე შესაძლებლობა, შემოვიდეს სამინისტროში და წარუძღვეს არჩევნებამდე. დიდი მადლობა პრემიერ-მინისტრსა და ჩვენი გუნდის ლიდერებს ამ ურთიერთგაგებისთვის. მსურს, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს გამოცხადებული ნდობისთვის. პოლიტიკა უმადური საქმეა და რა წნეხსაც ჩვენი ლიდერები ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე უანგაროდ უძლებენ, წარმოუდგენელია, ამიტომ საზოგადოებას მინდა ვთხოვო, გაუფრთხილდნენ მათ.

განათლების სისტემა ერთი დიდი ოჯახია, რომელიც ემსახურება ყველაზე მთავარს ამ ქვეყანაში, ჩვენი მომავალი თაობების აღზრდას და მათ განათლებაზე ზრუნვას. დიდი მადლობა ჩემს მოადგილეებს და მთლიანად სამინისტროს შემადგენლობას თანადგომისთვის, მხარდაჭერისთვის, მრავალი გათენებული ღამისთვის, ბრძოლისთვის და იმ დიდი რეფორმებისთვის, რაც ერთად განვახორციელეთ. ჩემთვის პატივი იყო თქვენთან ერთად ქვეყნისა და ქართული განათლების სამსახურში ყოფნა. განსაკუთრებულად ამაყი ვარ, რომ ერთად შევძელით და გავატარეთ ისეთი ფუნდამენტური, უმნიშვნელოვანესი რეფორმები, როგორებიცაა ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების ახალი დოკუმენტის შემუშავება, უპრეცედენტო სახელფასო მატება პედაგოგებისთვის, მასწავლებლის ეროვნული დღისა და პრემიის დაარსება, პროფესიული განათლების შეტანა სკოლებში, 100 სრულიად ახალი სკოლა მომავალ თაობას, კერძო-საჯარო პარტნიორობა პროფესიულ განათლებაში, გაორმაგებული სტიპენდია სტუდენტებისთვის, 27000 სტუდენტისთვის დავალიანების გაუქმება, ონლაინ განათლების რეფორმა და სხვა“, – განაცხადა ამილახვარმა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ყოფილმა მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა გადადგომის შემდეგ ჟურნალისტებთან, პედაგოგების ახალ სახელფასო სისტემაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ სამინისტროს ეს რეფორმა, მისი გადადგომის მიზეზი არ ყოფილა.

მისივე თქმით, ახალმა სახელფასო პოლიტიკამ, ყველა მასწავლებლის ხელფასი გაზარდა.

„ერთ-ერთი, რაც ჩემს გუნდთან ერთად გავაკეთე ეს არის მასწავლებლების ახალი სახელფასო პოლიტიკა, რომელმაც სრულიად ახლებურად, სწორი გადანაწილების პრინციპის საფუძველზე, ახალ სისტემას ჩაუყარა საფუძველი. შედეგად მივიღეთ, რომ პედაგოგებში კმაყოფილება, პედაგოგების 70%-ს ხელფასი მინიმუმ 500 ლარით, დანარჩენს 300-400 ლარით და მხოლოდ მცირე ნაწილს 5-7%-მდე მინიმუმ 200 ლარით გაეზარდათ ხელფასი. არცერთი პედაგოგი არ დარჩა სისტემაში, ვისაც ხელფასი არ გაზრდია. ამიტომ ეს ვერ იქნებოდა ჩემი გადადგომის მიზეზი, პირიქით, ბევრი მადლობაც მივიღეთ. პედაგოგებს სტატუსები, რაც ჰქონდათ ყველას შეუნარჩუნდათ. ჩვენ არავისთვის სტატუსი არ ჩამოგვირთმევია და არც მათი შრომა დაგვიკნინებია.

სახელმწიფო ბიუჯეტიდან 500 მილიონი ლარის გენერირება მოხდა, რომ ერთხელ და სამუდამოდ სწორ სახელფასო პოლიტიკაზე გადავსულიყავით.

ეს პროცესი, გადავიყვანეთ სხვა რელსებზე, თითოეულ მასწავლებელს ნდობა გამოვუცხადეთ და ღირსეული შრომის ანაზღაურება მივეცით“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

,,,,,,,,,,,,,,,,,,
გიორგი ამილახვარი განათლების მინისტრის თანამდებობაზე გასული წლის მარტში დაინიშნა. მანამდე, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს ხელმძღვანელობდა.

ცნობისთვის, საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრად გიორგი ამილახვარი 2023 წლის 20 მარტს დაინიშნა, ის იმჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა წარადგინა. ის ქართული ოცნებიდან X მოწვევის პარლამენტის დეპუტატი იყო.ამილახვარმა აღნიშნულ თანამდებობაზე მიხეილ ჩხენკელი შეცვალა.

მსგავსი პოსტები

Back to top button