პუტინის თქმით ”ვაგნერი” კრემლისგან ფინანსდებოდა
რუსეთში კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ შეიარაღებული ამბოხის საქმეზე გამოძიება შეწყდა

კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ მთლიანად სახელმწიფოს მიერ ფინანსდებოდა. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა კრემლში სამხედრო მოსამსახურეებთან შეხვედრაზე. მისი თქმით, 2022 წლის მაისიდან 2023 წლის მაისამდე „ვაგნერმა“ რუსეთის ხელისუფლებისგან 86 მილიარდ რუბლზე მეტი მიიღო. თანხა დაქირავებულთა შენახვისთვის გამოიყოფოდა.
გარდა ამისა, პუტინმა თქვა, რომ „ვაგნერის“ მფლობელმა – ევგენი პრიგოჟინის კომპანია „კონკორდმა“ – „ვოენტორგის“ მეშვეობით ერთი წლის განმავლობაში 80 მილიარდი რუბლი მოგება ნახა სამხედროების საკვებით მომარაგების გზით. ამასთან, 110 მილიარდ რუბლზე მეტი დაიხარჯა სადაზღვევო გადასახადებზე, თქვა პუტინმა.
„მინდა, ყველამ იცოდეს ამის შესახებ. „ვაგნერის“ შენახვა სრულად იყო უზრუნველყოფილი სახელმწიფოს მიერ, თავდაცვის სამინისტროსგან, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ჩვენ სრულად ვაფინანსებდით ამ ჯგუფს“, – აღნიშნა პუტინმა სამხედროებთან შეხვედრისას.
”იმედი მაქვს, რომ არავის არაფერი მოუპარავს ან ცოტა მოიპარა, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავუმკლავდებით,“ დასძინა პუტინმა.
„ვაგნერი“არაოფიციალური გასამხედროებული ფორმირებაა. რუსეთის ხელისუფლება არაერთხელ აცხადებდა, რომ მას არანაირი კავშირი არა აქვს სახელმწიფოსთან და არ არის სამხედრო უწყებათა ბალანსზე.
პრიგოჟინი დიდი ხნის განმავლობაში უარყოფდა „ვაგნერთან“ კავშირს. მაგრამ გასული წლის სექტემბერში ბიზნესმენმა თქვა, რომ მან შექმნა ეს კერძო სამხედრო კომპანია.იანვარში პრიგოჟინმა თქვა, რომ ის თავად იყო ჩართული კომპანიის დაფინანსებაში. ბიზნესმენის თქმით, უკრაინასთან მთელი ომის განმავლობაში, მის დაქირავებულ მებრძოლებს სახელმწიფოსგან დაფინანსება არ მიუღიათ.
24 ივნისის ღამეს ვაგნერელებმა აღმოსავლეთ უკრაინაში თავიანთი ბაზებიდან პრაქტიკულად წინააღმდეგობის გარეშე გაიარეს როსტოვის ოლქამდე, სადაც უბრძოლველად აიღეს დონის როსტოვი, რუსეთის ერთ-ერთი უდიდესი ქალაქი და რუსული არმიის ერთ-ერთი მთავარი შტაბი. მოგვიანებით მათ მოახერხეს რუსი სამხედროების დაბლოკვა კიდევ ერთ მილიონიან ქალაქში, ვორონეჟში.
ფედერალური ჯარები რეალური თავდაცვის პირველ ხაზებს, როგორც 24 ივნისს იტყობინებოდნენ, ამზადებდნენ მდინარე ოკის ნაპირებზე, უკვე მოსკოვის ოლქში, როსტოვიდან ათასი კილომეტრის დაშორებით.
აჯანყება შეწყდა „ვაგნერის“ ხელმძღვანელთან, ევგენი პრიგოჟინთან მოლაპარაკების შემდეგ. მას მისცეს ბელარუსში გამგზავრების გარანტიები.
აჯანყების დროს „ვაგნერის“ მებრძოლებმა ჩამოაგდეს რამდენიმე ვერტმფრენი და რუსული არმიის თვითმფრინავი. დაიღუპა 13 პილოტი.
ცნობისთვის რუსეთში კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ შეიარაღებული ამბოხის საქმეზე გამოძიება შეწყდა. რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაწყებული სისხლის სამართლის გამოძიება დასრულებულია დანაშაულებრივი ქმედებების შეწყვეტის საფუძველზე.
როგორც რუსული მედია იტყობინება, ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის პრესსამსახური ავრცელებს.
განცხადების თანახმად, შეიარაღებული ამბოხის საქმის გამოძიების მსვლელობისას დადგინდა, რომ 24 ივნისს მისმა მონაწილეებმა შეწყვიტეს დანაშაულის ჩადენისკენ მიმართული ქმედებები. ამის გათვალისწინებით, უსაფრთხოების სამსახურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ მიღებულია გადაწყვეტილება სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ.
შეგახსენებთ, რომ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელსა და კრემლს შორის მინსკის შუამავლობით მიღწეული შეთანხმებით, 24 ივნისს პრიგოჟინმა მოსკოვისკენ მიმავალი მებრძოლთა კოლონების ბანაკებში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. კრემლის განცხადებით, მიღწეული შეთანხმებით, პრიგოჟინი ბელარუსში უნდა წავიდეს, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნა კი შეწყდება.