მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ბრძოლა თავისუფლებისთვის -უკრაინაში ომის 332-ე დღეა

ბრძოლა თავისუფლებისთვის გრძელდება. უკრაინაში ომის 332-ე დღეა. ომში მყოფ ქვეყანას აგრესორის იერიშების მოგერიება დღესაც მოუხდა. 27-ჯერ დაიბომბა სუმის ოლქი. იყო შეტევები ზაპოროჟიეზეც. სამიზნე გახდა დონეცკისა და ლუგანსკის 12 დასახლებული პუნქტი. რუსეთი უკრაინის, ცივილიზებული სამყარო კი, აგრესორის შესუსტერბას განაგრძობს.
დაანონსდა ევროკავშირის სანქციების მორიგი პაკეტიც, თუმცა როგორ დაისჯება ამჯერად ოკუპანტი – დეტალები ჯერჯერობით უცნობია. მთავარი კი, რაც ახლა კიევისთვის სასიცოცლოდ მნიშვნელოვანია, ლეოპარდის ტიპის ტანკებია.

„როიტერის“ ცნობით, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეათე პაკეტზე მუშაობს. ამის შესახებ ინფორმაცია სააგენტოს რამდენიმე ანონიმურმა წყარომ მიაწოდა.
ევროპელი დიპლომატების თქმით, სანქციების ახალი პაკეტი სავარაუდოდ, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის წლისთავზე, 24 თებერვალს, იქნება მზად. ამ ეტაპზე ევროკავშირში არ აკონკრეტებენ, რა ახალი შეზღუდვების დაწესებას აპირებენ.
როგორც ვარაუდობენ, სანქციების მეათე პაკეტის თემის წინ წაწევას ევროპელი დიპლომატების ნაწილი, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე შეეცდებიან, რომელიც ორშაბათს, 23 იანვარს არის დაგეგმილი.
ევროკავშირს ასევე სურს უკრაინისთვის გადასაცემი სამხედრო მხარდაჭერის 500 მილიონი ევროს ღირებულების მორიგი ტრანში დამტკიცებაც. ამ ეტაპზე მის გადაცემას უნგრეთი ბლოკავს.

ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა გერმანიას მოუწოდეს, დაუყოვნებლივ გადასცეს ტანკები უკრაინას.
ამის შესახებ ედგარს რინკევიჩსმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა და ურმას რეინსალუმ ტვიტერზე დაწერეს.
ბალტიის ქვეყნების დიპლომატების თქმით, ტანკები აუცილებელია, რათა რუსეთის აგრესია შეჩერდეს და ევროპაში მშვიდობა აღდგეს. ამ ყველაფერში კი, მათი თქმით, გერმანიას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აქვს.
„ჩვენ ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები მოვუწოდებთ გერმანიას, რომ უკრაინას Leopard-ის ტანკები ახლავე მიაწოდონ. ეს საჭიროა იმისთვის, რომ რუსეთის აგრესია შეჩერდეს, დავეხმაროთ უკრაინას და სწრაფად აღდგეს მშვიდობა ევროპაში. გერმანიას, როგორც წამყვან ევროპული ძალას აქვს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ამ კუთხით“ – ტვიტერზე დაწერეს საგარეო საქმეთა მინისტრებმა.

შეგახსენებთ გუშინ ცნობილი გახდა, რომ კიევის მოკავშირეები ვერ შეთანხმდნენ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის დასავლური ტანკების მიწოდებაზე. უკრაინის არმიამ დასავლეთის ქვეყნებს სთხოვა ასობით ამერიკული Abrams-ი და გერმანული Leopard-ი. გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა პარასკევს განაცხადა, რომ ბერლინს ჯერ არ მიუღია Leopard-ების თაობაზე გადაწყვეტილება. პენტაგონის ხელმძღვანელმა ლოიდ ოსტინმა კი თქვა, რომ ჯერ ვერაფერ ახალს ვერ იტყვის Abrams-ების მიწოდების თაობაზე.

მედიაში ასევე გაჩნდა ცნობები, რომ ჩეხეთი და სლოვაკეთი მზად არიან, კიევს გადასცენ გერმანული ტანკები, რომლებიც მათ უნდა მიიღონ მათ მიერ უკრაინისთვის უკვე მიწოდებული საბჭოთა წარმოების ტანკების სანაცვლოდ. შაბათს ჩეხეთის თავდაცვის სამინისტრომ უარყო ეს ცნობა.
20 იანვარს გერმანიაში, აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ბაზა რამშტაინში გაიმართა მერვე საკონსულტაციო მოლაპარაკებები უკრაინისთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენის თაობაზე. ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ გაზაფხულისთვის გერმანია მოამზადებს უკრაინის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს, რომლის ღირებულება 1 მილიარდი ევრო იქნება. მისი სიტყვებით, ბერლინი უკრაინას გაუგზავნის საზენიტო ანტირასარაკეტო დანადგარებს, Patriot-ებს, ასევე შვიდ თვითმავალ საარტილერიო დანადგარ Gepard-ს, სარაკეტო სისტემა Iris-T-ს და მისთვის განკუთვნილ რაკეტებს. 400 მილიონი ევროს ღირებულების დახმარების მიწოდება გამოაცხადა ფინეთმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button