მნიშვნელოვანიპოლიტიკარეგიონისიახლეები

ყარაჯალაში მოსახლეობა და სამართალდამცავებია მობილიზებული

ერთნიკური აზრბაიჯანელებით დასახლებულ, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში, საარჩევნო უბნებთან, ადგილობრივი მოსახლეობა და სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად, მოქალაქეები არ იცავენ დისტანციას და არ ატარებენ პირბადეს.

საუბნო საარჩევნო კომისიასთან რადიო ჰერეთმა, დააფიქსირა სამარშუტო მიკროავტობუსი, საიდანაც უცნობ პირებს, ტკბილეული და საკვები პროდუქტი ყუთებით გადაჰქონდათ.

ჰერეთის კითხვებს ვის ეკუთვნის და რა მიზნით მიიტანეს პროდუქტი უბანთან, სამარშუტო ავტომანქანის მფლობელებმა არ უპასუხეს.

სოფელ ყარაჯალას საუბნო საარჩევნო კომისიებში, ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენის მოხდენის შესახებ, არასმთავრობო ორგანიზაცია, “სამოქალაქო პლატფორმის წარმომადგენელმა” სულხან ბორძიკაშვილმა, რადიო ჰერეთთან ისაუბრა.

“უბანზე მოსულ ამომრჩეველს, კაბინაში მისდევენ და აიძულებენ ხელისუფლებას დაუჭიროს მხარი. გარდა ამისა, ზოგიერთი ამომრჩეველი არღვევს ფარულობის პრინციპს და გახსნილი ბიულეტენით გამოდის კაბინიდან”, – განაცხადა ბორძიკაშვილმა.

ყარაჯალის 38-ე და 39-ე უბანზე იმყოფებოდა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, რომელმაც ყარაჯალაში მიმდინარე პროცესებში, თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დაადანაშაულა.

“რამდენიმე დღის წინ ღარიბაშვილი იმყოფებოდა ყარაჯალაში. ის შეხვდა ადგილობრივებს მეჩეთში და მხარდაჭერა მოსთხოვა. არ უშველით აქ მოწყობილი ქაოსი, მაინც წააგებენ არჩევნებს”, – განაცხადა ბოტკოველმა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს, ყარაჯალის საარჩევნო უბანზე მოულოდნელად გამოცხადებულმა, პარლამენტის ყოფილმა წევრმა, ღარიბაშვილის ახლო ნათესავმა, ლექსო თამაზაშვილმა უპასუხა.

“მე ვარ თელავის ამომრჩეველი. მივეცი ხმა და მოვედი აქ ვნახო, რა მდგომარეობაა. რაც შეეხება ნაციონალური მოძრაობის განცხადებას, მათ სურთ, რომ ყველაფერი ღარიბაშვილს დააბრალონ, თვითონ ირაკლი გასცემს ამაზე პასუხს”, – განაცხადა თამაზაშვილმა.

სოფელ ყარაჯალაში იმყოფებოდა, თელავის მეათე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეც.

რევაზ გაიპარაშვილმა, ყარაჯალის საუბნო საარჩევნო კომისიებში არსებული დარღვევები დაადასტურა.

“სწორედ ამიტომ მოვედი, რომ მიმეცა შენიშვნები და მითითებები კომისიებისათვის. ეს დარღვევები იყო და ვფიქრობ, აღმოფხვრილია. ალბათ დაწერენ საჩივრებს, რომლებსაც განვიხილავთ”, – განაცხადა გაიპარაშვილმა.

სოფელ ყარაჯალაში, სულ, ოთხი საარჩევნო უბანია. მთლიანად კახეთში, 155 ათას 609 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button