მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

საქართველოსა და სომხეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა

საქართველომ და სომხეთმა „სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ მემორანდუმს“ მოაწერეს ხელი.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამის შესახებ განაცხადა 26 იანვარს, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის თბილისში მიღებისას.

“ზაფხულში დავაანონსეთ, რომ მოვაწერდით ხელს სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს. მინდა, ასევე, აღვნიშნო, რომ ტრადიციულად, ისტორიულად ვართ ძალიან ძლიერი მოკავშირეები, მეგობრები, არა მხოლოდ მეზობლები, გვაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა, თანამშრომლობა, პარტნიორობა ყველა მიმართულებით.

დე ფაქტო, შეიძლება ითქვას, ჩვენ ისედაც ვიყავით სტრატეგიული მეგობრები და სტრატეგიული პარტნიორები და დღეს უკვე, შეიძლება ითქვას, ეს რეალობა, ეს მოცემულობა გაფორმდა და დღეს ხელი მოვაწერეთ ოფიციალურად სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას”, – თქვა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, მზად არიან, რომ კიდევ უფრო მეტად განავითარონ სავაჭრო ურთიერთობები მეზობელ ქვეყანასთან.

“საქართველო ყოველთვის იყო მომხრე, რომ რეგიონში დამყარდეს გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა. ყოველთვის მზად ვიყავით და ვართ, რომ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ საქმეში… ჩვენ იმედის თვალით შევყურებთ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე დიალოგს და მინდა, გამოვთქვა იმედი, რომ მალე გააფორმებენ სამშვიდობო შეთანხმებას”, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, სომხეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორებში მეექვსე, საექსპორტო პარტნიორებში კი მეორე ქვეყანაა, საიდანაც 2023 წელს საქართველოს „თითქმის მილიონი ტურისტი, ვიზიტორი ესტუმრა“.

ლიდერებს ჯერჯერობით არ დაუზუსტებიათ, კონკრეტულად რას მოიცავს „სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება“.
“დღეს შედგა სომხეთ-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-13 სხდომა. მადლობა მინდა გადავუხადო ქართველ კოლეგებს ამ სხდომის თბილისში მასპინძლობისა და მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის. საქართველომ და სომხეთმა დღეს მიაღწიეს დიდ წინსვლას, ხელი მოვაწერეთ ერთობლივ დეკლარაციას სტრატეგიული ურთიერთობების შესახებ. ეს ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის შედეგია და გამოხატავს ჩვენს მიზანდასახულობას”, – განაცხადა ფაშინიანმა.

ამ დრომდე ვერ ხერხდება სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერა გასული წლის 19-20 სექტემბერს აზერბაიჯანის მიერ განხორციელებული სამხედრო იერიშის შემდეგ, როცა ბაქომ მთიანი ყარაბაღის რეგიონზე აღიდგინა კონტროლი, რასაც სომხური მოსახლეობის სომხეთში გაქცევა მოჰყვა. ორი ქვეყნის ლიდერები ერთმანეთს გასული წლის 26 დეკემბერს შეხვდნენ სანქტ-პეტერბურგში.

მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ შეხვედრაზე საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა ასევე საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე როგორც საქართველოსთვის, ასევე რეგიონისთვის. ამასთან მან თქვა, რომ აუცილებელია გაგრძელდეს რეგიონულ პროექტებზე მუშაობა, მათ შორის ისეთზე, როგორიცაა შავი ზღვის კაბელი და განაცხადა, რომ ნიკოლ ფაშინიანმა გამოხატა დადასტურებული ინტერესი რეგიონული პროექტების განხორციელების მიმართ.
ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით 26 იანვარს ეწვია თბილისს.

აეროპორტში მას დახვდნენ ვიცე-პრემიერი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, ასევე სომხეთში საქართველოს ელჩი გიორგი შარვაშიძე.

ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს დელეგაციასთან ერთად ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ნიკოლ ფაშინიანისა და ირაკლი ღარიბაშვილის პირისპირ შეხვედრა; შედგება საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-13 სხდომა, რომლის შემდეგაც რამდენიმე დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონია გაიმართება.

მსგავსი პოსტები

Back to top button