მნიშვნელოვანისიახლეები

პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვას იწყებს

პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვას იწყებს, რომელიც პარლამენტის მიერ გენერალური პროკურორის კვალიფიციური უმრავლესობით არჩევას ითვალისწინებს.
კონსტიტუციურ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს. 18 ოქტომბერს კი განსახილველად პლენარულ სხდომაზე გავა.

პროექტი უმრავლესობის დეპუტატების მიერ არის ინიცირებული და ზედმიწევნით იმეორებს გენერალური პროკურორის არჩევის ახალი წესის თაობაზე 2021 წლის 29 ივნისს ინიცირებული კონსტიტუციური კანონის პროექტის ტექსტს.

პროექტის თანახმად, მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტი გენერალურ პროკურორს სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით აირჩევს. იმ შემთხვევაში კი, თუ პარლამენტი სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით გენერალურ პროკურორს ორჯერ ვერ აირჩევს, პარლამენტი გენერალურ პროკურორს სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს. სრული შემადგენლობის უმრავლესობით არჩეული გენერალური პროკურორის უფლებამოსილების ვადაა ერთი წელი.

როგორც მმართველ გუნდში განმარტავენ, აღნიშნული ინიციატივის წარმოდგენა საქართველოს მიერ ევროკავშირის მიმართ ნაკისრი ვალდებულებისა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის საქართველოსთვის მინიჭების ერთ-ერთი პირობის შესრულებას ემსახურება. კონსტიტუციურ კანონში ცვლილებებს პირველი მოსმენით ხვალვე ეყრება კენჭი.

დღეს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კენჭი უყარეს საქართველოს კონსტიტუციურ კანონის პროექტს „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“.

კონსტიტუციურ კანონის პროექტს მხარი დაუჭირეს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა, წინააღმდეგ მისცა ხმა ფრიდონ ინჯიამ. მოძრაობა „ხალხის ძალის“ წარმომადგენლებმა, გურამ მაჭარაშვილმა კი განაცხადა, რომ მისი პარტია იურიდიულ კომიტეტზე კანონპროექტს მხარს დათქმით უჭერს, მაგრამ სესიამდე კონსულტაციებს გაივლიან და შემდეგ გადაწყვეტენ დაუჭირონ თუ არა ცვლილებებს მხარი.

კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მაგრამ კანონპროექტს ეწინააღმდეგება ლევან იოსელიანი.

დღევანდელ განხილვას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ოპოზიციის ნაწილი არ დასწრებია.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას მიმართავს, 18 ოქტომბრის პლენარული სხდომის კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღონ, რათა პარლამენტმა კონსტიტუციურ კანონში ცვლილებების პროექტის მიღება შეძლოს.

საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით გადის.

პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ პროექტის მიღებას 113-ხმა სჭირდება.

“მინდა განსაკუთრებით ოპოზიციას მივმართო: – კონსტიტუციურ კანონში ცვლილებების პროექტს განვიხილავთ. იმისათვის, რომ პროექტი ერთი მოწვევის პარლამენტმა მიიღოს, 3/4-იანი უმრავლესობა – 113 ხმა სჭირდება. მივმართავ ოპოზიციას, პარლამენტის სხდომაზე შესაბამისად იყვნენ წარმოდგენილი, რათა შესაბამისი უმრავლესობის მოპოვება შევძლოთ. ვთხოვ ყველას, რომ ვიყოთ დარბაზში და ეს ცვლილება მივიღოთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე.

მსგავსი პოსტები

Back to top button