მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები გრძელდება

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ქვეყნის აღმოსავლეთსა და სამხრეთში საკმაოდ რთული ოპერატიული ვითარებაა. გენშტაბის მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, რუსეთის საოკუპაციო ძალები ცდილობენ, უკრაინელი სამხედროების თავდაცვის ხაზი გაარღვიონ ლუგანსკის და დონეცკის ოლქებში. უკრაინის გენერალური შტაბის თანახმად, ეს მცდელობა წარუმატებელი იყო დონეცკის ოლქის დასახლებული პუნქტების: ავდეევკის, მარინკის და ნოვომიხაილოვკის რაიონებში.
უკრაინის ცნობით, რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქში კრასნოჰორივკა და ავდიივკა დაბომბეს, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაშავდა.

“გამთენიისას ქალაქი კრასნოჰორივკა ოკუპანტების საარტილერიო ცეცხლის ქვეშ მოექცა. 152 მმ-იანი ჭურვიდან ერთ-ერთი კერძო სახლს მოხვდა, სადაც 84 წლის ქალი და 71 წლის კაცი ცხოვრობდნენ – ორივე მათგანი დაიღუპა.

დაშავდა 70 წლის ქალი. მას სხეულის დამწვრობა და ტვინის შერყევა აღენიშნება, ახლა საავადმყოფოშია გადაყვანილი. თავდასხმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები და შენობები”, – აცხადებს დონეცკის რეგიონული პროკურატურის პრესსამსახური.
ამას გარდა, ავდეევკაში ორ მოქალაქეს – 82 წლის ქალს და მის 55 წლის შვილს – დაზიანებები და მოტეხილობები აღენიშნებოდა. დაშავებულები გადაუდებელი დახმარებისთვის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

თავდასხმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და ფერმის შენობები.

მანამდე, რუსულმა ძალებმა სარაკეტო თავდასხმა ავდიივკაზე განახორციელეს, სადაც 3 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა.
უკრაინის არმიის სარდლობის ცნობითვე, გასულ 24 საათში თავდაცვის ძალებმა მოწინააღმდეგის 10 შეტევა მოიგერიეს ზაპოროჟიეს ოლქის დასახლებული პუნქტების, რაბოტინოს და ნოვოდანილოვკის რაიონებში და წარმატებას მიაღწიეს რაბოტინოს სამხრეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთში.

თავის მხრივ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დღეს განაცხადა, რომ ზაპოროჟიეს მიმართულებით უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევა წარუმატებელია და მათ უკვე დაკარგეს ათეულობით ერთეული ტექნიკა და ასეულობით სამხედრო მოსამსახურე. რა პერიოდში და რამდენი, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო არ აკონკრეტებს. მისივე მტკიცებით, ერთ-ერთი შეტევისას, „გასროლის გარეშე“ დაატყვევეს უკრაინელი სამხედროები. თავდაცვის სამინისტრო არც მათ რიცხვს ასახელებს.

ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის მონაცემებით, 11 სექტემბერს უკრაინის თავდაცვის ძალებმა წინ წაიწიეს ზაპოროჟიეს ოლქის დასავლეთში და დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტის რაიონში. უკრაინის არმიამ ამ მიმართულებებით კონტრშეტევა 2023 წლის ივნისიდან დაიწყო.

უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები გრძელდება – რუსულმა ძალებმა სუმის ოლქის 10 სასაზღვრო დასახლება დაბომბეს, დაშავდა 1 ადამიანი და დაზიანდა ინფრასტრუქტურა.

ოკუპანტებმა ხარკოვის ოლქში ვოვჩანსკის რაიონი არტილერიით დაბომბეს, რის შედეგადაც გაჩნდა ხანძარი. დამწვარია საცხოვრებელი სახლი. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

შეტევა განხორციელდა ხერსონის ოლქზეც, დაიჭრა 3 მშვიდობიანი მოქალაქე და დაზიანდა საგანმანათლებლო დაწესებულება.

პარალელურად რუსეთში, კურსკის გუბერნატორის თქმით, დრონმა ოლქის ტერიტორიაზე ასაფეთქებელი მოწყობილობა ჩამოაგდო, რის შედეგადაც დაზიანდა ინფრასტრუქტურა, არსებული ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.

რაც შეეხება საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის დახმარებას, საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი განიხილავს სახელმწიფო დეპარტამენტისა და პენტაგონის რეკომენდაციებს, უკრაინაში დიდი დისტანციის კასეტური რაკეტების გადაზიდვასთან დაკავშირებით.

მსგავსი პოსტები

Back to top button