მნიშვნელოვანისიახლეები

რუსული კანონი საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მიიღო

ხმაურიანი განხილვის შემდეგ,პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა რუსულ კანონს მხარი დაუჭირა.

გადაწყვეტილება კომიტეტმა რამდენიმე წუთის წინ მიიღო. კომიტეტის მხრიდან ალტერნატიული საკანონმდებლო პაკეტები უარყოფილი იქნა.
ოხანაშვილის თქმით, ალტერნატიული კანონპროექტები, რომლებიც ოპოზიციამ დააინიციირა, უარყოფილია.

ცვლილებები „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა – 20 პროცენტზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული.

კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს კი აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა.

ამავე დროს, ცვლილებებით, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ. კანონპროექტი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის“ გამოსავლენად იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილებას ანიჭებს, ნებისმიერ დროს კვლევა ჩაატაროს და საკითხის შესწავლა-მონიტორინგი განახორციელოს.

ამასთან, პროექტით, მონიტორინგის დაწყების საფუძველი იქნება იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილება და იუსტიციის სამინისტროსთვის წარდგენილი წერილობითი განცხადება, რომელიც „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ კონკრეტულ ორგანიზაციასთან დაკავშირებულ სათანადო მინიშნებას შეიცავს“. მონიტორინგის განხორციელების მიზნით კი, იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილ პირს უფლება ექნება, კანონის შესაბამისად საჭირო ინფორმაცია, მათ შორის პერსონალური მონაცემი მოიძიოს. ერთსა და იმავე სუბიექტის მიმართ მონიტორინგის განხორციელება მხოლოდ ექვს თვეში ერთხელ იქნება დასაშვები.

„უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის შეუვსებლობა გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 ათასი ლარის ოდენობით. პროექტით ასევე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ჯარიმები – იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე დაშვებიდან ათი სამუშაო დღის ვადაში, თუ ორგანიზაცია არ შეავსებს განაცხადის ფორმას – 10 ათასი ლარი; თუ დოკუმენტებში ხარვეზები განსაზღვრულ ვადაში არ გამოსწორდება, ჯარიმა 10 ათასი ლარი იქნება; კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ერთი თვის შემდეგ ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 20 ათასი ლარის ოდენობით.
კომიტეტის სხდომა დილის 10 საათიდან, ხმაურისა და მწვავე დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. იყო ხელჩართული ჩხუბიც. ალეკო ელისაშვილმა მამუკა მდინარაძეს მუშტი დაარტყა, რის შემდეგაც დარბაზში ვითარება უკონტროლო გახდა. ელისაშვილს ოცნების წევრები დაესხნენ თავს და ჯგუფურად, ფიზიკურად გაუსწორდნენ.
კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებდა, რომ კოლეგების მიერ სადავო კანონპროექტის მოხსენიება “რუსულ კანონად” დეზინფორმაციაა და ყველას, ვინც ამ ტერმინს იყენებდა, მყისიერად უთიშავდა მიკროფონს. მან ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი სხდომიდან გააძევა. გარდა ამისა, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის გადაწყვეტილებით პარლამენტში მუშაობა შეეძლოთ მხოლოდ ტელემედიის ჟურნალისტებს, სხვა დანარჩენს დაცვა შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდა. საქართველოს პარტნიორი ქვეყნებისა და ორგანიზაციების შეფასებით, ე.წ. აგენტების კანონი ხელს შეუშლის ქვეყნის ევროინტეგრაციას, მმართველი პარტია კი ამტკიცებს, რომ ის ევროპულია.
გარდა ამისა, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი სხდომიდან აძევებდა ყველას, ვინც კი კანონს რუსულად მოიხსენიებდა.

საკომიტეტო მოსმენის პარალელურად, მთელი დღის განმავლობაში აქცია მიმდინარეობდა პარლამენტის უკანა შესასვლელთან.

საქართველოში საპარლამენტო უმრავლესობა 2023 წლის მარტში ხალხმრავალი აქციებისა და საერთაშორისო კრიტიკის გამო იძულებული გახდა “უცხოეთის აგენტების კანონი” ჩაეგდო და პირობა დადო, რომ პროექტს აღარ დაუბრუნდებოდა.

„ქართულმა ოცნებამ“ კანონპროექტი 2024 წლის 3 აპრილს დააბრუნა პარლამენტში. ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ პროექტში მან “უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციით” ჩაანაცვლა.

მსგავსი პოსტები

Back to top button