მნიშვნელოვანისიახლეები

პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას წარადგენს საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პოლიტიკური პარტია-ბრეგაძე პრეზიდენტის განცხადებაზე

პრეზიდენტის განცხადებას ოპოზიცია პასუხობს

საქართველოს იუსტიციის მინისტრი სალომე ზურაბიშვილის განცხადებას – რომ პრემიერობის კანდიდატი უკვე შერჩეული ჰყავს – სოციალურ ქსელში ეხმაურება.
რატი ბრეგაძის განცხადებით, ზურაბიშვილი მოსახლეობას “დემოკრატიულ განვითარებას” ჰპირდება, თუმცა – ანტიდემოკრატიული და არაკონსტიტუციური მეთოდებით.
“საქართველოს კონსტიტუციის თანახმად:
1. საქართველოს პრეზიდენტი არ შეიძლება იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი;
2. პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას წარადგენს საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პოლიტიკური პარტია.
შესაბამისად, თუ ოფიციალურად პრემიერის კანდიდატურის, არც შერჩევაში და, არც წარდგენაში შეუძლია მონაწილეობა და ამ პროცესში დეკლარირებულად არაოფიციალურად მონაწილეობს, გამოდის, რომ არაფორმალურ მმართველად ჩამოყალიბებულა ქალბატონი პრეზიდენტი.
P.s. დემოკრატიული განვითარების დაპირება ანტიდემოკრატიული და არაკონსტიტუციური მეთოდებით რამდენად ახლოა ევროპულ ღირებულებებთან, თავად განსაჯეთ”, – აღნიშნავს იუსტიციის მინისტრი.

ვინ ეკითხება სალომე ზურაბიშვილს პრემიერობის კანდიდატის წარდგენას?! – წარმოუდგენელი რაღაცები ხდება, აბსურდის თეატრია, სადაც ყველა რადიკალს თავისი როლი აქვს, – ასე აფასებს „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე პრეზიდენტის განცხადებებს.
როგორც მან აღნიშნა, კონსტიტუციის კიდევ ერთი დარღვევაა, რაც რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს.
„წარმოუდგენელია, თბილისობის დღესასწაულზე პოლიტიკაზე საუბარი მიწევს. მისი მხრიდან წარმოუდგენელია მსგავსი ტიპის განცხადებები. ვინ ეკითხება სალომე ზურაბიშვილს პრემიერობის კანდიდატის წარდგენას?! წარმოუდგენელი რაღაცები ხდება, აბსურდის თეატრია, სადაც ყველა რადიკალს თავისი როლი აქვს. ვინც უნდა ის წარმოადგინოს, ეს კონსტიტუციის კიდევ ერთი დარღვევაა, რაც რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს“, – აღნიშნა კალაძემ.

პრეზიდენტის შეთავაზების შესახებ, ტექნიკური მთავრობის ფორმირების იდეასთან დაკავშირებით, შეფასებები კეთდება “ხალხის ძალაში.” პარტიის აღმასრულებელი მდივანი, გურამ მაჭარაშვილის თქმით, ეს ყველაფერი გარედან მართული საარჩევნო კამპანიაა.
“მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო, ეს იქნება ნაცპრეზიდენტი, ზურაბიშვილი თუ ოპოზიციონერები, თუ უცხოური აქტორები, რომლებიც ჩვენს მტკიცებულებებს ამყარებენ. წინასწარ აქვს ამ ხალხს გადაწყვეტილება საზოგადოების ნაცვლად მიღებული, რომ დააანონსებენ გაყალბებას. აქედან გამომდინარეობს, თუ რას ნიშნავს სიყალბე… ამერიკის საელჩომ წინასწარ გამოაქვეყნა, რომ რაღაც რადიკალური პროცესებია, შემდეგ ზურაბიშვილმა პირდაპირ დააანონსა, რომ ტექნიკური მთავრობა უნდა შეიქმნას, შემდეგ გვარამიამ თქვა, რომ მთავარი ის არის, მე ტანით რას ვიგრძნობ, თორემ აქ ცესკო რას დაწერს, რა მნიშვნელობა აქვსო. წრე არის შეკრული, არავინ არ ელოდება ხალხის გადაწყვეტილებას, ჩვენ ველოდებით ხალხის გადაწყვეტილებას, ისინი დაელოდონ უცხოელებს,” – აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

სისხლის ლაქები, რომელიც საქართველოს ამჩნევია, მათ შორის რუსთაველის გამზირს, ჯერ არ გასულა – სალომე ზურაბიშვილი ნახერხის მომყრელ როლს ასრულებს, – ასე აფასებს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გია ვოლსკი პრეზიდენტის ბოლოდროინდელ განცხადებებს.
როგორც ვოლსკი განმარტავს, სალომე ზურაბიშვილი კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ლიდერია.
„ეს სისხლის ლაქები, რომელიც საქართველოს ამჩნევია, მათ შორის რუსთაველის გამზირს, არ გასულა ჯერ, არც ჭრილობები შეხორცებულა. სალომე ზურაბიშვილი ნახერხის მომყრელ როლს ასრულებს ამ სისხლის ლაქებზე, რომ არ ჩანდეს რაც დახვეწილი მეთოდი იყო მაშინ, როდესაც ხალხს აწამებდნენ. დღეს ის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ლიდერია. მისთვის კონსტიტუცია არ არსებობს, წმინდა პოლიტიკური მოღვაწეა, წარმატება ნაკლებად“, – აღნიშნა ვოლსკმა.

საქართველოს პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი შერჩეული ჰყავს, რომელსაც პოლიტიკური წარსული არ აქვს

მთავრობის დაკომპლექტებაზე საუბარი, როცა პოლიტიკურ სპექტრში ეს განხილვის თემა არ ყოფილა, ვფიქრობ, ამ ეტაპზე ნაადრევია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
ბოკუჩავა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც ზურაბიშვილს პრემიერ-მინისტრობის საკუთარი კანდიდატი ჰყავს.
„პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მხრიდან გვაქვს შემოთავაზება, გავმართოთ კონსულტაციები. ბუნებრივია, ჩვენ მზად ვართ ამგვარი კონსულტაციებისთვის. ჩვენ ხელმომწერი ვართ „ქართული ქარტიის“, რომელიც არის ერთგვარი გზამკვლევი საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში. ამიტომ თავისთავად ეს პროცესი ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია. თუმცა ვფიქრობ, ჯერ საუბარი მთავრობის დაკომპლექტებაზე, ამ ეტაპზე ყოველშემთხვევაში, როცა ეს განხილვის თემა პოლიტიკურ სპექტრში არ ყოფილა, იქნება ნაადრევი. თუმცა ყველას კარგად გვესმის, რომ საბოლოო ჯამში ქართველი ხალხი აირჩევს კოალიციურ მთავრობას. ეს იქნება ახალი განაცხადი საქართველოსთვის. მე მჯერა, რომ კოალიციური, მრავალპარტიული მთავრობა შეიყვანს ჩვენს ქვეყანას ევროკავშირში“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

პრეზიდენტსა და კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერებს შორის შეხვედრა სამშაბათს არის დანიშნული და მის ინიციატივებთან დაკავშირებით იქ შედგება საუბარი, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.
მისი თქმით, არჩევნების დღე კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ ქართველი ერის ნება გაუტეხელია და ის თავისუფლებას არასდროს დათმობს.
„ქართველ ხალხს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან გასტუმრება გადაწყვეტილი აქვს. დამარცხება მწარე უნდა იყოს „ქართული ოცნებისთვის“. ის ამ მწარე მარცხს იმსახურებს. ასე რომ, დაველოდოთ ქართველი ხალხის ნების გამოხატვას თუ რა სხვაობით დამარცხდება „ქართული ოცნება“ დასავლურ ოპოზიციასთან. ვფიქრობთ, ეს სხვაობა დიდი იქნება და არჩევნების დღე გვაჩვენებს კიდევ ერთხელ იმას, რომ ქართველი ერის ნება გაუტეხელია და ქართველი ხალხი თავისუფლებას არასდროს დათმობს. რაც შეეხება პრეზიდენტის ინიციატივას, ამასთან დაკავშირებით პრეზიდენტსა და კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერებს შორის სამშაბათს არის შეხვედრა დანიშნული და მის ინიციატივებთან დაკავშირებით იქ შედგება საუბარი“, – აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.

ჩვენს პრეზიდენტს და პრეზიდენტის ინსტიტუტს აქვს ჩემი პარტიის მხარდაჭერა, ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ მზად ვართ არა მხოლოდ მხარი დავუჭიროთ, არამედ წარვადგინოთ, როგორც პრეზიდენტი მეორე ვადით, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
გახარიას კითხვა დაუსვეს საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე, რომლის თანახმადაც, ზურაბიშვილს კოალიციური მთავრობის დაკომპლექტების შემთხვევაში, უკვე ჰყავს პრემიერობის საკუთარი კანდიდატი.
„ჩვენი მთავარი მიზანია, „ოცნება“ გავუშვათ ოპოზიციაში ისე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში ვერასდროს დაბრუნდეს, ჩვენ ამაზე ვართ კონცენტრირებული. პრეზიდენტს ძალიან კარგი ვიზიტი ჰქონდა დასავლეთში და ის დაპირებები, რომლებიც მან ჩამოიტანა ევროპელი პარტნიორებისგან, არის ძალიან კარგი და მისასალმებელი, სხვა ყველაფერი თეორიაა. მე რაც ვიცი და რა ინფორმაციაც მაქვს ქალბატონი სალომე ყოველთვის საუბრობდა, რომ ის წარმოიდგენდა თავის თავს, როგორც პრეზიდენტს. არ ყოფილა მის პრემიერობაზე მსჯელობა, თუმცა შეიძლება, ეს სულაც არ იყოს ცუდი იდეა. მთავარი მიზანი დღეს არ არის ტექნიკური მთავრობა, მით უმეტეს, რომ აბსოლუტურად გამორიცხულია და მიუღებელია ნებისმიერი ფორმით რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი. ჩემთვის ეს არის მიუღებელი და არ აქვს არანაირი ახსნა, თუ რატომ უნდა ჩატარდეს ერთ წელიწადში რიგგარეშე არჩევნები, ეს ყველამ კარგად იცის და მათ შორის პრეზიდენტმაც. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ 26 ოქტომბერს „ქართული ოცნებაც“ დამარცხდეს და „ნაციონალური მოძრაობაც“. ამ მიზნის მისაღწევად ტექნიკური მთავრობაც შეიძლება, იყოს ოფცია, სხვა ოფციებიც შეიძლება, არსებობდეს, ამიტომ წინასწარ საუბარი ძალიან ჰგავს მარჩიელობას. მინდა, მოვუწოდო ყველას, კონცენტრირდით კამპანიაზე, არ გავაკეთოთ ისე, რომ „ქართულ ოცნებას“ დამატებითი ახალი ენერგია არ შევძინოთ“, – განაცხადა გახარიამ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი შერჩეული ჰყავს, რომელსაც პოლიტიკური წარსული არ აქვს. პრეზიდენტ ზურაბიშვილს ტვ „პირველთან“ ინტერვიუში კანდიდატის ვინაობა არ დაუკონკრეტებია, თუმცა აღნიშნა, რომ მის მიერ შერჩეულ კანდიდატთან დაკავშირებით განხილვებს ოპოზიციურ პარტიებთან ორშაბათიდან დაიწყებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button