მნიშვნელოვანისიახლეები

ომის მე-15 წლისთავზე საერთაშორისო პარტნიორები საქართველოს მხარდაჭერას უცხადებენ

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს ომიდან 15 წლის გასვლას Twitter-ზე განცხადებით ეხმაურება. საგარეოს განცხადებით, უკრაინა ქართველი ხალხის გვერდითაა და ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერას.
“15 წლის წინ რუსეთი შეიჭრა საქართველოში. საქართველოს რეგიონები, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთი კვლავ ოკუპირებულია რუსეთის ჯარის მიერ. უკრაინა ქართველი ხალხის გვერდით დგას და კვლავ ვადასტურებთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში”, – აღნიშნულია საგარეოს განცხადებაში.

15 წლის წინ, 7 აგვისტოს რუსეთი თავს დაესხა საქართველოს და 15 წლის შემდგომ ის კვლავ წარმოდგენილია ამ ქვეყნის ტერიტორიის ნაწილზე, – ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კატრინ კოლონა წერს.
კატრინ კოლონა ასევე აზიარებს აგვისტოს ომის წლისთავთან დაკავშირებით საქართველოში საფრანგეთის ელჩის, შერაზ გასრის განცხადებას.
„15 წლის წინ რუსეთმა აწარმოა აგრესიის საშინელი ომი საქართველოს წინააღმდეგ, რითიც დაიწყო სახელმძღვანელო, რომელიც მან მოგვიანებით უკრაინაში გამოიყენა. რუსეთმა პატივი უნდა სცეს თავისი მეზობლების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ ყველა ვაკეთებთ ამას“, – წერს ფრანგი დიპლომატი შერაზ გასრი.

საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის მე-15 წლისთავზე ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს, – ამის შესახებ მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
„მოლდოვა კიდევ ერთხელ გმობს რუსეთის სამხედრო ინტერვენციას და ადასტურებს თავის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – ნათქვამია მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ეუთო-ში აშშ-ის მისია 2008 წლის აგვისტოს ომის მე-15 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, რუსეთის თავდასხმა არის საშინელი შეხსენება მათ შესახებ, ვინც კვლავ იტანჯება საქართველოსა და უკრაინაში რუსეთის ინტერვენციების შედეგად.
„15 წლის წინ რუსეთი შეიჭრა საქართველოში. ათწლეულების განმავლობაში საქართველოს მოქალაქეები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ცხოვრობენ რუსეთის ოკუპაციის პირობებში, ბევრი მათგანი იძულებით გადაადგილებულია და იდევნება. 2008 წელს რუსეთის თავდასხმა არის საშინელი შეხსენება მათ შესახებ, ვინც კვლავ იტანჯება საქართველოსა და უკრაინაში რუსეთის ინტერვენციების შედეგად“, – ნათქვამია განცხადებაში.

აშშ-ს სენატის საერთაშორისო ურთიერთობების საკითხთა კომიტეტის წევრის, სენატორ ჯიმ რიშის განცხადებით, რუსეთმა პასუხი უნდა აგოს საქართველოში ჩადენილ დანაშაულებზე და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები დააბრუნოს.
აღნიშნულ განცხადებას აშშ-ს სენატორი Twitter-ზე აქვეყნებს.
„15 წლის წინ რუსეთი უკანონოდ შეიჭრა საქართველოში, მისი ტერიტორიის ოკუპირება და აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მოქალაქეთა უფლებები დაარღვია. რუსეთი დღემდე განაგრძობს დეზინფორმაციის გავრცელებას და ათასობით უდანაშაულო ქართველის დევნას“, – ნათქვამია განცხადებაში.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში რუსეთის ინტერვენციის 15 წლისთავთან დაკავშირებით ენტონი ბლინკენის განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, რუსეთის ქმედებებმა სამუდამოდ შეცვალა კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ცხოვრება.
„15 წლის წინ რუსეთი შეიჭრა საქართველოს სუვერენულ სახელმწიფოში და მისი ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია მოახდინა. აშშ კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. რუსეთის ქმედებებმა სამუდამოდ შეცვალა კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ცხოვრება. ღრმა პატივისცემით და გულწრფელი თანაგრძნობით ვიხსენებთ რუსეთის ძალების მიერ მოკლულებს, დაჭრილებსა და დევნილებს. ოკუპაციის დროს რუსეთის ქმედებები, მათ შორის კრემლის მავნე დეზინფორმაციული კამპანიები, ე.წ. „ბორდერიზაცია“ და მასობრივი გადასახლება კვლავ იწვევს ენით აღუწერელ სირთულეებს. ისევე როგორც უკრაინაში, ქართველი ხალხი დაზარალდა რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის უპატივცემულობისა და მეზობლებზე დომინირების სურვილის შედეგებით.
შეერთებული შტატებს კვლავ მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, პასუხი აგებინოს რუსეთს 2008 წლის ექვსპუნქტიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებებისთვის, რაც გულისხმობს მისი ძალების კონფლიქტამდე პოზიციებზე გაყვანას და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების შეუფერხებელ დაშვებას. რუსეთმა ასევე უნდა გააუქმოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება. ეს ქმედებები არსებითია იმისთვის, რომ იძულებით გადაადგილებულმა ასობით ათასმა პირმა შეძლოს საკუთარ სახლებში უსაფრთხოდ დაბრუნება და ღირსეულად ცხოვრება. თხუთმეტი წლის შემდეგ შეერთებული შტატები კვლავ ურყევად უჭერს მხარს საქართველოს ხალხს და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მათ დაუძლეველ სურვილს, რადგან ისინი იცავენ თავიანთ სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ისწრაფვიან კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტისკენ“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ენტონი ბლინკენის განცხადებაში.

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი 2008 წლის აგვისტოს ომის წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
ბორელის თქმით, ევროკავშირი გმობს რუსეთის სამხედრო ყოფნას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რაც არის საერთაშორისო სამართლისა და რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს მიღწეული შეთანხმებით აღებული ვალდებულებების დარღვევა.
„საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისადმი ევროკავშირის ერთგულება ძლიერია, როგორც არასდროს. ჩვენ ვგმობთ რუსეთის სამხედრო ყოფნას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რაც არის საერთაშორისო სამართლისა და რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს მიღწეული შეთანხმებით აღებული ვალდებულებების დარღვევა. ადგილობრივი თემები კვლავ იტანჯებიან ჰუმანიტარული გამოწვევებისა და ადამიანის უფლებების დარღვევების, მათ შორის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვისა და უკანონო დაკავებების გამო. იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა წარმომავობის ადგილებში დასაბრუნებლად დაბრკოლებები კვლავ არსებობს“, – აღნიშნულია ბორელის განცხადებაში.
ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ევროკავშირი სრულად არის ჩართული კონფლიქტის მოგვარების ძალისხმევაში.
„ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მონაწილეს, კონსტრუქციულად ჩაერთონ დისკუსიებში 2008 წლის 12 აგვისტოს ექვსპუნქტიანი შეთანხმების სრულად შესრულების მისაღწევად. ჩვენ ასევე ხაზს ვუსვამთ ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებას, აირჩიონ მდგრადი გადაწყვეტილება, მათ შორის ნებაყოფლობითი, უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება“, – აცხადებს ბორელი.
როგორც ჯოზეფ ბორელი აღნიშნავს, უსაფრთხოების სიტუაციის სტაბილიზაციას ასევე ხელი შეუწყო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ 200-ზე მეტი სამოქალაქო დამკვირვებლით.
„2024 წლის დეკემბრამდე ხელახლა განახლებული მანდატით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია რჩება ადგილზე ერთადერთ საერთაშორისო მისიად აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ადგილობრივი თემების უსაფრთხო და ნორმალური ცხოვრების ხელშესაწყობად. ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ერთგულებას, დარჩეს ჩართული საქართველოში სტაბილიზაციისა და კონფლიქტის მოგვარების ძალისხმევაში და ადასტურებს თავის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – ნათქვამია ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებაში.

საქართველოში აშშ-ის საელჩო აგვისტოს ომის მე-15 წლისთავზე აქვეყნებს განცხადებას, რომელშიც წერია, რომ დღევანდელი დღე საქართველოსთვის ორმაგად მძიმეა. დღეს საქართველოში გლოვის დღეა, კურორტ შოვში განვითარებული მეწყრული პროცესებით ადამიანების დაღუპვის გამო.
“რუსეთის საქართველოში შემოჭრის 15 წლისთავი ორმაგად მძიმეა დღეს. პატივს მივაგებთ დაღუპულთა ხსოვნას და ვიხსენებთ გმირებს, რომელთა სახელიც სიმტკიცეს მატებს ქართველ ხალხს. შოვის ტრაგედიის მსხვერპლთა გლოვის ნიშნად დღეს შეერთებული შტატების დროშა დაშვებულია”, – წერია განცხადებაში.

დღეს რუსეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტის 15 წლისთავია, ამ დრომდე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონები რჩება რუსეთის ძალების მიერ უკანონოდ ოკუპირებული, – ამის შესახებ ნიდერლანდების საგარეო უწყების განცხადებაშია ნათქვამი.
„ნიდერლანდები განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – ნათქვამია ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

2008 წლის აგვისტოს ომიდან 15 წლის გასვლას ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება. უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ ესტონეთი რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას მკაცრად გმობს და მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას.
“საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის უკანონო აგრესიის 15 წლისთავი აღინიშნება დღეს. ესტონეთი კატეგორიულად გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას და სასაზღვრო ხაზებზე მიმდინარე სამხედრო ფორმირების მშენებლობას. ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერას,” – ნათქვამია განცხადებაში.

2008 წლის აგვისტოს ომიდან 15 წლის გასვლას ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა Twitter-ზე ეხმაურება. ის მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიებიდან.
“ლიეტუვა გმობს 15 წლის წინ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას. ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერდით საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. დღეს უკრაინა იცავს საკუთარ თავისუფლებას იმავე აგრესორისგან. მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს ძალები საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიებიდან,” – წერს ნაუსედა.

საქართველოში პოლონეთის საელჩო 2008 წლის აგვისტოს ომის მე-15 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის მე-15 წლისთავზე, ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ხალხს, მხარს ვუჭერთ ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ვგმობთ სეპარატისტული რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის ანექსიას“, – აღნიშნულია პოლონეთის საელჩოს განცხადებაში.

15 წლის წინ რუსეთი საქართველოში შემოიჭრა-15 წელი აგვისტოს ომიდან

მსგავსი პოსტები

Back to top button