საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე და პირველი გამარჯვება ანგარიშზე
მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე კაბოვერდელთა მთავარმა მწვრთნელმა, ემანუელ ტროვოადამ განაცხადა, რომ მისი გუნდი მოედანზე ღელავდა, რამაც, დიდწილად, შედეგი განაპირობა

ქართული კალათბურთის ისტორიაში ახალი ფურცელი გიორგი შერმადინის ზუსტი ტყორცნით გადაიშალა. სწორედ მან ჩააგდო მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მაისურით პირველი ორქულიანი. „ჯვაროსნებმა“ კი ასევე დებიუტანტ კაბო ვერდეს დამაჯერებლად 85:60 სძლიეს. მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატზე F ჯგუფის მატჩებს იაპონიის კუნძული ოკინავა მასპინძლობს. შეხვედრის წინ დარბაზთან ხალხის დიდი რაოდენობა ნამდვილად არ ყოფილა, თუმცა ტრიბუნები ბოლომდე შეივსო – თამაშზე ყველა დროულად მივიდა, იაპონელებიც.
საინტერესო სანახავი იყო, როგორ ქომაგობდნენ საქართველოს დროშებით შეიარაღებული იაპონელები ჩვენს ნაკრებს, რომელმაც იმედები ბოლომდე გაამართლა. სხვაობა მართლაც შთამბეჭდავია, თუმცა ყოველი ჩაგდებული ქულის შემდეგ სათადარიგოთა სკამზე მსხდომი ქართველი კალათბურთელები მეტი მობილიზებისკენ მოუწოდებდნენ თანაგუნდელებს. საქმე ის არის, რომ ჯგუფური ეტაპის ბოლოს, შესაძლოა, დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს მიღებული და ჩაგდებული ბურთების სხვაობას.
მატჩის მიმდინარეობაზე სათქმელი ბევრი არაფერია. მსოლოდ პირველ წუთებზე უნდა გამახვილდეს ყურადღება. საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა სასტარტო შემადგენლობაში დააყენა რატი ანდრონიკაშვილი, თად მაკფადენი, დუდა სანაძე, თორნიკე შენგელია და გიორგი შერმადინი. გამოცდილი ხუთეული, თუმცა საწყისი მღელვარება მაინც იგრძნობოდა.სიზუსტით ვერცერთი გუნდი გამოირჩეოდა. საბედნიეროდ, ეს ყველაფერი ძალიან მალე დასრულდა, რასაც ილიას ზუროსის ცვლილებებმაც შეუწყო ხელი. მწვრთნელმა მოედანზე მალევე ერთდროულად შეიყვანა გიორგი ცინცაძე, სანდრო მამუკელაშვილი და გოგა ბითაძე. საქართველოს ნაკრების თამაში კი გამოცდილი გიორგი ცინცაძის ორმა სამქულიანმა გახსნა, ამას მოჰყვა სწრაფი გარღვევები, ჩატენვები და სხვაობა მათემატიკური პროგრესიით იზრდებოდა.
კაბო ვერდესთან მისია შესრულებულია, ჯგუფში მთავარი მატჩი საქართველოს 28 აგვისტოს ელის, ჩვენი მეტოქე სლოვენია იქნება. ამ შეხვედრაში გამარჯვება რთული, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ჯერ ერთი იმიტომ, რომ მოგებული გუნდი, დიდი ალბათობით, მომდევნო ეტაპზე გასვლას გაინაღდებს. მეორე – შემდეგ ჯგუფში ნაკრებებს პირველ ეტაპზე აღებული ქულები გადაჰყვებათ, ოღონდ მხოლოდ იმ გუნდთან აღებული, რომელიც ასევე მეორე ეტაპზე გავა.
კაბო-ვერდესთან მისია შესრულებულია, ჯგუფში მთავარი მატჩი საქართველოს 28 აგვისტოს ელის, ჩვენი მეტოქე სლოვენია იქნება.
საქართველოს ნაკრებმა სადებიუტო მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა კაბო ვერდეს ნაკრებთან დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო, ილიას ზუროსის გუნდმა მეტოქემ 85:60 დაამარცხა.
მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე კაბოვერდელთა მთავარმა მწვრთნელმა, ემანუელ ტროვოადამ განაცხადა, რომ მისი გუნდი მოედანზე ღელავდა, რამაც, დიდწილად, შედეგი განაპირობა.
„პირველად ვთამაშობთ მსოფლიო ჩემპიონატზე და თავიდან აღელვებულები ვიყავით, ზედმეტად ვნერვიულობდით, თუმცა შემდეგ მატჩში კარგად ჩავერთეთ. მიუხედავად ამისა, მეტოქე დაწინაურდა. სამწუხაროა, რომ სამქულიანები საერთოდ ვერ გამოვიყენეთ.
მეორე ტაიმის წინ მოთამაშეებს ვუთხარი, თამაშისგან სიამოვნება მიეღოთ, რამაც პოზიტიური შედეგი გამოიღო. მუშაობას გავაგრძელებთ, გავააანალიზებთ ამ მატჩს და მომდევნო თამაშში ვენესუელასთან უკეთეს გუნდს იხილავთ.
გულშემატკივრებმა ბევრი იფრინეს, რათა აქ ყოფილიყვნენ და ჩვენთვის მხარი დაეჭირათ. ტრიბუნებზე ნაკრების რამდენიმე ყოფილი წევრიც შევნიშნე. ისინი მხარს საოცრად გვიჭერდნენ. ჩვენ პატარა ერთი ვართ, დიდი გულითა და ენერგიით“, – განაცხადა კაბო ვერდეს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.
შეგახსენებთ საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი გუნდის კაპიტანი თორნიკე შენგელია აღმოჩნდა, რომელმაც 16 ქულა, 7 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. ორმაგი დუბლი შეასრულა გოგა ბითაძემ – მას 15 ქულა, 11 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა დაუგროვდა. ასევე ცოტა დააკლდა ორმაგ დუბლამდე სანდრო მამუკელაშვილს.