წულუკიანის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი 50 000 ლარიან გირაოს გადაიხდის
“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ შეფასებით, პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობა ვერ შეფასდება როგორც სისხლის სამართლის დანაშაული

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე 50 000-ლარიან გირაოს გადაიხდის. ამის შესახებ მედიას პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ განუცხადა.
მისივე განმარტებით, პარტიის პოლიტსაბჭოზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ვაშაძემ აღნიშნული გირაო გადაიხადოს.
გიორგი ვაშაძეს დროებითი საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო 23 აპრილს შეეფარდა. თბილისის პროკურატურამ პოლიტიკოსის წინააღმდეგ საქმე კომისიის მიმართვის საფუძველზე აღძრა. სასამართლომ ვაშაძეს გირაოს გადახდის ვადად 30 დღე განუსაზღვრა.
ინფორმაციისთვის, გიორგი ვაშაძე საქართველოს პარლამენტში შექმნილმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ 15 აპრილს დაიბარა, თუმცა ვაშაძე სხდომაზე არ გამოცხადდა, რის შემდეგაც, ის ჩვენების მისაცემად პროკურატურაში დაიბარეს.
გიორგი ვაშაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წაუყენეს, რაც “საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას” გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
თეა წულუკიანის კომისიაზე არგამოცხადების გამო აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეფარდებული ჰქონდა ოპოზიციის არაერთ ლიდერს, მათ შორის ნიკა გვარამიას, ზურაბ ჯაფარიძეს, ნიკა მელია, ირაკლი ოქრუაშვილს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს.
მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ გირაო გადაიხადეს, ირაკლი ოქრუაშვილის გადაუხდელობის გამო აღკვეთის ღონისძიება პატიმრობით შეეცვალა. პოლიტიკოსების ნაწილი, მათ შორის ნიკა გვარამია და ზურაბ ჯაფარიძე, აცხადებენ, რომ გირაოს გადახდას არ აპირებენ.
“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ შეფასებით, პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობა ვერ შეფასდება როგორც სისხლის სამართლის დანაშაული.
საია სპეციალური განცხადებით საგამოძიებო კომისიის ლეგიტიმურობის საკითხსა და კომისიაზე დაბარებასთან დაკავშირებით მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებს გამოეხმაურა.
“აღსანიშნავია, რომ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის სანქცია გათვალისწინებულია, როგორც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, ისე სისხლის სამართლის კოდექსში.
აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ, ერთი და იგივე ქმედება შეიძლება შეფასდეს, როგორც სამართალდარღვევად, ისე დანაშაულად.
იმის გათვალისწინებით, რომ კანონმდებელი არ განსაზღვრავს, თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებში იდენტური ჩანაწერების არსებობის შემთხვევაში რომელს ენიჭება უპირატესობა, მნიშვნელოვანია საკითხის შეფასება მოხდეს საქართველოს კონსტიტუციის და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და დარღვევის შემთხვევაში გამოყენებული იქნეს ის ნორმა, რომელიც ნაკლებად ზღუდავს პიროვნების თავისუფლებას” – აცხადებს საია – აცხადებს “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“.