მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია

გაურკვეველი დროით დაიკეტა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის რუსეთთან დამაკავშირებელი გზა

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გელა იობაშვილი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
“რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გელა იობაშვილი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის დაუყოვნებელი გათავისუფლების მიზნით აქტიურად გამოიყენებოდა როგორც „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ასევე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა სხვა ინსტრუმენტი.

გელა იობაშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების საკითხი რეგულარულად განიხილებოდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში, ხოლო ინფორმაცია მიეწოდებოდა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას.

ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად განაგრძობს აქტიურ მუშაობას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად,” – აღნიშნულია განცხადებაში.

გაურკვეველი დროით დაიკეტა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის რუსეთთან დამაკავშირებელი გზა. დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, კავკასიის მაგისტრალზე მოძრაობა, 6 თებერვალს, მოსკოვის დროით 17:30 საათიდან შეწყდა. აკრძალვა ვრცელდება ყველა ტიპის ტრანსპორტზე. როგორც დე ფაქტო სამინისტროში განმარტავენ, ამ გადაწყვეტილების მიღება ამინდის გაუარესებასა და დიდთოვლობას უკავშირდება.

„ამინდის პირობების გაუარესებისა და ძლიერი თოვის გამო, ტრანსკავკასიურ მაგისტრალზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორივე მიმართულებით, მომდევნო გადაწყვეტილების მიღებამდე”, – განუცხადეს სააგენტო „რეს”-ს დე ფაქტო საგანგებო სიტუაციების სამინისტროში.

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს რუსეთთან ერთადერთი გზა აკავშირებს, რომელიც მთიან რელიეფზე გადის. მისი სიგრძე 164 კმ-ია. ავდრის, დიდთოვლობის და ზვავების გამო, ზამთარში მაგისტრალი რამდენიმე დღით იკეტება და ოკუპირებული რეგიონი იზოლირებული რჩება ხოლმე. ეს მაგისტრალი მაღალმთიან რელიეფზე გადის და ზამთრის გარდა, გაზაფხულზე მეწყერიც ქმნის პრობლემებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button