მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

2 000-ზე მეტი დელეგატი 60 ქვეყნიდან – “აბრეშუმის გზის” ფორუმი გრძელდება

2 000-ზე მეტი დელეგატი 60 ქვეყნიდან – “აბრეშუმის გზის” ფორუმი გრძელდება. პანელური დისკუსიებში, რომელშიც, ბიზნესსექტორთან ერთად, საქართველოს პარტნიორი სახელმწიფოების გადაწყვეტილების მიმღები პირები მონაწილეობენ. ენერგეტიკისა და ტრანსპორტის გარდა, მსჯელობენ ვაჭრობის, ინვესტიციების, ტურიზმისა და ციფრული ინოვაციების საკითხებზე – უკვე გაფორმდა პარტნიორული მემორანდუმებიც.

“დიდი პრივილეგიაა თბილისში, საქართველოში ყოფნა. საქართველოს მთავრობას, გასული წლების განმავლობაში, დაუჯერებელი ეკონომიკური მიღწევები აქვს, სწორედ ამიტომაა დღეს აქ ამდენი მთავრობის წარმომადგენელი, პრემიერ-მინისტრები, მინისტრები, დღევანდელი ფორუმი შთამბეჭდავია. სერბეთი პატივს სცემს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ, ტრადიციულად, კარგი პოლიტიკური ურთიერთობები გვაქვს. ჩვენ უნდა ავაშენოთ ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობები. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ, რომ საქართველოს კომპანიები წარმოდგენილი იყოს სერბეთში და სერბული კომპანიები – საქართველოში. ახლა ეს ყველაზე საინტერესო ადგილია ევროპაში”, – აცხადებს სერბეთის ვაჭრობის მინისტრი ტომისლავ მომიროვიჩი.

“ვამაყობთ, რომ ხელი მოვაწერეთ ყოვლისმომცველი ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეკრულებას არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და საქართველოს შორის, ეს გააძლიერებს ურთიერთობებს. გასულ წელს ჩვენს ქვეყნებს შორის ვაჭრობამ 480 მილიონ დოლარს მიაღწია. ეს არის 150-პროცენტიანი ზრდა და დარწმუნებული ვარ, რომ ეკონომიკური თანამშრომლობის შეთანხმება კავშირებს განსხვავებულ დონეზე გადაიყვანს. ჩვენ გვსურს, რომ მივაღწიოთ 1.5-მილიარდიან ნიშნულს მომავალი ხუთი წლის განმავლობაში. საქართველოს აქვს სტრატეგიული მდებარეობა და წვდომა სხვადასხვა კონტინენტზე,” – აღნიშნავს არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრი საგარეო ვაჭრობის საკითხებში, თანი ბინ აჰმედ ალ ზეიუდი.

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აბრეშუმის გზის ფორუმზე სიტყვით გამოსვლის დროს “სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობის” დამყარებაზე ისაუბრა და სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერმინისტრებს საკითხზე ერთად მუშაობა შესთავაზა.

ღარიბაშვილის თქმით, “მთავრობის მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივის მეშვეობით, საქართველო მზადაა აზერბაიჯანთან და სომხეთთან ერთად იმუშაოს, რათა საბოლოოდ დამკვიდრდეს გრძელვადიანი მშვიდობა სამხრეთ კავკასიაში”.

“დღეს მოხარული ვარ, რომ შემიძლია ვუმასპინძლო ჩემს ორივე ძვირფას კოლეგას, პრემიერ მინისტრ ფაშინიანს და პრემიერ მინისტრ ასადოვს. ზედმეტია იმის თქმა, რომ გრძელვადიანი მშვიდობა სარგებელს მოუტანს ჩვენს ყველა ქვეყანას, ფართომასშტაბიან ფარგლებში რეგიონს და ასევე ჩვენს ქვეყნებს დამსახურებულ კეთილდღეობას შესძენს. ჩემი მთავრობის მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივის მეშვეობით, ჩვენ მზად ვართ, რომ ვიმუშაოთ ჩვენს მეზობლებსა და მეგობარ ქვეყნებთან, სომხეთსა და აზერბაიჯანთან, რათა საბოლოოდ დამკვიდრდეს გრძელვადიანი მშვიდობა სამხრეთ კავკასიაში”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
2012 წლიდან მოყოლებული ჩვენი მთავრობა ახერხებდა მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას, თანაც უპრეცედენტოდ, მთელი ათწლეულის განმავლობაში და ამის შედეგად უკვე ჩვენი ქვეყნისთვის და პარტნიორებისთვის სიტუაცია უფრო სანდო და პროგნოზირებადი ხდებოდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველომ სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია განიცადა 2008 წელს და მის შედეგებს კვლავაც განიცდის. ეს ჯერ კიდევ კარგად ჩანს, რადგან საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ და ადგილნაცვალი არის ასიათასობით ადამიანი.

„ღრმა რწმენით ვაცხადებ, რომ ამ განადგურების მიუხედავად, რომელიც ჩვენ განვიცადეთ, დაუყონებლივ დავიწყეთ ჩვენი ამბიციების განხორციელება და ეტაპობრივად გადავაქცევთ საქართველოს დინამიკურ საზოგადოებად, რომელიც მზად არის მშვიდობის, სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარების მისაღწევად. საქართველოს ესმის ომის ფასი და ასევე აღიარებს, რამდენად ღირებულია მშვიდობა. 2012 წლიდან მოყოლებული ჩვენი მთავრობა ახერხებდა მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნებას, თანაც უპრეცედენტოდ, მთელი ათწლეულის განმავლობაში და ამის შედეგად უკვე ჩვენი ქვეყნისთვის და პარტნიორებისთვის სიტუაცია უფრო სანდო და პროგნოზირებადი ხდებოდა.

ჩემი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ომის თავიდან აცილება და მშვიდობის უზრუნველყოფა. იმის მიუხედავად, რომ ჩვენი გეოგრაფიული, რეგიონული და გლობალური გამოწვევების გამო, მიმდინარე ომი არსებობს უკრაინაში და დაძაბულობაა ახლო აღმოსავლეთში, გონივრული პოლიტიკით და ჩვენს პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით შევძელით, რომ ჩვენი ხალხი და ჩვენი ქვეყანა უსაფრთხოდ ყოფილიყო, თანაც ასევე ვყოფილიყავით საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხისმგებლიანი წევრიც. ჩემი მთავრობის მშვიდობიანი სამეზობლო ინიციატივის მეშვეობით, მზად ვართ, ვიმუშაოთ ჩვენს მეზობელ და მეგობარ ქვეყნებთან – სომხეთსა და აზერბაიჯანთან, რათა საბოლოოდ დამკვიდრდეს გრძელვადიანი მშვიდობა სამხრეთ კავკასიაში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა თბილისში „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ სომხეთის მთავრობის ახალი ინიციატივა წარადგინა რეგიონული თანამშრომლობის შესახებ – „მშვიდობის გზაჯვარედინი“.

პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა ხუთშაბათს, 26 ოქტომბერს განაცხადა, რომ „აბრეშუმის გზა“ ისტორიული მნიშვნელობისაა და გულისხმობს ერების ერთმანეთთან დაკავშირებას, რისი მნიშვნელობაც სომხეთს კარგად ესმის.

„ჩვენს ორ მეზობელთან [ირანთან და საქართველოსთან] ღიაა გზები და ჩვენი ურთიერთობა მეგობრული ხასიათისაა. თუმცა გზები ორ მეზობელთან [აზერბაიჯანთან და თურქეთთან] დაკეტილია, რაც აჩვენებს ჩვენს ურთიერთობებში არსებულ სირთულეებს“, – განაცხადა მან საქართველოს მთავრობის ორგანიზებულ ფორუმზე.

„მაგრამ მე აქ არ მოვსულვარ რთულ ურთიერთობებზე სასაუბროდ. აქ იმისთვის ვარ, რომ განვაცხადო, მშვიდობის გარეშე ნებისმიერი გზის მშენებლობა რთული იქნება. ჩვენს რეგიონს სჭირდება ხანგრძლივი მშვიდობა – ისეთი მდგომარეობა, როდესაც ქვეყნები არსებობენ და ფუნქციონირებენ ღია საზღვრებით, დაკავშირებულნი არიან ეკონომიკურად და კულტურულად, გააჩნიათ აკუმულირებული ცოდნა და გამოცდილება, რასაც ერთმანეთს უზიარებენ“, – განაცხადა სომხეთის ლიდერმა.

ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სწორედ ასეთი მომავლის შექმნის იმედით შეიმუშავა სომხეთის მთავრობამ „მშვიდობის გზაჯვარედინის“ პროექტი, რომლის მიზანია „განვითარდეს კომუნიკაცია სომხეთს, აზერბაიჯანს, თურქეთს, ირანსა და რეგიონის სხვა ქვეყნებს შორის სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურის, – საგზაო ინფრასტრუქტურის, ნავთობსადენების, ელექტროგადამცემი ხაზების, – შენებითა და მოდერნიზაციით“.
ფაშინიანის თქმით, სარკინიგზო ინფრასტრუქტურა, რომელიც კვეთს სომხეთის ჩრდილოეთ და სამხრეთ ტერიტორიებს, უკანასკნელი სამი ათწლეულია, არსებობს. „არსებობს რამდენიმე გზა, რომელიც აკავშირებს აღმოსავლეთსა და დასავლეთს. და ამ გზების გააქტიურება იქნება მოკლე და ეფექტური გზა კასპიის და ხმელთაშუა ზღვების დასაკავშირებლად. თანამედროვე კომუნიკაციებით შეიძლება ეს გახდეს ეფექტური გზა საქართველოს პორტების და სხვა ინფრასტრუქტურის ურთიერთდაკავშირებისთვის“, – თქვა მან.

პრემიერის თქმით, ეს პროექტი სარგებელს მოუტანს რეგიონის ყველა ქვეყანას .

ნიკოლ ფაშინიანმა ხაზი უნდა გაუსვა, რომ „მშვიდობის გზაჯვარედინი“ 4 მთავარ პრინციპს ეფუძნება:

„ყველა სახის ინფრასტრუქტურა, მათ შორის საგზაო, სარკინიგზო, საჰაერო, ნავთობგადამზიდავი თუ ელექტრო, – მუშაობს და ფუნქციონირებს შესაბამისი ქვეყნების იურისდიქციების ფარგლებში, სადაც ისინი გადიან“;
„თითოეული ქვეყანა საკუთარი სახელმწიფო ინსტიტუტების საშუალებით უზრუნველყოფს საბაჟო კონტროლს, ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებას, მათ შორის მათი ტერიტორიის კვეთას, იქნება ეს საავტომობილო თუ ნებისმიერ სხვა საშუალებით“. ფაშინიანმა აქვე განაცხადა, რომ სომხეთის მთავრობაში, ქვეყნის სამართალდამცავ სტრუქტურებში, ჩამოყალიბდება სპეციალური ერთეული, რომელიც „უფლებამოსილი იქნება საერთაშორისო კომუნიკაციების, სატრანსპორტო საშუალებებისა თუ იმ პირების, ვინც მათ ატარებს, უსაფრთხოებაზე“;
„ეს ინფრასტრუქტურა შეიძლება იქნას გამოყენებული როგორც საერთაშორისო ასევე შიდა ტრანსპორტირებისთვის“;
„ყველა ქვეყანას შეუძლია ერთმანეთის ინფრასტრუქტურის გამოყენება ნაცვალგების და თანასწორობის პრინციპის საშუალებით. და ამ პრინციპზე დაყრდნობით შესაძლებელია სასაზღვრო თუ საბაჟო პროცედურების ოპტიმიზაცია“.
„მინდა ხაზი გავუსვა სომხეთის მზაობას, ხელახლა გახნას, განაახლოს ან ააშენოს რეგიონული კომუნიკაციები ამ პრინციპებზე დაყრდნობით“, – განაცხადა ფაშინიანმა და დასძინა, რომ „ეს პრინციპები საჭიროა, რათა თავიდან ავირიდოთ გაურკვევლობა თუ განსხვავებული ინტერპრეტაციები“.
ნიკოლ ფაშინიანმა ისაუბრა აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებზე და თქვა, რომ მთავრობა მუშაობს შეთანხმების პროექტზე აზერბაიჯანთან მშვიდობისა და ურთიერთობის ნორმალიზაციის უზრუნველსაყოფად: „იმედი გვაქვს, ეს პროცესი რამდენიმე თვეში დასრულდება“.
პრემიერ-მინისტრმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ პროგრესი იქნება თურქეთთან ურთიერთობების ნორმალიზების საქმეშიც.

აშშ-ის ელჩი ​საქართველოში რობინ დანიგანი აცხადებს, რომ თბილისში მიმდინარე “აბრეშუმის გზის ფორუმი” უაღრესად მნიშვნელოვანი პლატფორმაა. მისი თქმით, აშშ მხარს უჭერს საქართველოს განვითარებას.

“როცა ახალგაზრდა დიპლომატი ვიყავი, საქართველოსთან ერთად ვმუშაობდი ბაქო-ჯეიჰანის მილსადენის რეალიზების პროექტზე და საოცარია, რომ დღეს აქ დავბრუნდი და ვხედავ, რას მიაღწია საქართველომ “შუა დერეფნის” განვითარების კუთხით, გზების რკინიგზის და პორტების განვითარების კუთხით. სწორედ ამიტომ ვართ დღეს აქ, შეერთებული შტატები და ჩვენი კომპანიები, რათა გავაგრძელოთ ამ განვითარების მხარდაჭერა და მასში მონაწილეობა, რადგან ვიცით “შუა დერეფნის” ნამდვილი ღირებულება და საქართველოს როლი ამ “შუა დერეფანში”. ასე რომ, როგორც ელჩი, აქ მე აბსოლუტურად მზად ვარ, მხარი დავუჭირო ამ საკითხს.

ვფიქრობ, რომ თბილისის “აბრეშუმის გზის ფორუმი” უაღრესად მნიშვნელოვანი პლატფორმაა, სადაც იკრიბებიან კერძო სექტორი და საჯარო სექტორი, “შუა დერეფნის” ქვეყნების ლიდერები ამ მნიშვნელოვანი სატრანზიტო გზის განვითარების მხარდასაჭერად”, – თქვა ელჩმა.
ფორუმი დევიზით, „დაკავშირება დღეს, მედეგობა ხვალ“, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა.

მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს ქართველ მეგობრებს და, განსაკუთრებით, მინდა, მადლობა გადავუხადო პატივცემულ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ასეთი ტრადიციული სტუმართმოყვარეობისთვის, რომელიც გამოიჩინეთ ჩემი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის დელეგაციის მიმართ, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრემიერი-მინისტრმა, ალი ასადოვმა თბილისის „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ალი ასადოვმა აღნიშნა, მოხარულია, რომ დღეს იმყოფება საქართველოს დედაქალაქში.

„თბილისი ყოველწლიურად უფრო და უფრო მიმზიდველი ქალაქი ხდება, რადგანაც ის ვითარდება და დადებით ცვლილებებს აჩვენებს. რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან გვიხარია ამ ყველაფრის დანახვა. ამავდროულად მინდა, ჩემი მადლიერება გამოვხატო ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ. მადლობა, რომ მომიწვიეთ, მონაწილეობა მიმეღო თბილისის „აბრეშუმის გზის ფორუმში“. უკვე რამდენიმე წელია, ეს ფორუმი ადასტურებს, რომ მნიშვნელოვანი საერთაშორისო პლატფორმა გახდა, რათა განხილული იქნას რეგიონული, გლობალური მნიშვნელობის დღის წესრიგები და საკითხები“, – განაცხადა აზერბაიჯანის პრემიერმა.

მისივე თქმი, ისტორიულად, აზერბაიჯანი და საქართველო დიდი აბრეშუმის გზის მარშრუტზე მდებარეობს და აკავშირებს აღმოსავლეთსა და დასავლეთს.

„ორივე ქვეყანა მნიშვნელოვან როლს თამაშობდა სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების განვითარებაში, ასევე ევროპასა და აზიას შორის კულტურული ურთიერთმიმოცვლის გაძლიერებაში. ეს ტრადიცია უკვე თანამედროვე ისტორიაშიც სახეზეა და, რა თქმა უნდა, ისევ აზერბაიჯანი და საქართველო კვლავ გახდნენ პირველი ქვეყნები, რომლებიც მხარს უჭერენ ამ კონცეფციას, რაც გულისხმობს დიდი აბრეშუმის გზის აღდგენას. პირველი ადამიანი, რომელიც შეუერთდა ამ ინიციატივას იყო აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერი ჰეიდარ ალიევი, ამ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ ისტორული აბრეშუმის გზის აღდგენაზე, მაშინ საქართველოს პრეზიდენტი იყო ედუარდ შევარდნაძე. აღსანიშნავია ასევე, რომ ეს კონფერენცია გაიმართა 1998 წელს ბაქოში, სადაც ჩვენი ქვეყნის ლიდერები მონაწილეობდნენ და ასევე 30 საერთაშორისო ორგანიზაცია და 35 ქვეყანაც ასევე მონაწილეობდა ამ კონფერენციაში.

ამ კონფერენციის შედეგად განხილული იქნა მრავალმხრივი შეთანხმებები საერთაშორისო ტრანსპორტთან დაკავშირებით და ეს ეხებოდა ძირითადად ევროპა-კავკასია-აზიის დერეფნის განვითარებას ევროკავშირის ტრასეკა-ს პროგრამის საფუძველზე. ტრასეკა-ს პროგრამამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მულტიმოდალური და სატრანზიტო ტრანსპორტის ხელშეწყობაშიც წევრ ქვეყნებს შორის და გააფართოვა თანამშრომობა ისეთ სფეროებში, როგორებიც არის ვაჭრობა, ტრანსპორტი, ეკონომიკა, ასევე უფრო გააფართოვა ამ ქვეყნების ეკონომიკური პოტენციალი. შორსმჭვრეტლური პოლიტიკა, რომელიც მიმართულია აზერბაიჯანის რეგიონულ სატრანზიტო კვანძად გადაქცევისკენ, ასევე კვლავ გრძელდება“, – განაცხადა ალი ასადოვმა.

მისივე თქმით, ილჰამ ალიევის მიერ ბოლო 20 წლის განმავლობაში აზერბაიჯანი რამდენიმე მნიშვნელოვანი რეგიონული პროექტის ინიციატორი და მონაწილე იყო.

„ამ რეგიონულ პროექტებს შორის შეიძლება დავასახელოთ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, სამხრეთ კავკასიის დერეფანი, რაშიც შედის ტრანსანატოლიური მილსადენი და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ასევე ბაქოს საერთაშორისო სავაჭრო პორტი. ინვესტიციების შედეგად, რომელიც აზერბაიჯანის მთავრობამ განახორციელა კონკრეტულად სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში, ჩვენ ათასობით კილომეტრის გზა გავიყვანეთ და რკინიგზაც, ასევე ავამოქმედეთ საერთაშორისო აეროპორტები და გავზარდეთ სამოქალაქო, საზღვაო და საჰაერო პარკი, ფლოტების რაოდენობა და შევქმენით ეკონიმიკური ზონაც. რა თქმა უნდა, ამ ინიციატივით შესაძლებელი გახდა, ქვეყანას დაეკმაყოფილებინა მზარდი მოთხოვნები შუა დერეფნის მეშვეობით ტრანსპორტირებაზე.

გარდა ამ ინფრასტრუქტურული პროექტებისა, ჩვენ ვთანამშრომლობთ საქართველოსთან, ასევე სხვა პარტნიორებთან სხვა სფეროებშიც, რათა დაკმაყოფილდეს მსგავსი საჭიროებები. ჩვენც უკვე ვხედავთ ამგვარი თანამშრომლობის შედეგებს. შუა დერეფნის ეფექტურობის გაზრდის მიზნით, ჩატარებული ოპერაციების შედეგად, მოკლე დროში მიღებული იქნა მნიშვნელოვანი ინდიკატორები, ეს აისახება ტრანსპორტირების სიჩქარეში, ასევე ხარისხში და კიდევ, მაგალითად, ყაზახეთიდან საქართველოს პორტებში ტვირთის გატანისთვის გახარჯული დრო მნიშვნელოვნად შემცირებულია წინა წლებთან შედარებით. ჩვენი მიზანია, რომ მომავალი წლისთვის ეს დრო კიდევ ორჯერ შემცირდეს. ვფიქრობ, უახლოეს პერსპექტივაში შესრულებული სამუშაო თავის შედეგს მოიტანს და ეს დერეფანი მართლაც გახდება ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და სწრაფი დერეფანი გლობალურ დონეზე. რკინიგზის გარდა, შუა დერეფნის პოტენციალი მჭიდროდ არის დაკავშირებული პორტებში ტვირთის გადაზიდვის შესაძლებლობებთან, ამ მხრივ ბაქოს საერთაშორისო სავაჭრო-საზღვაო პორტი, რომელიც არის ერთ-ერთი უდიდესი სავაჭრო-საზღვაო პორტი კასპიის ზღვაში, უკვე ზემოხსენებული სატრანსპორტო დერეფნების მნიშვნელოვან ჭას წარმოადგენს საერთაშორისო დონეზე. ამჟამად აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს, რათა ამ პორტში ტვირთების გადაზიდვის სიმძლავრეები 15 მილიონი ტონიდან 25 მილიონ ტონამდე გაიზარდოს. ბათუმისა და ფოთის პორტები საქართველოში ასევე მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენს შუა დერეფნისთვის. ამავდროულად, ყულევის პორტის გაფართოვება აზერბაიჯანის მიერ, რომელიც საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს, რა თქმა უნდა, ესეც წვლილს შეიტანს შუა დერეფნის განვითარებაში.

ჩვენ კოორდინირებულად ვატარებთ სატრანსპორტო ოპერაციებს საქართველოსთან, ასევე სხვა პარტნიორებთან ჩვენს რეგიონში. ნამდვილად სასიხარულოა იმის დანახვა, რომ საქართველოც დიდ საქმეს აკეთებს ამ სფეროში, ამის მაგალითია მისი რკინიგზის მოდერნიზება, ასევე პორტების მშენებლობა და საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება. გარდა ამისა, აზერბაიჯან-საქართველოს თანამშრომლობის დღის წესრიგში არის ახალი საპორტო ინფრასტრუქტურის შექმნის პროექტი. ჩვენ მზად ვართ, რომ ამ სფეროშიც ვითანამშრომლოთ და გარდა პორტებისა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამოქალქო-სატვირთო გადაზიდვის საშუალებები არსებობდეს საქონლის ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა აზერბაიჯანის პრემიერმა.

მისივე თქმით, განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანს კასპიის ზღვაზე ყველაზე დიდი გადასაზიდი საშუალებები აქვს.

„ჩვენთან გემთმშენებლობის კუთხით წარმატებით ხორციელდება შეკვეთები, სხვადასხვა დანიშნულებისა და მიზნობრიობის გემები შენდება, ასევე ხდება მათი შეკეთება ყველაზე თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად. ახალი გამოწვევების გათვალისწინებით, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ გემსაშენის შესაძლებლობის გაფართოებაზე. ასევე გვინდა, რომ გავაფართოვოთ სამოქალაქო-სატვირთო გადაზიდვის საშუალებები და ყველა ეს ელემენტი კიდევ უფრო მეტად ზრდის ჩვენი ქვეყნების როლს, რადგანაც ჩვენი ქვეყნები მნიშვნელოვან სატრანზიტო როლს ასრულებენ კონტინენტებს შორის. გარდა ამისა, რეგიონში უკვე ახალი რეალობებია შექმნილი, რაც კარგ შესაძლებლობებს ქმნის, რათა კიდევ უფრო გაიზარდოს რეგიონული მრავალმხრივი თანამშრომლობა და ხარისხობრივად ახალ დონეზე იქნას აყვანილი ეს თანამშრომლობა. კიდევ უფრო მეტი ეკონომიკური და სავაჭრო დივიდენდები იქნას შეძენელი რეგიონის ყველა ქვეყნისთვის.

ძვირფასო ფორუმის მონაწილეებო, ამავდროულად, აზერბაიჯანი და საქართველო ცდილობენ, ერთობლივი წვლილი შეიტანონ ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის, ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენი, მათ შორის სამხრეთ გაზსადენის დერეფანი, ეს ერთობლივად განხორციელებული სტრატეგიული პროექტებია. სამხრეთის გაზსადენი და გაზის დერეფანი საშუალებას იძლევა, რომ აზერბაიჯანული გაზი მიწოდებული იქნას პირდაპირ ევროპაში. გასული წლის ივლისში აზერბაიჯანმა და ევროკომისიამ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი, ამ დოკუმენტის მიხედვით, აზერბაიჯანი მიწოდებული გაზის მოცულობას გააორმაგებს 2027 წლისთვის.

ამავდროულად, დღეს ჩვენ ერთად ვიწყებთ მწვანე ენერგეტიკული ხიდის მშენებლობას ევროპასთან. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უკვე აღნიშნა და კიდევ მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ასევე გასულ წელს სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხხმებას მოეწერა ხელი ბუქარესტში აზერბაიჯან-საქართველოსა და უნგრეთს შორის. ასევე ბულგარეთმაც გამოხატა სურვილი, რომ ამ პროექტში გაწევრიანდეს. ვიმედოვნებთ, ეს პროექტი კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ბევრი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას ევროპაში.

ჩემი მოხსენების დასასრულს, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, ამავდროულად დიდ მადლობას ვუხდი დღევანდელი ღონისძიების მონაწილეებს, წარმატებას ვუსურვებ ამ ფორუმს. მჯერა, რომ დისკუსიები და გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ ფორუმზე იქნება მიღებული, წვლილს შეიტანს დიდი აბრეშუმის გზის კიდევ უფრო განვითარებაში და ასევე შექმნის პირობებს რეგიონული თანამშრომლობის გაფართოებისთვის ისეთ სფეროებში, როგორებიც არის ეკონომიკა, ენერგეტიკა, ტრანსპორტი და გადაზიდვა, ტრანზიტი, ასევე სხვა სფეროებიც“, – განაცხადა ალი ასადოვმა.

26-27 ოქტომბერს თბილისში მეოთხედ იმართება „აბრეშუმის გზის ფორუმი“, რომელსაც სომხეთის, აზერბაიჯანისა და მონტენეგროს პრემიერ-მინისტრები ნიკოლ ფაშინიანი, ალი ასადოვი და დრიტან აბაზოვიჩი ესწრებიან.

ფორუმის თემა არის “დღევანდელი დაკავშირებულობა – ხვალინდელი მდგრადობისთვის”. განიხილავენ შუა დერეფნის მზარდ როლს, აღმოსავლეთ-დასავლეთის ვაჭრობის ახალ არქიტექტურასა და ტურიზმის მდგრადობას.

ამასთან, ფორუმის მთავარი თემა ელექტრონული კომერციის და ციფრული კავშირების გაღრმავება, ასევე ტრანსპორტის ინფრასტრუქტურა და ენერგეტიკაა.
ფორუმის მონაწილეებს შორის არიან აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტი რობერტა კალასი, აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრი მიხაილ ჯაბაროვი, სერბეთის ვაჭრობის მინისტრი ტომისლავ მომიროვიჩი, არაბეთის გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრი საგარეო ვაჭრობის სფეროში აჰმედ ალ ზაიედი, სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს გენერალური მდივანი ჯასიმ მოჰამედ ალ-ბუდაივი, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ევროპისა და ევრაზიის ბიუროს ხელმძღვანელი ერინ ელიზაბეტ მაქიი და სხვები.

აბრეშუმის გზის ფორუმი საქართველოში 2015, 2017 და 2019 წლებში ჩატარდა. აბრეშუმის გზის ფორუმი ევროპასა და აზიას შორის ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული კავშირების გაღრმავებას ისახავს მიზნად.

მსგავსი პოსტები

Back to top button