მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში შეხვედრებს განაგრძობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში შეხვედრებს აგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს შეხვდა. საქართველოს მთავრობის ცნობით, შეხვედრის მთავარი თემა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი იყო.

მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მიშელმა და ღარიბაშვილმა განიხილეს საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი ევროკომისიის 12 პრიორიტეტის შესრულების კუთხით და აღნიშნეს, რომ ქვეყნის ევროპული პერსპექტივის აღიარება ისტორიული გადაწყვეტილებაა.

მთავრობის ცნობით, მიშელმა და ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვეს, რომ წლის ბოლოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის, მათ შორის, პოლარიზაციის დასრულების თვალსაზრისით.

“საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონში უსაფრთხოების გარემოს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ რთულ ვითარებას. აქცენტი გაკეთდა საქართველოს მნიშვნელოვან როლზე რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფისთვის.

შექმნილ ვითარებაში პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა რეგიონში ევროკავშირის ჩართულობის მნიშვნელობა როგორც მშვიდობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობის, ისე საქართველოსა და ევროკავშირს შორის შავი ზღვის რეგიონის ფარგლებში სატრანსპორტო, ენერგეტიკული და ინფრასტრუქტურული კავშირების გაღრმავების თვალსაზრისით.

ირაკლი ღარიბაშვილმა შარლ მიშელს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის მხარდაჭერის საქმეში გაწეული პირადი ძალისხმევისა და საქართველოს ევროპული პერსპექტივის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა”, – აღნიშნულია მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარს ოლივერ ვარჰეის ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა ოლივერ ვარჰეის მიაწოდა დეტალური ინფორმაცია საქართველოს მიერ ევროკომისიის 12 პრიორიტეტის განხორციელების დადებით დინამიკაზე და სახელმწიფოს ძალისხმევაზე, სრულად შეესრულებინა ევროკავშირის რეკომენდაციები. ირაკლი ღარიბაშვილმა ყურადღება გაამახვილა ქვეყნის ევროპული პერსპექტივის აღიარების ისტორიულ გადაწყვეტილებაზე და ხაზგასმით აღნიშნა, თუ რა სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს წლის ბოლოს საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას.

შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა შავი ზღვის რეგიონის ფარგლებში დაკავშირებადობის ინიციატივებსა და ამ კუთხით საქართველოსა და ევროკავშირს შორის სატრანსპორტო, ენერგეტიკული და ინფრასტრუქტურული კავშირების გაღრმავების შესაძლებლობებზე.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზე. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველო მხარს უჭერს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას.

გერმანიის უსაფრთხოების ახალ სტრატეგიაში წერია, რომ გერმანიის ფედერალური მთავრობა მხარს უჭერს ევროკავშირის გაფართოებას დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების, უკრაინის, მოლდოვის და მოგვიანებით, საქართველოს ჩათვლით.

“გერმანიის ფედერალური მთავრობა მხარს უჭერს ევროკავშირის შემდგომ ინტეგრაციას, გაერთიანებას და გაფართოებას დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების, უკრაინის, მოლდოვის და გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოს ჩათვლით.”- ნათქვამია გერმანიის უსაფრთხოების სტრატეგიაში.

უსაფრთხოების სტრატეგიაში ასევე წერია, რომ ევროკავშირის ამ გაფართოებისთვის მოსამზადებლად და მისი მოქმედების შესაძლებლობის უწყვეტად უზრუნველსაყოფად, ევროკავშირის შიგნით აუცილებელია რეფორმების გატარება.

გერმანიის უსაფრთხოების ახალი სტრატეგია დღეს გამოქვეყნდა. პარალელურად ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის პრეზენტაციაზე ფედერალური კანცლერის ოლაფ შოლცის, საგარეო საქმეთა მინისტრის ანალენა ბერბოკის, ფინანსთა მინისტრის ქრისტიან ლინდნერის, თავდაცვის მინისტრის ბორის პისტორიუსის და შინაგან საქმეთა მინისტრის ნენსი ფეიზერის ერთობლივი პრესკონფერენცია მიმდინარეობს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამუშაო ვიზიტით იმყოფება ბელგიაში. ბრიუსელში მან შეხვედრა გამართა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, ბატონ შარლ მიშელთან, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს იყო სამუშაო ლანჩის ფორმატში გამართული შეხვედრა, სადაც ორმა ლიდერმა პირისპირ ისაუბრა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობაზე, იმ გზაზე, რომელსაც საქართველო გადის ამ ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ პირობებში და დროს.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პირველ რიგში, გამოხატა მადლიერება პრეზიდენტის მისამართით მისი ძალისხმევისთვის, რომელსაც ის სწევს ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით. საუბარი, რა თქმა უნდა, შეეხო მიმდინარე რეფორმებს, პროცესებს, რომლებიც მიმდინარეობს ჩვენს ქვეყანაში, იმ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომლებიც გადადგა ხელისუფლებამ და იმ ძალისხმევას, რომელსაც ზოგადად სწევს ჩვენი ქვეყანა.

ზოგადად, განწყობა არის ძალიან პოზიტიური. ჩვენი ევროპელი პარტნიორები, რა თქმა უნდა, ხედავენ იმ პროგრესს, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს და იმ ძალისხმევას და მონდომებას, რასაც ჩვენი ხელისუფლება სწევს იმისთვის, რომ საქართველომ, პირველ რიგში, მიიღოს კანდიდატის სტატუსი და მეორე მხრივ, გააგრძელოს აქტიური რეფორმების დღის წესრიგი და გავაგრძელოთ ჩვენი საბოლოო მიზნისკენ, საბოლოო წევრობისკენ სწრაფვა. ეს არის ჩვენი ყოველდღიურობა და სწორედ საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრაც პრეზიდენტთან მოწმობს ამას, რადგან ეს შეხვედრები არის ძალიან ინტენსიური და ჩვენი მოსახლეობა ხედავს, რაოდენ მოტივირებულია პრეზიდენტი მიშელი, რომ ჩვენმა ქვეყანამ წაიწიოს წინ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ასევე, პარალელურად, მართავს ოფიციალურ ვიზიტს ბელგიის სამეფოში. მას ჰქონდა შეხვედრა კოლეგასთან, პრემიერ-მინისტრთან, ვისაუბრეთ, რა თქმა უნდა, ორი ქვეყნის ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებაზე, თუმცა ასევე ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ის, თუ რაოდენ აქტიურად იქნება ჩართული ბელგიის სამეფო ჩვენი ევროპული ინტეგრაციის გზაზე და იმ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რაც ეხება ჩვენი ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭებას და მინდა, გითხრათ, რომ ბელგიის სახით ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი მხარდამჭერი და ეს გზავნილები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თავისი კოლეგისგან დღეს მიიღო“, – განცხადა ილია დარჩიაშვილმა.

მისივე თქმით, ასევე, დღეს პრემიერ-მინისტრი ვიზიტის ფარგლებში გამართავს შეხვედრას გაფართოების კომისართან ბატონ ვარჰეისთან, რომელთანაც იქნება დეტალური კომუნიკაცია ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგზე.

„ასევე, პარლამენტის სპიკერთან ექნება პრემიერ-მინისტრს შეხვედრა და დღეს, დღის ბოლოს გვექნება საქართველოს ეროვნული დღის აღსანიშნავი ღონისძიება, სადაც ვუმასპინძლებთ ჩვენს მეგობრებს, პარტნიორებს და სწორედ ამ ღონისძიების ფარგლებში, ასევე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიმართავს დამსწრე საზოგადოებას.

დღეს, ასევე კულტურული თვალსაზრისით და პრიზმიდან დანახული მნიშვნელოვანი დღეა. დღეს ოფიციალურად ვიწყებთ „ევროპალიას“ გახსნით პროცესს, გახსნითი დღეა, ტექნიკურად ვაანონსებთ იმას, რომ ეს ღონისძიება დაიწყება ოქტომბერში. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგად არის თანხვედრაში ჩვენი კანდიდატის სტატუსის მოლოდინის პროცესთან, რადგანაც, ერთი მხრივ, ჩვენ ვცდილობთ, ამ ევროპის დედაქალაქში წარმოვაჩინოთ ჩვენი კულტურა, ჩვენი იდენტობა, ჩვენი ძალიან საინტერესო ისტორია, ვაჩვენოთ, თუ ვინ არის საქართველო, ვინ ვართ ქართველები და, მეორე მხრივ, ასევე ვართ ევროინტეგრაციის ამ ძალიან აქტიურ პროცესში ჩართული ჩვენს პარტნიორებთან“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button