მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ხერსონის ოლქში მდებარე სოფელი ვისოკოპოლე ოკუპანტებისგან თავისუფალია

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, ალექსი არესტოვიჩი, ღია წყაროებით გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ უკრაინის არმია “წინ მიიწევს” ხერსონის მიმართულებით წამოწყებული კონტრშეტევის ფარგლებში.

„არ გამართლდა რუსეთის იმედი – ხერსონის მიმართულებით პაუზასთა დაკავშირებით. მათ იჩქარეს გამარჯვების გამოცხადება. დელიკატურად რომ ვთქვათ, მებრძოლების მიერ ღია წყაროებში გავრცელებული ვიდეოების რაოდენობა და ასევე ადგილები და წინ წაწევა, აჩვენებს, რომ ჩვენი ჯარი აქტიურად მოქმედებს ხერსონის მიმართულებით… არანაირი პაუზა არ არის. [რუსეთის ხელისუფლებაში] ყვებოდნენ, რომ გაგვანადგურეს და წინ წაწევის საშუალება არ მოგვცეს… ზღაპრებია ეს. [უკრაინის ჯარი] წინ მიიწევს“, – განაცხადა არესტოვიჩმა, 3 სექტემბერს, დღის ბოლოს, „ფეიგინ ლაივ“-ის ეთერში.

გავრცელებული ოფიციალური ცნობების თანახმად, უკრაინულმა არმიამ ხერსონის მიმართულებით კონტრშეტევა 29 აგვისტოს წამოიწყო. მალევე, კიევმა გამოაცხდა ერთგვარი მორატორიუმი, ფრონტის ამ მონაკვეთთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელებაზე. კიევმა გადაუმოწმებელ ცნობებზე მსჯელობისგან თავის შეკავება ურჩია როგორც პოლიტიკოსებს, ასევე ექსპერტებსა და მედიას. ეს მოთხოვნა მნიშვნელოვანწილად სრულდება.

რუსეთის ხელისუფლებამ 29 აგვისტოს განაცხადა, რომ უკრაინული არმიის მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა; თუმცა საწინააღმდეგოზე მეტყველებს რუსულ მედიაში გავრცელებული რუკები. ასევე ვრცელდება აფეთქებებისა და უკრაინელი ჯარისკაცების წინსვლის ამსახველი ვიდეომასალები. მათი ნამდვილობა ოფიციალურად არ არის დადასტურებული.

ზოგიერთი რუსული და ასევე უცხოური წყაროები, 29-30 აგვისტოს, იტყობინებოდნენ, რომ უკრაინულმა არმიამ 24 საათზე ნაკლებ დროში მოახერხა 5 დასახლების აღება და ფრონტის ერთ-ერთ მონაკვეთზე 5-6 კილომეტრით წაიწია წინ.

ალექსი არესტოვიჩმა, საწყის ეტაპზე, 29 აგვისტოს, კონტრშეტევას „პატარა“ და „სიმპატიური“ უწოდა და ასევე განაცხადა, რომ არ იქნება ელვის სისწრაფის პროგრესი და რომ უკრაინა ხერსონის დაბრუნებას მიზანმიმართულად, დიდი დანაკარგების გარეშე, სავარაუდოდ, რამდენიმე კვირაში შეძლებს.

უკრაინელმა სამხედროებმა კონტრშეტევის შედეგად, ხერსონის ოლქში მდებარე სოფელი ვისოკოპოლე გაათავისუფლეს. სამხედროებმა სოფელში მდებარე საავადმყოფოზე უკრაინის დროშა აღმართეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული საინფორმაციო სააგენტო „უნიანი“ სამხედრო ჟურნალისტ, ანდრეი ცაპლიენკოზე დაყრდნობით ავრცელებს. ასევე აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია „ტელეგრამ“ არხებზე ვრცელდება.

გამოცემა Evening Standard-ი ანალიტიკურ სტატიას აქვეყნებს, რომელშიც უკრაინის ქალაქ ხერსონთან დაკავშირებული სამხედრო მოქმედებებია მიმოხილული.

ჟურნალისტი და სამხედრო ანალიტიკოსი რობერტ ფოქსი წერს, რომ ქალაქ ხერსონზე უკრაინელების მიერ დიდი ხნის წინ გამოცხადებული კონტრშეტევის ისტორია იმდენადვე სიმბოლურია, რამდენადაც არსებითი.

“ქალაქ ხერსონზე უკრაინელების მიერ დიდი ხნის წინ გამოცხადებული კონტრშეტევის ისტორია იმდენადვე სიმბოლურია, რამდენადაც არსებითი. უკრაინელების ძალებმა შეუტიეს 80-კილომეტრიან ფრონტს და მიზანში ჰქონდათ ხუთი ან ექვსი საკვანძო პუნქტი, რათა იზოლაციაში მოექციათ და გაენადგურებინათ რუსული ძალები ხერსონში. ხერსონი პირველი დიდი სტრატეგიული ქალაქი იყო, რომელიც რუსულმა ძალებმა დაიპყრეს სამხრეთ უკრაინაში, 24 თებერვალს დაწყებული შეჭრის შემდეგ. შეიარაღებული ძალების მტკიცე რჩევის საწინააღმდეგოდ, პრეზიდენტმა ზელენსკიმ ბრძანა, პირველ სექტემბრამდე მომხდარიყო იერიში ხერსონზე, რუსეთის მიერ დაკავებულ ქალაქზე”, – წერს ფოქსი.

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ სამხედრო მრჩეველების რჩევების მიუხედავად, ზელენსკის სურდა სწრაფი ქმედება, რადგან შიშობს, რომ ფრონტზე ჩიხის შეგრძნება მოკავშირეების, განსაკუთრებით ევროკავშირის მხარდაჭერას შეასუსტებს.

“სამხედრო მრჩევლებმა განაცხადეს, რომ უკრაინას, წარმატების უზრუნველსაყოფად, სჭირდებოდა უფრო სრულად გაწვრთნილი ძალები, ტაქტიკური და სტრატეგიული რეზერვებით. ზელენსკიმ სასწრაფოდ მოქმედება მოითხოვა, რადგან შიშობს, რომ ფრონტზე ჩიხის განცდა ძირს უთხრის მოკავშირეების, განსაკუთრებით ევროკავშირის მხარდაჭერას”, – წერს ნათქვამია სტატიაში.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა და გააჩაღა სასტიკი ომი, რომელსაც დღემდე „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button