მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ომის 606-ე დღე უკრაინაში-ოკუპანტების სამიზნე ხარკოვი გახდა

შეტევის მიუხედავად უკრაინის ჯარი წინ მიიწევს

ომის 606-ე დღე უკრაინაში – ოკუპანტების სამიზნე ხარკოვი გახდა. საფოსტო ოფისზე, სარაკეტო თავდასხმას 6 ადამიანი ემსხვერპლა, 16 კი დაშავდა. ვითარება რთულია ფრონტის ხაზზე, სადაც ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები გრძელდება.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში რუს და უკრაინელ სამხედროებს შორის 68 შეტაკება მოხდა. ყველაზე ცხელი წერტილი ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებია, სადაც ვითარება უკრაინული მხარის ინფორმაციით, კრიტიკულია.
პარალელურად, უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, მათი სამხედროები შეტევით ოპერაციებს განაგრძობენ ბახმუტისა და მელიტოპოლის მიმართულებებზე. ფრონტზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით რუსეთი ინფორმაციას არ ავრცელებს.
ხარკივის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ დაშავებულების ნაწილის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

“მედიკოსები ყველაფერს აკეთებენ ადამიანების გადასარჩენად. ეს სამოქალაქო ობიექტი იყო. რუსები აგრძელებენ ტერორ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ”, – განაცხადა სინეგუბოვმა.

უკრაინის ხელისუფლება კი ბრძოლას პოლიტიკურ ფრონტზეც განაგრძობს და მსოფლიოს სამხედრო დახმარების ახალ პაკეტებს სთხოვს. სწორედ ახალ დახმარებებზე ისაუბრა ქვეყნის პრეზიდენტმა ტრადიციულ ვიდეომიმართვაში. ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ს მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.
“პრეზიდენტ ბაიდენს გულწრფელ მადლობას გადავუხდი ამ მნიშვნელოვანი ნაბიჯისთვის. მომზადდა უკრაინის თავდაცვითი და ეკონომიკური მხარდაჭერის ახალი გრძელვადიანი პაკეტი, ჩვენი ხალხისა და თავისუფლების დასაცავად. მჯერა, რომ არა მხოლოდ უკრაინელები, არამედ ყველა თავისუფალი ერი მოელის ამერიკის ერთიანობას, ჩვენს მხარდაჭესათან დაკავშირებით. ამერიკის ლიდერობა მსოფლიოსთვის აუცილებელია. მადლობელი ვარ კონგრესის ორივე პარტიის, რომელსაც ეს ესმის და მხარს უჭერს ჩვენი ხალხის ბრძოლას დამოუკიდებლობისთვის,” – აცხადებს ვოლოდიმერ ზელენსკი.

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, უკრაინული ჯარები რაბოტინოს დასავლეთით დაწინაურდნენ.
“უკრაინული ჯარები რაბოტინოს დასავლეთით (ორეხოვოს სამხრეთით 10 კმ) დაწინაურდნენ. ამასთან, უკრაინელი სამხედროები აგრძელებენ კონტრშეტევით ოპერაციებს ბახმუტთან და ზაპოროჟიეს რეგიონის დასავლეთით.
ერთ-ერთი რუსი სამხედრო კორესპონდენტი ირწმუნება, რომ უკრაინული ძალები ნოვოფედოროვკადან დასავლეთით (ორეხოვოს სამხრეთ-აღმოსავლეთით 21 კმ) დაწინაურდნენ და დასახლებიდან 6 კილომეტრის დაშორებით იმყოფებიან”, – აცხადებს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, რუსმა სამხედროებმა რაბოტინოს მახლობლად უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმები მოიგერიეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, უკრაინელი სამხედროები ბახმუტის მიმართულებით წინ მიიწევენ. მათივე ინფორმაციით, რუსი ოკუპანტები ყველაზე აქტიურად უტევენ კუპიანსკს, ლიმანს, ავდეევკასა და მარინკას, თუმცა უშედეგოდ.

“ოკუპანტებმა ყველაზე აქტიურად შეუტიეს კუპიანსკს, ლიმანს, ავდეევკასა და მარინკას. ამასთან, უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ შეტევით ოპერაციებს დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტის სამხრეთით.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, მტერთან 80-ზე მეტი საბრძოლო შეტაკება მოხდა. ლიმანის მიმართულებით მტრის 10-ზე მეტი თავდასხმა მოვიგერიეთ უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ შეტევით ოპერაციებს დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტის სამხრეთით”, – აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.
გარდა ამისა, უწყების ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ შეტევითი ოპერაციის ჩატარებას მელიტოპოლის მიმართულებით, ზარალს აყენებენ საოკუპაციო ძალებს ცოცხალი ძალითა და აღჭურვილობით.
გენშტაბი ამბობს, რომ რუსეთი ისევ ცდილობს ალყაში მოაქციოს ავდეევკა, მაგრამ უკრაინელი სამხედროები მტკიცედ იცავენ პოზიციას და მნიშვნელოვან ზარალ აყენებენ მტერს.

უკრაინის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 293 830 ჯარისკაცი დაკარგა. გენერალური შტაბი აცხადებს, რომ უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

მსგავსი პოსტები

Back to top button