მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ოკუპანტები ისევ მშვიდობიან მოსახლეობას ესხმის თავს

ხარკოვის ოლქში აგრესორის ჭურვებმა საცხოვრებელი კორპუსი გაანადგურეს. კუპიანსკის მერის ცნობით, ნანგრევებში ათობით ადამიანია. მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია. იერიშის შედეგად დაზიანდა რამდენიმე ენერგეტიკული ობიექტი და 7 საცხოვრებელი სახლი.

სამოქალაქო ინფრასტრუქტურა იქცა ოკუპანტების სამიზნედ სუმის ოლქშიც. კრიტიკული დაზიანება მიიღო კულტურის ცენტრმა, განადგურებულია რამდენიმე კომერციული ობიექტი. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები.

ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი დნეპროპეტროვსკის ოლქის ნაწილიც. უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ოკუპანტებმა ე.წ “გრადის” სისტემით 60-ზე მეტი ჭურვი გაისროლეს. დაშავდა 2 მშვიდობიანი. განადგურდა 4 საცხოვრებელი სახლი.

მძიმე შეტაკებებია დონეცკის და ლუგანსკის მიმართულებით. აქ ღამის განმავლობაში ოკუპანტებმა ფოსფორის ჭურვები გამოიყენეს. საპასუხოდ უკრაინელმა ჯარისკაცებმა რუსული არმიის კოლონა გაანადგურეს. თავდაცვის უწყებაში ამბობენ რომ ლუგანსკში ოკუპანტებისგან 12 დასახლებაა გათავისუფლებული.

კონტრშეტევის ფარგლებში ღამის განმავლობაში უკრაინის არმიამ აგრესორის ცოცხალი ძალის კონცენტრაციის რამდენიმე ზონა დაბომბა. განადგურებულია 20 ერთეული მძიმე ტექნიკა და საბრძოლო მასალის სამი საცავი. მნიშვნელოვანი დანაკარგი აქვს რუსულ არმიას ცოცხალი ძალის კუთხითაც.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასულ 24 საათში, თავდაცვის ძალებმა რუსული ჯარების შეტევა მოიგერიეს დონეცკის ოლქის 10 დასახლებულ პუნქტთან, მათ შორის ქალაქ ბახმუტთან. გენშტაბის თანახმად, უკრაინელმა სამხედროებმა ლუგანსკის ოლქის დასახლებულ პუნქტ სიროტინოსთან დაარტყეს რუსეთის საოკუპაციო ძალების კოლონას.
უკრაინის არმიის სარდლობის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე განახორციელეს 2 სარაკეტო დარტყმა და 60-ზე მეტი შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით. სარაკეტო შეტევა განხორციელდა ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე.

უკრაინის გენერალური შტაბის ცნობითვე, კრივოი-როგის და ხერსონის მიმართულებებით მოწინააღმდეგე აწარმოებს პოზიციურ თავდაცვას, სრულყოფს მოწინავე ქვედანაყოფების ფორტიფიკაციას და მომარაგებას და განაგრძობს უკრაინის თავდაცვის ძალების პოზიციების საჰაერო დაზვერვას. გენშტაბის ინფორმაციით, გასულ 24 საათში რუსმა სამხედროებმა რეაქტიული არტილერიის გამოყენებით ცეცხლი გაუხსნეს ქალაქ ხერსონს და რამდენიმე ახლომდებარე სოფელს.

უკრაინის არმიის სარდლობის ოფიციალური მონაცემებით, ბოლო 24 საათში, თავდაცვის ძალების ავიაციამ განახორციელა 6 დარტყმა მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის და საზენიტო სარაკეტო კომპლექსების თავმოყრის რაიონებზე. გენშტაბის ცნობითვე, სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს მოწინააღმდეგის მართვის 2 პუნქტი, საბრძოლო მასალების საწყობი და ცოცხალი ძალის და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის 5 ადგილი.

ნგრევაა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე. შაბათ-კვირის განმავლობაში ობიექტს მინიმუმ 10-ჯერ შეუტიეს. რუსული და უკრაინული მხარე მომხდარზე პასუხისმგებლობას ერთმანეთს აკისრებენ. “როსატომში” აცხადებენ, რომ მაღალია ავარიის საშიშროებაც თუმცა, ამის მიუხედავად საოკუპაციო ძალამ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს თანამშრომლებს ობიექტზე შესვლა და მონიტორინგის ჩატარება აუკრძალა. მიზეზი აგრესორს არ განუმარტავს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button