მნიშვნელოვანისიახლეები

კობახიძეს 3 კვირაზე მეტია ვწერ, ვურეკავ და იმალება თქვას რაში გაცვალა ჩემი კანდიდატურა!-პოლოლიკაშვილი

„ქართული ოცნების“ მთავრობამ ქართველის მაგივრად მხარი საამიროების კანდიდატს დაუჭირა

საქართველო გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი, – რომელსაც „ქართული ოცნების“ მთავრობა აღარ წარადგენს აღნიშნული თანამდებობის მესამე ვადით დასაკავებლად და სანაცვლოდ საამიროების კანდიდატს უჭერს მხარს – ამ ამბავზე პირველ კომენტარს აკეთებს.
გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) ჯერ კიდევ მოქმედი გენერალური მდივანი, ზურაბ პოლოლიკაშვილი ამბობს, რომ ამ პოზიციაზე მე-3 ვადით ასარჩევად მისი კანდიდატურა “ქართულმა ოცნებამ” მასთან შეუთანხმებლად გაიწვია.

ტელეკომპანია “ფორმულასთვის” მიწერის წერილში, პოლოლიკაშვილი ამბობს, რომ სამ კვირაზე მეტია ვერ ახერხებს “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრთან ირაკლი კობახიძესთან დაკავშირებას. ის კობახიძისგან ითხოვს საჯარო განმარტებას – “რაში გაცვალა ჩემი კანდიდატურა!”

“ალბათ უცნაურად ჩანს, რომ არ ვჩანვარ… 12-საათიანი ფრენა მაქვს. თვითმფრინავში რომ ჩავჯექი მაშინ ვნახე deep ვირთხების გადაწყვეტილება. ჩავფრინდები და ხვალ ჩაგერთვებით. მანამდე ის, რომ ეს ჩემი სურვილი იყო ან შეთანხმებული ჩემთან არის დიდი ტყუილი.

კარგი იქნება თუ კობახიძე ახსნის რატომ გააკეთა ეს. 3 კვირაა და მეტი ვწერ, ვურეკავ და იმალება, გამოვიდეს და თქვას რაში გაცვალა ჩემი კანდიდატურა! მე არ წარმოვადგენ არც deep states და არც გლობალურ ომის პარტიას – მე ვარ ქართველი გაეროს მსოფლიო ტურიზმის გენერალური მდივანი”, – წერს პოლოლიკაშვილი.

დღეს, 14 მაისს, ცნობილი გახდა, რომ “ქართულმა ოცნებამ” UNWTO-ის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა უკან გაიწვია. პოლოლიკაშვილის ნაცვლად, “ოცნება” საქართველოს სახელით მხარს არაბთა გაერთიანებული საამიროების კანდიდატს, შაიხა ალ-ნუვაისს დაუჭერს მხარს.

საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი (2009-2010 წწ) და ელჩი ესპანეთში (2012-2017 წწ) ზურაბ პოლოლიკაშვილი 2018 წლიდან არის გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი. ამ პოსტზე მეორე ვადა მას მიმდინარე წლის ბოლოს ეწურება.

ესპანურმა გამოცემა The Diplomat-მა გამოაქვეყნა სტატია სათაურით „შოკისმომგვრელი პოლიტიკური მანევრი: საქართველოს სავარაუდო გარიგება არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან (UAE) გაეროს ტურიზმის გენერალურ მდივანს შეცვლის“. სტატიაში ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობა, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან დადებული ფარული შეთანხმების ფარგლებში, აპირებს, UNWTO-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე ზურაბ პოლოლიკაშვილის მესამე ვადით არჩევას მხარი არ დაუჭიროს და მის ნაცვლად საამიროების კანდიდატს მისცეს ხმა.
„გადაწყვეტილება, რომელმაც საერთაშორისო ტურიზმის საზოგადოებაში სერიოზული შეშფოთება გამოიწვია, შესაძლოა საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის სტრატეგიული ალიანსის ნაწილი იყო“, – წერდა ასევე გამოცემა.

The Diplomat-ი ხაზს უსვამდა ფაქტს, რომ გენერალური მდივანი პოლოლიკაშვილი ორგანიზაციაში რუსეთისთვის წევრობის შეჩერების პროცესს ხელმძღვანელობდა 2022 წელს და თავისი პოზიციით, „გაეროს სისტემაში პრეცედენტი“ დააწესა.

მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციაში პოლოლიკაშვილის ნაცვლად “ოცნების” ხელისუფლებამ საამიროების კანდიდატს დაუჭერს მხარს

„სპეკულაციაა იმაზე საუბარი, რომ ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა რომელიმე კონკრეტული კანდიდატის გამო მოიხსნა“, – განაცხადეს „ქართული ოცნების“ მთავრობის ადმინისტრაციაში.
პოლოლიკაშვილისთვის საქართველოს მთავრობის ნდობის შეწყვეტას გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილიც. მისი შეფასებით, ეს არის „ქართული ოცნების“ მხრიდან რუსეთისკენ გადადგმული და საქართველოს ინტერესებისგან დაშორებული კიდევ ერთი ნაბიჯი.

2026-2029 წლებისთვის UNWTO-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატები არიან:

მუჰამად ადამი (განა)
შაიხა ალ-ნუვაისი (არაბთა გაერთიანებული საემიროები)
ჰაბიბ ამარი (ტუნისი)
გლორია გევარა (მექსიკა)
ზურაბ პოლოლიკაშვილი (საქართველო, მოქმედი გენერალური მდივანი)
ჰარი თეოჰარისი (საბერძნეთი)

UNWTO-ს გენერალური მდივანი ინიშნება გენერალური ასამბლეის მიერ, აღმასრულებელი საბჭოს რეკომენდაციით. კანდიდატის დასამტკიცებლად აუცილებელია ასამბლეის წევრების ხმათა ორი მესამედი. UNWTO-ს აღმასრულებელი საბჭო 2025 წლის 29-30 მაისს, ფარული კენჭისყრით შეირჩევს ერთი კანდიდატს გენერალური მდივნის პოსტზე წარსადგენად, რომელსაც გაეროს გენერალური ასამბლეა 7-11 ნოემბრის სესიაზე უყრის კენჭს. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების შემდეგ, პოლოლიკაშვილის კანდიდატურას სავარაუდოდ აღარ ეყრება კენჭი, რადგან UNWTO-ს გენერალურ მდივნის არჩევის პროცედურის მიხედვით, წევრი სახელმწიფოს ოფიციალური მხარდაჭერის არსებობა კანდიდატისთვის აუცილებელი პირობაა.

შეგახსენებთ, “ოცნების” მთავრობამ, გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ზურაბ პოლოლიკაშვილის მესამე ვადით არჩევას მხარი არ დაუჭირა და მის ნაცვლად, მხარდაჭერა გამოუცხადა გაერთიანებული საამიროების კანდიდატს – შეიხა ალ ნოვაისს.

მსგავსი პოსტები

Back to top button