მნიშვნელოვანისიახლეები

“არაფერი არ არის უფრო ძვირფასი, ვიდრე თავისუფლება-პრეზიდენტი

ის საქართველო, რომელიც დღეს ჩემს წინ დგას, თავისუფალი საქართველოა, – ამის შესახებ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თავისუფლების მოედანზე მიმდინარე მარშზე სახელწოდებით – „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, დღეს აქციაზე ის ქართველები არიან, რომლებიც მშვიდობიანად, ღირსეულად და ქართულად შედიან ევროპაში.

“დღეს არის ერთ-ერთი ისეთი საღამო საქართველოს ისტორიაში, რომელიც იქნება დასამახსოვრებელი ჩვენი შვილებისთვის და შვილიშვილებისთვის. ჩემი შვილიშვილი დღეს დაიბადა, გაბრიელი. მოდის ახალი მომავალი, ახალი საქართველო.

დღეს ის საქართველო, რაც ჩემს წინ დგას, თავისუფალი საქართველოა. აქ ძალით არავინ არის მოსული. არავინ არის მოსული იმის გამო, რომ უთხრეს, თუ არ მოხვალ, სამსახურს დაკარგავო. არაფერი არ არის უფრო ძვირფასი, ვიდრე თავისუფლება. არაფერი არ არის უფრო ძვირფასი, ვიდრე თავისუფლება და მშვიდობა. დღეს აქ არის ის საზოგადოება, ის პიროვნებები, ის ქართველები, რომლებიც მშვიდობიანად, ღირსეულად და ქართულად შედიან ევროპაში” – თქვა საქართველოს პრეზიდენტმა. მან ხაზი გაუსვა იმასაც, რომ საქართველოს ევროპული მომავლისთვის დღეს ერთად დგას ახალი და ძველი თაობა, რომლებისთვისაც ერთნაირად ძვირფასია საქართველოს განვითარება დასავლურ ორბიტაზე.

სალომე ზურაბიშვილმა თბილისის აქციიდან მიმართა მოლდოვის და უკრაინის პრეზიდენტებსაც და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო ამ ორ ქვეყანასთან ერთად გახდება ევროკავშირის წევრი. მან გამარჯვება უსურვა მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუს საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც დღეს იმართება.

“მაია, დღეს იმედი მაქვს იქნება შენი გამარჯვების დღე.

ვოლოდიმირ ზელენსკის, ვიცით, რომ იბრძვის ჩვენთვის და იქნება გამარჯვებული.

მინდა მივმართო ჩვენს პარტნიორებს, ევროპელებს თუ ამერიკელებს და ვუთხრა, რომ ჩვენ ვიქნებით ისეთი პარტნიორი და ისეთი მოკავშირე, როგორიც არც დაესიზმრებათ, როცა შევალთ ევროპაში და შევალთ ევროპაში. არ მინდა ამ დღეებში თქვენგან არ მინდა გავიგო რამე “თუ” ან “რომ”, ყველაფერი ნათელია, აქ უკვე გამარჯვებულია საქართველო და მისი მომავალი” – ასე დაასრულა სალომე ზურაბიშვილმა გამოსვლა ევროპული არჩევანის მხარდამჭერ აქციაზე. მარშის ორგანიზატორები არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციაა.

20 ოქტომბერს, მოქალაქეების შეკრებამდე მმართველი პარტიის წევრები მსვლელობის შესახებ ჰომოფობიური განცხადებებით ცდილობდნენ მოსახლეობის იმაში დარწმუნებას, რომ ეს მსვლელობა რეალურად არა ევროპული არჩევანის მხარდამჭერი, არამედ “პრაიდის” მსგავსი შეკრებაა.

“საქართველო ირჩევს ევროკავშირს” – თავისუფლების მოედანზე ამ სახელწოდებით ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების და მათი მხარდამჭერების აქცია მიმდინარეობს.

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა”, “ლელო – ძლიერი საქართველო”, “კოალიცია ცვლილებებისთვის”, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ორგანიზებულ აქციას პოლიტიკურ პარტიებთან ერთად რიგითი მოქალაქეები შეუერთდნენ. თავისუფლებზე მივიდა პრეზიდენტიც. სალომე ზურაბიშვილმა შეკრებილებს სცენიდან მიმართა.

კოალიციის “ძლიერი საქართველო” ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, დღეს ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ აფიქსირეს მის ევროპულ მომავალს.

“მიზანი არის თქვენი, თქვენი ოჯახის, მთელი საქართველოს მოქალაქეების არჩევანისა და მიზნის მიღწევა, რომელსაც ევროპული პერსპექტივა ჰქვია ჩვენი საქართველოსთვის, ჩვენი ქვეყნისთვის. ამიტომ, დღეს ყველა ერთად, კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ, ამ სოლიდარობას, რომ 26-ში ყველა გამოვიდეს არჩევნებზე”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

“კოალიცია ცვლილებისთვის” თანათავმჯდომარის, ნიკა გვარამიას განცხადებით, საქართველო მივა ევროკავშირამდე და ეს გამოვა ყველა იმ ადამიანის ძალისხმევით, რომელიც ახლა აქციაზე დგას.

“დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია ისევე, როგორც ევროპაში საქართველოს წასასვლელად მნიშვნელოვანი იყო ყველა აქცია ჩვენს ისტორიაში. კაცისთვის იმაზე მეტი ბედნიერება რა უნდა იყოს, როცა მამა და შვილი საქმესა და სურვილს ერთდროულად აკეთებს, მხოლოდ ის, რომ ეს საქმე ერთდროულად გამოუვათ და ეს გამომივა მეც და ყველა იმ ადამიანს, ვინც აქ დგას. ჩვენ მივალთ ევროპაში”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მსგავსი პოსტები

Back to top button