მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინის პრეზიდენტი ხერსონში ჩავიდა

უკრაინის არმია ხერსონში 11 ნოემბერს შევიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ხერსონში ჩავიდა, ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ზელენსკი სამხედროების წინაშე გამოვიდა, მადლობა გადაუხადა ნატოს და სხვა მოკავშირეებს უკრაინის მხარდაჭერისთვის. “ჩვენ მშვიდობისთვის მზად ვართ, მშვიდობისთვის მთელ ჩვენს ქვეყანაში”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ქალაქის ცენტრალურ მოედანზე გამოსვლისას.

ზელენსკიმ თქვა, რომ შეერთებული შტატებისგან მიღებულ რეაქტიულ საარტილერიო სისტემა HIMARS-ს კიევისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.

სააგენტო “როიტერსის” თანახმად, ვოლოდიმირ ზელენსკის ქალაქის მცხოვრებლები უკრაინის დროშებით შეეგებნენ, ზოგ მათგანს თან ბავშვებიც ახლდა. ზელენსკიმ განაცხადა, რომ ბედნიერია ხალხის რეაქციით, რადგან იგი დადგმული არაა.

ჟურნალისტების კითხვაზე, საით წავა ამის შემდეგ უკრაინული არმია, ზელენსკიმ უპასუხა, რომ “არა მოსკოვზე… ჩვენ სხვა ქვეყნების ტერიტორიები არ გვაინტერესებს”.

უკრაინელმა გამომძიებლებმა უკვე დააფიქსირეს 400-ზე მეტი რუსული სამხედრო დანაშაული რუსი დამპყრობლებისგან გათავისუფლებული ხერსონის ოლქის ტერიტორიაზე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ზელენსკის თქმით, ხერსონის ოლქში რუსეთის არმიამ იგივე სისასტიკე დატოვა, როგორც უკრაინის სხვა რეგიონებში, სადაც შესვლა შეძლო. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, დონეცკის რეგიონში რუსული თავდასხმების დონე არ იკლებს, მაგრამ უკრაინის არმიის ქვედანაყოფები თავდაცვის გარღვევის საშუალებას არ აძლევენ.

„მადლობას ვუხდი ჩვენს მეთაურებს, დაზვერვას და ყველას, ვინც მონაწილეობს ჩვენი შემდეგი ნაბიჯების შემუშავებისთვის. ეს გათავისუფლების ნაბიჯებია. ხერსონის რაიონში 226 დასახლებაში წესრიგის სტაბილიზაცია და აღდგენა უზრუნველყოფილი იქნება. ეს არის 100 000-ზე მეტი ადგილობრივი მცხოვრები ამ დროისთვის. აღვადგენთ კომუნიკაციას, ინტერნეტს, ტელევიზიას. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე აღდგეს ნორმალური ტექნიკური შესაძლებლობები ელექტროენერგიისა და წყალმომარაგებისთვის. ჩვენ დავაბრუნებთ ტრანსპორტსა და ფოსტას, სასწრაფო დახმარებასა და ნორმალურ მედიცინას. რა თქმა უნდა, ხელისუფლების, პოლიციისა და ზოგიერთი კერძო კომპანიის მუშაობის აღდგენა უკვე იწყება. მადლობას ვუხდი ბიზნესს, რომელიც ერთ-ერთი პირველია, ვინც მონაწილეობს ნორმალური ცხოვრების დაბრუნებაში. არ დაგავიწყდეთ, რომ მდგომარეობა ხერსონის რეგიონში კვლავ ძალიან საშიშია. პირველ რიგში, ეს არის ნაღმები. სამწუხაროდ, ნაღმების გაწმენდისას ჩვენი ერთი გამნაღმველი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა. ასევე, გრძელდება ამ ტერიტორიაზე მიტოვებული რუსი ჯარისკაცებისა და დაქირავებულთა დაკავება და დივერსანტების განეიტრალება. მთელი ფრონტის ხაზის გასწვრივ ჩვენ უზრუნველვყოფთ მტრის მომარაგების ჯაჭვების, საბრძოლო მასალის საცავებისა და მტრის შტაბის განადგურებას. ოკუპანტების პოტენციალი ყოველდღე უნდა შევამციროთ – უქმე დღეების გარეშე! ეს გადაარჩენს ჩვენი ხალხის სიცოცხლეს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის განცხადებით, ხერსონის გათავისუფლების ოპერაცია სექტემბრის დასაწყისიდან მიმდინარეობს.

“ოპერაცია სექტემბრის დასაწყისიდან მიმდინარეობს და ჩვენი წარმატებით დასრულდა. თუმცა ამას თავისი ფასი აქვს. მარადიული ხსოვნა დაღუპულ და-ძმებს! ვიცით, რისთვის და ვისთვის ვიბრძვით. ერთად გამარჯვებამდე”, – თქვა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა.

11 ნოემბერს, რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ხერსონის ცენტრში უკრაინის დროშა გამოჩნდა. ადგილობრივი ჟურნალისტის, კონსტანტინე რიჟენკოს თქმით, უკრაინის დროშა წინააღმდეგობის მოძრაობის აქტივისტებმა დაამაგრეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროები და პოლიცია ხერსონსა და მის შემოგარენში 11 ნოემბერს შევიდნენ. 9 ნოემბერს, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ ხერსონიდან ჯარების გაყვანის ბრძანება გასცა. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა უკრაინაში რუსული ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების მეთაურის, სერგეი სუროვიკინის წინადადება, რომ დაწყებულიყო ჯარების გაყვანა ხერსონიდან, რასაც შოიგუ დათანხმდა ქალაქი ხერსონი და ოლქის ის ნაწილი, რომელიც მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დატოვეს და მარცხენა ნაპირზე გადავიდნენ.

ადგილზე ჯერ ოფიციალურად არ დასრულებულა ე.წ სტაბილიზაციის ღონისძიებები. უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, ჰუმანიტარული მდგომარეობა ქალაქში და მის მიმდებარედ კვლავ მძიმეა. უკრაინელი სპეციალისტები ინფრასტრუქტურის აღდგენისა და ტერიტორიების განაღმვის სამუშაოებს იწყებენ. შემოღებულია კომენდანტის საათი.

მსგავსი პოსტები

Back to top button