25 გატაცებული თანამოქალაქე მათგან 4 ამ დრომდე პატიმრობაში რჩება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ირაკლი ანთაძის განცხადებით, წლის განმავლობაში საოკუპაციო ძალებმა საქართველოს 25 მოქალაქე დააკავეს უკანონოდ და იყო ე.წ. ბორდერიზაციის 28 შემთხვევა- ასეთია საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარება და საგანგაშო სტატისტიკა.
ამის შესახებ ანთაძემ მედიასთან კომენტარში განაცხადა ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში მიმდინარე 114-ე შეხვედრის დაწყებამდე. მისი ინფორმაციით, ცხინვალის ციხეში უკანონო პატიმრობაში რჩება საქართველოს 4 მოქალაქე.
რაც შეეხება ერგნეთის წინა, 3 ივლისს გამართული შეხვედრიდან დღემდე არსებულ სტატისტიკას, ანთაძის თქმით, ამ პერიოდში დააკავეს საქართველოს 12 მოქალაქე, ყველა მათგანი ამჟამად თავისუფალია. ამ პერიოდში დაფიქსირდა უკანონო ე.წ ბორდერიზაციას 14 შემთხვევა.
ირაკლი ანთაძის თანახმად, ე.წ. ბორდერიზაციის შემთხვევების უმრავლესობა გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში იყო.
„უმრავლესი მათგანი უკავშირდება ე.წ. როგორც ისინი უწოდებენ, ხანძარსაწინააღმდეგო ხნულების გავლებას, რაც წარმოადგენს უკანონო დამატებით ბარიერს, რომელიც ზღუდავს თავისუფალ გადაადგილებას. ასევე იყო ლითონის ბოძების ჩარჭობის ფაქტი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის მიმდებარედ“, – ამბობს ირაკლი ანთაძე.
ანტისაოკუპაციო მოძრაობის ინფორმაციით კი, ოკუპანტები სამხედრო ინფრასტრუქტურის განახლებით არიან დაკავებული, მათ სოფელ საკორინთლოსთან სანგრები გათხარეს და საგუშაგო მოაწყვეს. ფორმიანები მშვიდობიან მოქალაქეებს ჩასაფრებებს უწყობენ და მათ გამოგონილი მიზეზებით აკავებენ.
დღეს ერგნეთში ასევე გაიმართება ტექნიკური შეხვედრა, რომელზეც საირიგაციო სეზონთან დაკავშირებით განიხილება სარწყავი წყლის მიწოდების საკითხი.
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის [IPRM] სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ამჯერადაც კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. მოლაპარაკებები თითქმის 7 საათის განმავლობაში გაგრძელდა. ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ე.წ. ბორდერიზაციისა და უკანონოდ დაკავების ფაქტები გააპროტესტეს.
ამ დროისთვის ცხინვალის ციხეში სულ 4 უკანონო პატიმარი იმყოფება, სუს-ის წარმომადგენლის თქმით, მათ ოჯახებს პოზიტიურ ინფორმაციას უახლოეს მომავალში გააცნობენ.
“დღეს განვიხილეთ წინა შეხვედრიდან დღემდე, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ დაფიქსირებული ყველა მნიშვნელოვანი ინციდენტი. უპირველეს ყოვლისა ეს ეხება უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენ თანამოქალაქეებს, ასევე უკანონო ე. წ. ბორდერიზაციის პროცესს. ცენტრალური ხელისუფლება გააგრძელებს აქტიურ ძალისხმევას, რათა ეს პროცესი, რომელიც უკიდურესად ართულებს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები ადგილობრივების ყოველდღიურ ყოფიერებას, შეჩერდეს და შეიცვალოს ჰუმანიტარული მიდგომებით, რაც არსებითად გაადვილებს მათ ცხოვრებას” – ამბობს ირაკლი ანთაძე
დღევანდელ შეხვედრაზე საოკუპაციო რეჟიმმა ისევ მოითხოვა ჩორჩანაში ქართული პოლიციის საგუშაგოს გაუქმება, რაზეც ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან უარი მიიღო. ერგნეთის მომდევნო შეხვედრა 1-ელ ნოემბერს ჩაინიშნა.
ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმი, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის ფორმატთან ერთად, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეიქმნა. თანათავმჯდომარეები არიან ევროკავშირის, ეუთოს და გაეროს სპეციალური წარმომადგენლები. შეხვედრებში მონაწილეობენ საქართველოს ხელისუფლების, აშშ-ის, რუსეთის და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები.