დაახლოებით 30 ადამიანი ახდენს პროვოკაციას – იწვევენ პოლიციელებს, აგინებენ, წინააღმდეგობას უწევენ-სირაძე

30 ადამიანია შემოსული პოლიციის წინ, რომლებიც შეგნებულად ახდენენ პროვოკაციას. პოლიციელებს იწვევენ, აგინებენ, წინააღმდეგობას უწევენ – მოვუწოდებ მათ, აქცია ჩაატარონ მშვიდ ვითარებაში, – ამის შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, ვაჟა სირაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე არ აქვს დაზუსტებული ინფორმაცია, თუ რამდენი ადამიანია დაკავებული.
“ზუსტი ციფრი ამ ეტაპისთვის არ გვაქვს. წინააღმდეგობას უწევდნენ პოლიციელებს. არ ემორჩილებიან კანონიერ მოთხოვნას. აქ დაახლოებით, 30 ადამიანია შემოსული პოლიციის წინ, რომლებიც ახდენენ პროვოკაციას შეგნებულად. იწვევენ პოლიციელებს, აგინებენ, წინააღმდეგობას უწევენ. მე მოვუწოდებ მათ, დაემორჩილონ კანონიერ მოთხოვნას და შეინარჩუნონ სიმშვიდე. აქცია ჩაატარონ მშვიდ ვითარებაში”, – განაცხადა სირაძე.
ის არ პასუხობს ჟურნალისტებს კითხვაზე, მხარს უჭერს თუ არა რუსულ კანონს.
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის უფროსი თეიმურაზ კუპატაძე ამბობს, რომ ამ დროისთვის რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე 4 ადამიანია დაკავებული. კუპატაძე ამტკიცებს, რომ დაკავებულები “დესტრუქციულად მოქმედებდნენ”. ამაზე მან ტვ პირველთან ისაუბრა.
“ამ ეტაპზე 4 პირია დაკავებული, რომლებიც არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს. აგრესიულად მოქმედებდნენ და წინააღმდეგობას უწევდნენ პოლიციას. დესტრუქციული ძალები, ვინც ცდილობს გაარღვიოს პოლიციის კორდონი, ხდება მათი განეიტრალება. დაკავებას ვგულისხმობ”- თქვა კუპატაძემ.
რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე სიტუაცია დაძაბულია.
რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციამ მოქალაქეების დაკავება დაიწყო. მშვიდობიანი პროტესტის ფონზე ადგილზე მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა. ჩართეს სპეციალური გამაფრთხილებელი სიგნალიც.
შსს-მ გაავრცელა განცხადება, სადაც მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ “არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს”.
დაკავებულების შესახებ უწყებას განცხადება არ გაუვრცელებია.
პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა რუსული კანონი I მოსმენით მიიღო.
დაპირების მიუხედავად ერთი წლის თავზე ქართული ოცნება ე.წ. უცხო აგენტების შესახებ რუსულ კანონს განსახილველად აბრუნებს და მის მიღებას მეორედ ეცდება. 3 აპრილს ინიციირებული კანონპროექტი იდენტურია შარშანდელი კანონპროექტისა, რომლის განხილვებსაც მასობრივი პროტესტი მოჰყვა. ფორმალური განსხვავებაა მხოლოდ ტერმინში – ახალ ვერსიაში “უცხოური გავლენის აგენტი” შეცვლილია “უცხოური ძალის ინტერესების გამტარბელით”.
მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ ამ კანონპროექტს არაფერი აქვს საერთო რუსეთთან, მან დასავლელი პოლიტიკოსების კრიტიკა უკვე დაიმსახურა.