მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

პუტინმა და მარიონეტმა ლიდერებმა უკრაინის 4 რეგიონის ანექსიას ხელი მოაწერეს

კრემლში ვლადიმერ პუტინმა და სეპარატისტმა ლიდერებმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ „შეთანხმებებს“ ხელი მოაწერეს. არსებული ინფორმაციით, ეს უკრაინის ტერიტორიის 15%-ს შეადგენს.

უკრაინის რეგიონების ანექსიის ოფიციალურად გაფორმებამდე სიტყვით გამოსვლისას, პუტინმა განაცხადა, რომ რეფერენდუმები ჩატარდა და ადამიანებმა ე.წ. „დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკებში“, ასევე ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში გააკეთეს თავისი ცალსახა არჩევანი.

„დარწმუნებული ვარ, რომ ფედერალური კრება მხარს დაუჭერს კონსტიტუციურ კანონებს რუსეთში ოთხი ახალი რეგიონის, რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში ოთხი ახალი სუბიექტის მიღების შესახებ, რადგან ეს არის მილიონობით ადამიანის ნება და ეს, რა თქმა უნდა, არის მათი უფლება, მათი განუყოფელი უფლება, რომელიც გათვალისწინებულია გაეროს წესდების პირველ მუხლში“, – აღნიშნა პუტინმა.

პუტინთან ერთად, ე.წ. შეთანხმებების ხელმოწერის ცერემონიაში მონაწილეობდნენ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ლიდერი დენის პუშილინი, თვითგამოცხადებული ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ლიდერი ლეონიდ პასეჩნიკი, ოკუპირებული ზაპოროჟიეს ოლქის სეპარატისტი ლიდერი ევგენი ბალიცკი, ოკუპირებული ხერსონის ოლქის სეპარატისტი ლიდერი ვლადიმირ სალდო.

მანამდე, გვიან ღამით, რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას უკრაინის ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების „დამოუკიდებლობის“ აღიარების შესახებ.

ამასთან, დღეს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს საგანგებო სხდომას მართავს. როგორც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 28 სექტემბერს განაცხადა, რუსეთი მის მიერ 24 თებერვლის შემდეგ დაკავებულ უკრაინის ტერიტორიებზე ე.წ. რეფერენდუმების შედეგებს აღიარებს, მაშინ უკრაინას პუტინთან სალაპარაკო არაფერი ექნება.

„ჩვენ ვიმოქმედებთ ჩვენი ხალხის დასაცავად ხერსონის რეგიონში, ზაპოროჟიეს რეგიონში, დონბასში, ხარკოვის რეგიონის ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ყირიმში“, – განაცხადა ზელენსკიმ.

20 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ რუსეთი დონეცკისა და ლუჰანსკის ე.წ სახალხო რესპუბლიკებში, ასევე ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში 23-დან 27 სექტემბრამდე რეფერენდუმების ჩატარებას გეგმავდა.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 21 თებერვალს, უკრაინაში შეჭრამდე, ხელი მოაწერა ბრძანებებს დონეცკის და ლუჰანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ. ეს ორი სეპარატისტული სუბიექტი, რომელთა დაცვაც რუსეთმა აგრესიის საბაბად გამოიყენა, საერთაშორისო საზოგადოების მიერ არ არის აღიარებული.

დონეცკის და ლუჰანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების რუსეთთან შეერთების შესახებ “რეფერენდუმის” ჩატარების გეგმები ჯერ კიდევ 2022 წლის მარტში გამოცხადდა.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში კრემლის მიერ მხარდაჭერილი ადმინისტრაციების ცნობით, ხმების 100%-ის დათვლის შემდეგ, ე.წ რეფერენდუმებში ხერსონში 87.05%-მა, ზაპოროჟიეში 93.11%-მა, ლუჰანსკში – 98.42%-მა და დონეცკში 99.23%-მა მხარი დაუჭირა რუსეთის ფედერაციასთან შეერთებას.

შეგახსენებთ რომ ვლადიმერ პუტინმა დღეს, 30 სექტემბერს ხელი მოაწერა განკარგულებებს, რიტაც უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების – ზაპოროჟიესა და ხერსონის ე.წ დამოუკიდებლობა აღიარა.
უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში ე.წ. „რეფერენდუმები“ 23-27 სექტემბერს ჩატარდა. რუსეთის მიერ დანიშნული ე.წ. „ხელისუფლების“ წარმომადგენლების მტკიცებით, რეგიონების მოსახლეობის დიდმა ნაწილმა რუსეთთან შეერთებას დაუჭირა მხარი. უკრაინა და მისი დასავლელი პარტნიორები აცხადებენ, რომ ყალბი და უკანონო „რეფერენდუმების“ შედეგებს არ აღიარებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button