მეცხრე ხელმოწერა სანქციების დაწესების აქტზე

აშშ-ის კონგრესის კიდევ ერთი წევრი შეუერთდა საქართველოს ოფიციალური პირებისთვის სანქციების დაწესების აქტს, რომელიც სანქციებს იმ შემთხვევაში ითვალისწინებს, თუ აშშ პრეზიდენტი დაადგენს, რომ აშშ-ის ბიზნესი სახელმწიფოს მხრიდან იზღუდება.
რობ ბიშოპი მეცხრე კონგრესმენია, რომელმაც დოკუმენტს მოაწერა ხელი.
“საქართველოს სამართლიანი ბიზნესპრაქტიკის სანქციების აქტი” კონგრესმენმა მარკუეინ მალინმა 2019 წლის თებერვალში შეიმუშავა. მას მაშინ მხოლოდ ერთი კონგრესმენი მიემხრო.
საკანონმდებლო პროექტი ავალდებულებს აშშ-ის პრეზიდენტს, პერიოდულად შეატყობინოს საკანონმდებლო ორგანოს, არღვევს თუ არა საქართველო ვალდებულებებს ან შეთანხმებებს, რომლებიც აქ მომუშავე ამერიკელ ბიზნესმენებთან გააფორმა.
ასევე, უნდა მოხდეს იმ მოქმედი ან ყოფილი თანამდებობის პირების იდენტიფიცირება, რომლებიც ამაზე არიან პასუხისმგებელნი. ანგარიში უნდა მოიცავდეს აშშ-ის როგორც სამთავრობო, ისე არასამთავრობო, კერძო ინვესტიციებს.
ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ამერიკელი ბიზნესმენების უფლებების დარღვევა დადგინდა, პრეზიდენტმა საქართველოს მთავრობასა და ოფიციალურ პირებს სანქციები უნდა დაუწესოს, მათ შორის აშშ-ში შესვლასა და საკუთრებაზე.