ისრაელი დღეიდან ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების შესვლას აჩერებს
ჰამასი შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირში ტერორისტულ დაჯგუფებად არის აღიარებული.

ისრაელის მთავრობა აცხადებს, რომ ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შესვლა აკრძალა, რადგან „ჰამასთან“ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების პირველი ეტაპი ამოიწურა, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის განცხადებით, „ჰამასი“ ამ დრომდე უარს ამბობს დონალდ ტრამპის წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის მიერ შეთავაზებულ ცეცხლის შეწყვეტის დროებით გახანგრძლივების წინადადებაზე.
„მძევლების შეთანხმების პირველი ფაზის დასრულების და უიტკოფის გეგმის მიღებაზე „ჰამასის“ მხრიდან უარის ფონზე, რომლის მიღებასაც ისრაელი დათანხმდა, პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ გადაწყვიტა, რომ დღეს დილიდან ღაზას სექტორში საქონლისა და მარაგის ყველა შესვლა შეწყდეს. ისრაელი არ დაუშვებს ცეცხლის შეწყვეტას ჩვენი მძევლების გათავისუფლების გარეშე. თუ „ჰამასი“ განაგრძობს უარის თქმას, ამას შემდგომი შედეგები მოჰყვება“, – აღნიშნულია ნეთანიაჰუს განცხადებაში.
მხარეები ვერ თანხმდებიან შეთანხმების მომდევნო ნაბიჯებთან დაკავშირებით. შეთანხმების პირველი ფაზა შუაღამისას ამოიწურა. ისრაელს ამ ფაზის გახანგრძლივება სურდა, რათა ამავე ფაზაში დაიბრუნოს „ჰამასის“ ტყვეობაში დარჩენილი მძევლები.
„ჰამასს“ კი მეორე ფაზის დაწყება სურს, რომლის ფარგლებშიც მხარეებმა ცეცხლის დროებით შეწყვეტის რეჟიმი პერმანენტულით უნდა ჩაანაცვლონ და ისრაელის ძალებმა ღაზის ტერიტორია დატოვონ, რის შემდეგაც „ჰამასი“ დარჩენილ მძევლებს ისრაელს გადასცემს.
„ჰამასმა“ ისრაელის მიერ ჰუმანიტარული დახმარების წვდომის შეჩერებას „ომის დანაშაული“ უწოდა და ისრაელი შეთანხმების დარღვევის მცდელობაში დაადანაშაულა.
ისრაელმა აღნიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტა შეუძლებელია მძევლების გათავისუფლების გარეშე და შემდგომი შედეგებით დაიმუქრა, თუ ჰამასი გააგრძელებს ინიციატივის უარყოფას. რადიო Kan-ის ცნობით, ხელისუფლება თვლის, რომ ღაზაში უკვე საკმარისი ჰუმანიტარული დახმარებაა ჩატანილი.
ჰამასმა ამ ქმედებებს შანტაჟი და საზავო შეთანხმების დარღვევა უწოდა და მოითხოვა ცეცხლის სრული შეწყვეტა, ისრაელის ჯარების გაყვანა და ღაზის სექტორის აღდგენა.
ისრაელსა და ჰამასს შორის ზავის პირველი ეტაპი დღეს დასრულდა. უიტკოფის გეგმის მიხედვით, ზავი 19 აპრილამდე უნდა გაგრძელებულიყო, მათ შორის ისრაელის ციხეებში მყოფი პალესტინელი ტყვეების გაცვლა ისრაელელ მძევლებზე და ჰუმანიტარული დახმარების გაზრდა.
მანამდე აშშ-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა მხარეებს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გახანგრძლივება შესთავაზა, რადგან გამოიკვეთა, რომ მეტი დროა საჭირო მეორე ეტაპის თაობაზე მოლაპარაკებებისთვის. ისრაელმა არსებული რეჟიმი ექვსი კვირის ვადით გაახანგრძლივა.
შეგახსენებთ, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის პირველი ეტაპის ვადა, რომელიც ძალაში 19 იანვარს შევიდა, შაბათს ამოიწურა. შეთანხმებამ შეაჩერა 15-თვიანი ბრძოლა „ჰამასსა“ და ისრაელს შორის. პირველი ეტაპის დროს „ჰამასმა“ ისრაელს 33 ისრაელელი და ხუთი ტაილანდელი მძევალი გადასცა, რის სანაცვლოდაც, ისრაელმა 1 900 პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლა. ვარაუდობენ, რომ ღაზაში დარჩენილია 24 ცოცხალი და 39 გარდაცვლილი მძევალი.
ბოლო ინფორმაციით, ღაზაში 59 ისრაელელი მძევალია, რომლებიც 2023 წლის 7 ოქტომბერს აიყვანეს სამხრეთ ისრაელზე პალესტინური დაჯგუფების თავდასხმის დროს. სულ მცირე 35 მძევალი დაიღუპა.