მნიშვნელოვანისიახლეები

,,არჩევნების მაღალპროფესიულ დონეზე ორგანიზების მიზნით, რამდენიმე პროცედურა დაზუსტდა,,-ცესკო

ცესკო, მედიით გავრცელებულ ინფორმაციას მანიპულირების მორიგ კამპანიას უწოდებს და რეგულაციების დაზუსტებასთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს.

ცესკოს განცხადებაში მითითებულია, რომ საარჩევნო კოდექსი ყოველთვის კრძალავდა ამომრჩევლის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ან გამჟღავნებას. მათივე შეფასებით, პოლიტიკურად ანგაჟირებული პირები სოციალურ ქსელში ავრცელებენ დეზინფორმაციას.

“ცესკომ დადგენილებით დააზუსტა ზოგიერთი პროცედურა, რომელსაც საარჩევნო კანონმდებლობა აქამდეც ითვალისწინებდა. დადგენილების კრიტიკოსები ან კარგად არ იცნობენ ან საერთოდ არ იცნობენ მოქმედ საკანონმდებლო რეგულაციებს. შესაძლოა, რომ მიზანმიმართულადაც ცდილობენ დამახინჯებული ინფორმაციის გავრცელებას. სხვაგვარად, რთულია აიხსნას, რატომ მანიპულირებენ ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების დაცვის სტანდარტით, რასაც ცესკო ამ დადგენილებით უზრუნველყოფს. ისინი კი აღნიშნულ პროცესს დაკვირვების შეზღუდვად მოიაზრებენ. სამწუხაროა, რომ ზოგიერთი პოლიტიკურად ანგაჟირებული პირები ავრცელებენ დეზინფორმაციას და კანონსაწინააღმდეგოს უწოდებენ საარჩევნო ადმინისტრაციის ქმედებას”, – აცხადებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერი ნათია იოსელიანი.

ცნობისთვის, პოლიტიკოსების, ასევე მესამე სექტორის მხრიდან დღეს ითქვა, რომ დადგენილებაში შეტანილი ცვლილება ზღუდავს კენჭისყრის სრულყოფილად დაკვირვების შესაძლებლობას.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, არჩევნების მაღალპროფესიულ დონეზე ორგანიზების მიზნით, შესაბამის სამართლებრივ აქტში რამდენიმე პროცედურა დაზუსტდა.

როგორც ცესკო-ში განმარტავენ, მხოლოდ დაზუსტდა კენჭისყრის პროცედურები ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემებისა და არჩევანის გამჟღავნებისგან დაცვის მიზნით.

ცენტრალური საარჩევნო კომისიია განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ მათი ახალი დადგენილების “კრიტიკოსები კარგად არ იცნობენ მოქმედ საკანონმდებლო რეგულაციებს ან შესაძლოა, მიზანმიმართულად ცდილობენ მათ დამახინჯებულ ინტერპრეტაციას”.

ამასთან ცესკო წერს, რომ “არავის მისცემენ უფლებას მანიპულაცური აღქმები დაამკვიდროს”.

“მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებამდე ხუთი თვე რჩება. საარჩევნო ადმინისტრაცია აგრძელებს მუშაობას არჩევნების მაღალპროფესიულ დონეზე ორგანიზებისათვის.

ამ მიზნით შესაბამის სამართლებრივ აქტში დაზუსტდა რამდენიმე პროცედურა. კერძოდ, ელექტრონული ტექნოლოგიებით კენჭისყრის ჩატარებისას, საარჩევნო კოდექსითა და დადგენილებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა დაუშვებელია კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე ნებისმიერი პირის მიერ:

ა) კენჭისყრის ოთახში ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება;

ბ) ამომრჩევლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ჩვენების მოთხოვნა, მათ შორის, გამორთმევა;

გ) ამომრჩევლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის, ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატზე გამოტანილი ამომრჩევლის მონაცემების, ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატიდან ამობეჭდილი ამომრჩევლის ვერიფიკაციის დამადასტურებელი ქვითრისა და ამომრჩევლის მიერ საარჩევნო ბიულეტენზე გაკეთებული არჩევანის ფოტოვიდეოგადაღება ან სხვაგვარი დამუშავება.

აღსანიშნავია, რომ საარჩევნო კოდექსი ყოველთვის კრძალავდა ამომრჩევლის პერსონალური მონაცემების დამუშავებას და/ან გამჟღავნებას, რასაც ადასტურებს კანონის თანახმად ამომრჩევლის სიების ორი ვერსიის არსებობა:

ერთი, სიის საჯარო ვერსია, რომელიც გაიცემა ყველა დაინტერესებულ უფლებამოსილ მხარეზე და მეორე, საარჩევნო კომისიისთვის განკუთვნილი ვერსია – ვერიფიკაციის აპარატებში ჩატვირთული სიები ამომრჩეველთა ყველა პერსონალური მონაცემების ჩათვლით. ეს უკანასკნელი ვერსია არ წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას და შესაბამისად, მისი გადაღება ან სხვაგვარი დამუშავება კანონით აქამდეც აკრძალული იყო.

დამკვირვებელთა უფლებებიც სრულადაა გაწერილი საარჩევნო კოდექსის 41-ე მუხლით და არცერთი აღნიშნული უფლება ცესკოს დადგენილებით არ შეუზღუდავს და ვერც შეზღუდავდა. ცესკომ მხოლოდ დააზუსტა კენჭისყრის პროცედურები ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემებისა და გაკეთებული არჩევანის გამჟღავნებისგან დაცვის მიზნით.

როგორც ჩანს, ხსენებული დადგენილების კრიტიკოსები კარგად არ იცნობენ მოქმედ საკანონმდებლო რეგულაციებს ან შესაძლოა, მიზანმიმართულად ცდილობენ მათ დამახინჯებულ ინტერპრეტაციას. სხვაგვარად, რთულია აიხსნას ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების დაცვის მაღალი სტანდარტის, მათ მიერ რეგისტრაციის პროცესზე დაკვირვების შეზღუდვად გასაღების ეს მცდელობა. ასევე, ზოგადად, გასულ არჩევნებზე, მათი მხრიდან გამოწვეული არაერთი ინციდენტი საარჩევნო პროცედურებზე დაკვირვების, ფოტოვიდეოგადაღებისა და ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების დაცვის კანონის დარღვევის კუთხით.

აშკარაა, რომ სამწუხაროდ, საქმე გვაქვს არა საარჩევნო პროცესის სამართლიანობაზე ზრუნვასთან, არამედ უკვე კარგად ნაცნობ გეგმასთან, როდესაც პოლიტიკურად ანგაჟირებული პირები სოციალურ ქსელში ავრცელებენ დეზინფორმაციას, იმ მიზნით რომ შემდეგ ეს თემა განავრცოს და გაავრცელოს ზოგიერთმა მიკერძოებულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ და მედიასაშუალებამ, საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციისთვის.

საარჩევნო ადმინისტრაცია ზედმიწევნით იცავს და მომავალშიც დაიცავს კანონმდებლობის ყველა მოთხოვნას და არ მისცემს არავის უფლებას, შეცდომაში შეიყვანოს ამომრჩეველი და დაამკვიდროს მანიპულაციური აღქმები საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხთან მიმართებაში”, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button