ბათუმში დაკავებულია ბანკის მენეჯერი, რომელმაც დიდი ოდენობით თანხა მიისაკუთრა

ერთ-ერთი კომერციული ბანკის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე, ბათუმში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, ამავე ბანკის ყოფილი მენეჯერი დააკავა.
როგორც უწყებამ დაადგინა, ბრალდებული , 2015 წლიდან 2021 წლის აპრილის ჩათვლით პერიოდში, ამზადებდა ანაბრის გახსნისა და დახურვის ყალბ ხელშეკრულებებს, სალაროს შემოსავლისა და გასავლის ორდერებს, რა გზითაც დაეუფლა ბანკის კუთვნილ დიდი ოდენობის თანხებს.
გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ მითვისებული თანხა ჯამში შეადგენს 2 467 667 ლარს, 180 480 აშშ დოლარს და 80 000 ევროს.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით.