მნიშვნელოვანისიახლეები

პარლამენტის წინ ჭიათურის მაღაროში დასაქმებულების აქცია მიმდინარეობს

პარლამენტის წინ, ჭიათურის მაღაროში დასაქმებულების აქცია მიმდინარეობს.

მაღაროელები თბილისში აქციას მეხუთე დღეა მართავენ.

მაღაროელების მოთხოვნები უცვლელია, ისინი „ჯორჯიან მანგანეზისგან” 14-პუნქტიანი მოთხოვნის შესრულებას ითხოვენ, რომელთა შორის ანაზღაურების მატებასთან ერთად, არის შვებულებით სარგებლობის უფლება, სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების უმაღლეს დონეზე გაკონტროლება, დაზღვევის პირობების გაუმჯობესება და ა.შ.
ხელფასის ზრდასთან ერთად, მაღაროელებს მთავარ მოთხოვნად დასახელებული აქვთ:

2023 წლის 1 თებერვლამდე არსებული გრაფიკის/გეგმის დასრულება;
ყველა ბანკში სესხის პროცენტის დარიცხვის შეჩერება და გადახდის გადავადება, აქამდე დარიცხულის გასტუმრება;
დაზღვევის შეცვლა და პირობების გაუმჯობესება;
დასაქმებულებისთვის შვებულებით სარგებლობის უფლება;
ტექნიკური განახლება/გაუმჯობესება;
ულუფის გაუმჯობესება;
უსაფრთხოების გაკონტროლება და ა.შ.
აღნიშნულ მოთხოვნებს შორის არ არის მაღაროების მაღაროელებისთვის გადაცემა.
მათ დღეს მიმართვა გაავრცელეს, სადაც აღნიშნეს, რომ კვირას, 25 ივნისს, 19:00 საათზე, ფართომასშტაბიან აქციას გამართავენ და მოსახლეობას მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.

გაფიცული მაღაროელები ჯორჯიან მანგანეზის განცხადებას ეხმაურებიან და ამბობენ, რომ მათი მოთხოვნა მაღაროების მათთვის გადაცემა არ ყოფილა.

დასაქმებულები ამბობენ, რომ მათ არ სურთ ჯორჯიან მანგანეზის მაღაროები გადაეცეთ და კომპანიის განცხადება სიცრუეა.

“მაღაროს ჩვენთვის გადმოცემა არ ყოფილა მოთხოვნებში. იყო 14 პუნქტი, რაც ეხებოდა ჩვენი შრომის გაუმჯობესებას, უსაფრთხო გარემოში მუშაობას” – აცხადებს ერთ-ერთი გაფიცული მაღაროელი

მაღაროელები განმარტავენ რომ კომპანიასთან 12-პუნქტიანი მოთხოვნები 2019 წელს წარადგინეს, თუმცა ეს მოთხოვნები 4 წლის განმავლობაში არ შესრულებულა. ამ პუნქტებს კიდევ 2 დაემატა – უსაფრთხო სამუშაო გარემო და ხელფასის მატება 20%-ით.

ჯორჯიან მანგანეზმა გუშინ განაცხადა, რომ კომპანია მზადაა, შეასრულოს გაფიცული მაღაროელების ერთ-ერთი მოთხოვნა და “თანამშრომელთა პასუხისმგებლობის გათავისებისა და სრული კონსენსუსის შემთხვევაში, ჭიათურის მაღაროები მაღაროელებს მართვაში გადასცეს”.

კომპანიის თქმით, ეს გადაწყვეტილება მიიღეს იმიტომ, რომ მათი მიზანია, “მოგვარდეს კრიზისული სიტუაცია” და შეწყდეს პროტესტის რადიკალური ფორმა, რადგან მათთვის “თანამშრომლების ჯანმრთელობის დაცვა და მათი უსაფრთხოება ჩვენი მთავარი ღირებულებაა”.

გაფიცული მაღაროელების ნაწილი ჭიათურიდან თბილისში 19 ივნისს ჩამოვიდა – ისინი პარლამენტის შენობასთან ქციას მართავენ და ღამეს ათევენ. აქციაზე გაფიცულებს მოქალაქეებიც უერთდებიან და სოლიდარობას გამოხატავენ.

18 ივნისს ერთ-ერთმა მაღაროელმა, გიორგი კუპატაძემ თვალები ამოიკერა, მეორე მაღაროელმა კი ვენები გადაიჭრა. მანამდე კიდევ ერთმა თანამშრომელმა პირი ამოიკერა.

მაღაროელები ღირსეულ ანაზღაურებას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და შრომითი უსაფრთხოების ნორმების დაცვას ითხოვენ. ამ დრომდე ყველა მაღარო გაჩერებული და პარალიზებულია. მიუხედავად არაერთი მცდელობისა, გაფიცულებსა და მენეჯმენტს შორის კონსენსუსი ვერ შედგა.

15 ივნისს კომპანია ჯორჯიან მანგანეზსა და გაფიცულ თანამშრომლებს შორის, მედიატორის მონაწილეობით მოლაპარაკების მორიგი შეხვედრა გაიმართა. კომპანიამ თანამშრომლებს პროტესტის შეწყვეტა, მუშაობის განახლება და მუშაობის შედეგად ეკონომიკური ეფექტიანობის მიხედვით ბონუსების განსაზღვრა შესთავაზა. ამავე განცხადების მიხედვით გაირკვა, რომ გაფიცულ თანამშრომლებთან ყველა პუნქტზე შეჯერდნენ, გარდა ხელფასის მატების და ძველ სამუშაო გრაფიკზე დაბრუნებისა.

ცნობისთვის, ჭიათურაში მე-12 დღეა 11 ადამიანი შიმშილობს, თბილისში კი შიმშილობას 4 ადამიანი აგრძელებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button