თბილისის საკრებულომ სადავო საკითხები დაამტკიცა

ოპოზიციური პარტიების და ფრაქციების პროტესტის მიუხედავად, თბილისის საკრებულომ დაამტკიცა ოქროყანის დასახლებაში 40 ჰექტარის მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზაციისა და ასევე პუშკინის სკვერის მიმდებარედ 1 900 კვადრატულ მეტრ ფართობზე მიწისქვეშა სადგომის მოწყობასთან დაკავშირებული საკითხები.
როგორ საკრებულოს უმრავლესობაში განაცხადეს, კომპანიას, რომელსაც აღნიშნული ფართი გადაეცემა, განახორციელებს პროექტებს, რომლებიც მნიშვნელოვანია სატრანსპორტო ქაოსის მოწესრიგებისა და ეკოლოგიის გაუმჯობესების კუთხით.
კერძოდ, პუშკინის გამზირთან, დედაქალაქის ცენტრში იგეგმება მრავალდონიანი მიწისქვეშა პარკინგის მშენებლობა, მოხდება თაბორის მთაზე არსებული 40 ჰექტარი მიწის ფართობის გამწვანება, რეკრეაციულ-დასასვენებელ სივრცედ მოწყობა, აშენდება სადრენაჟო და საირიგაციო სისტემის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ტექნიკური შენობები, რომელიც უზრუნველყოფს ბოტანიკური ბაღის წყლით მომარაგებას.
საკრებულოში გამართულ კენჭისყრას წინ უძღოდა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქცია, რომელსაც პოლიციასთან მცირედი შეხლა-შემოხლა მოჰყვა. სამართალდამცველებმა აქციაზე 8 პირი დააკავეს ადმინისტრაციული წესით. მათ შორის არის საქართველოს პარლამენტის წევრის თინათინ ბოკუჩავას მეუღლე, კოტე იოსელიანი.