მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

“ნუ იზამთ ისე, რომ ჩვენც დავიხოცოთ, პაციენტები იხრჩობიან”

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა კორონავირუსის საფრთხეებზე დღეს კიდევ ერთხელ ისაუბრა და მოსახლოებას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.

როგორც მან აღნიშნა, ფიზიკური დისტანციის დაცვა ვირუსის წინააღმდეგ ერთადერთი მთავარი ბერკეტია. რატიანის თქმით, თუ მოქალაქეები რეკომენდაციებს არ დაიცავენ და პაციენტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება, ექიმები პროცესის მართვას ვეღარ შეძლებენ და ამას სავალალო შედეგები მოჰყვება.

„ამ ვირუსის შესახებ არც მე ვიცი ბოლომდე და არც ერთმა წამყვანმა ინფექციონისტმა არათუ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მსოფლიოს წამყვან სამედიცინო ცენტრებში. ერთადერთი, რაც ვიცით მხოლოდ ამ ვირუსის ბიოლოგიური თვისების შესახებ, ის არის, რომ თუ მოვახერხებთ და აუცილებლად უნდა მოვახერხოთ ფიზიკური დისტანცია, რომ დროში გაიჭიმოს ეს ყველაფერი და არ გავხდეთ ინფიცირებული, არ წამოვიდეს ის გართულებები, რაც დღეს მსოფლიოს ბევრ სხვა ქვეყანაშია. ამ ეტაპამდე დაიჭირა ჩვენმა ქვეყანამ, მაგრამ ალბათ, თუ ასე გავაგრძელებთ ღლიცინს, რასაც მოსახლეობის უმეტესობა სამწუხაროდ აკეთებს, ვერ აუვალთ ამას ქართველი ექიმები. ბატონ პაატა იმნაძეს დიდ პატივს ვცემ, ნამდვილად ასე იქნება, დადგება მომენტი, რომ ექიმი ქვეყანას არ ეყოლება. ჩვენც ადამიანები ვართ, ჩვენც გვაქვს რესურსი და შესაძლებლობა და ყველას ვთხოვ და მოვთხოვ, ერი იქნება თუ ბერი, ფიზიკური დისტანცია დავიჭიროთ ერთმანეთთან. არ მინდოდა ესე თქმა, მყავს სამი შვილი და თვენახევარია ოჯახის არც ერთი წევრი არ მინახავს, განა არ მენატრება, იმაზე მეტად მენატრება ვიდრე სხვებს, მაგრამ მეორე მომენტია, ეს ცხოვრება დაგვიდგა, უნდა დავცილდეთ ერთმანეთს, რომ გადავრჩეთ. ალბათ ვერ წარმოუდგენიათ ადამიანებს, რა ხდება ჩვენს რეანიმაციაში, როგორ იხრჩობიან ადამიანები იმის გამო, რომ ერთმანეთს არ გაუფრთხილდნენ ოჯახის წევრები. თვითონ გამოძვრნენ ახალგაზრდები, მაგრამ ასაკოვანი ადამიანები მიჯაჭვული არიან ამ სიპაბვენტილაციას. იხრჩობიან და ამის ყურება ძნელია, ნუ იზამთ ისე, რომ ჩვენც დავიხოცოთ. არ გამოვიდეთ სახლიდან“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის ლევან რატიანის ინფორმაციით, კლინიკას დღეს 3 გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს. მათ შორის, ერთი ორსულია.

რაც შეეხება სხვა პაციენტების მდგომაროებას, 9 არის რეანიმაციულ განყოფილებაში, ხოლო დანარჩენი პაციენტები სტაბილურად არიან.

მსგავსი პოსტები

Back to top button