ჯანსუღ კახიძის მუსიკალური ცენტრი დახმარებისთვის კულტურის სამინისტროს მიმართავს

ჯანო კახიძის მუსიკალური ცენტრის შენობას, რომლის ტერიტორიაზეც ახალგაზრდა გოგო დაშავდა, დღეს პასუხისმგებელი პირი არ ჰყავს, ვინც მის უსაფრთხოებას დაიცავს.

სამხატვრო ხელმძღვანელის, ვატო კახიძის თქმით, შენობა ცენტრს კულტურის სამინისტროსგან გადაცემული აქვს მართვის უფლებით, შესამისად, ისინი არიან საჯარო სამართლის იურიდიული პირები კულტურის სამინისტროში და იღებენ დაფინანსებას. ვატო კახიძე კულტურის სამინისტროსა და მერიას მიმართავს, რომ რაც შეიძლება სწრაფად გამოიყოს კომისია, რათა დროულად შეაფასდეს გამომწვევი მიზეზი.

აღმაშენებლის გამზირზე გუშინ დაშავებული ახალგაზრდა გოგო მრავლობითი ტრავმებითა და ტვინის შერყევით კლინიკაში რჩება. ექიმის თქმით, პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ფაქტზე გამოძიება უსაფრთხოების წესის დარღვევის მუხლით დაიწყო. ინციდენტი ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალური ცენტრის ტერიტორიაზე მოხდა.

“შენობა კახიძის მუსიკალურ ცენტრს ეკუთნის და ფასადის რეკონსტრუქცია 30 წლის წინ მოხდა, შესაბამისად პასუხისმგებლობა ვერავის დაეკისრება”, – განაცხადა ჟურნალისტებთან კულტურის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულების ხელმძღვანელმა ლევან ჟორჟოლიანმა.

“ეს იყო უბედური შემთხვევა, რომელიც საბედნიეროდ, ფატალურად არ დასრულდა. ჩვენი ყურადღება ახლა პაციენტის ჯანმრთელობაზეა მიმართული. ყველა უწყება ჩართულია, რომ მის ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას“,- აღნიშნა ჟორჟოლიანმა. კითხვაზე, ვინ უნდა იზრუნოს შენობის უსაფრთხოებაზე, ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ეს საკითხი გაურკვეველია.

მსგავსი პოსტები

Back to top button