პროკურატურამ ავთანდილ წერეთელს სამკურნალოდ ქვეყნის დატოვების უფლება მისცა

საქართველოს პროკურატურამ დააკმაყოფილა ავთანდილ წერეთლის განცხადება და მას შესაძლებლობა ექნება, 19-30 იანვარს საზღვარგარეთ ჩაიტაროს მკურნალობის დაგეგმილი კურსი, – განაცხადეს პროკურატურაში. ბიზნესმენმა წერეთელმა პროკურატურას საზღვარგარეთ მკურნალობისთვის, ქვეყნიდან გასვლის ნებართვის თხოვნით 13 იანვარს მიმართა. მისი ადვოკატის კახა წერეთლის განცხადებით, ავთანდილ წერეთელი ქვეყანის დატოვებას გეგმავს 19-დან 30 იანვრის ჩათვლით.
გასული წლის 22 აგვისტოს გენერალურმა პროკურატურამ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს, “თიბისი ბანკის” დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, ბრალი წარუდგინა.
გამოძიება ავთო წერეთელს ედავება „თიბისი ბანკის“ ხელმძღვანელების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარებას და დიდი ოდენობით შემოსავლის მიღებას. ავთანდილ წერეთელს 500-ათასლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.