თელავის მედია კაფე დაიხურა

თელავის მედია კაფე სადაც გაზეთ „კახეთის ხმის“ რედაქცია იყო ინტეგრირებული, დაიხურა – ამ ინფორმაციას თავად გამოცემა ავრცელებს.

თელავის მერიასთან ორწლიანი მოლაპარაკების მიუხედავად, თვითმმართველმა ერთეულმა რედაქციას აღარ გაუგრძელა იჯარის ხელშეკრულება, რაც ქალაქში კულტურული და სამოქალაქო კერის გაუქმების მიზეზი გახდა.

მეოთხე ხელისუფლებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ხელისუფლების მხრიდან ადგილობრივი მედიის საქმიანობის ხელისშემშლელ ფაქტორებზე ამახვილებენ ყურადღებას და მკვეთრად ნეგატიურად აფასებენ მერიის გადაწყვეტილებას.

ერეკლე მეორეს 4 ნომერში მდებარე ელენე ახვლედიანის სახელობის სამხატვრო სკოლის ძველი შენობის ნახევარსარდაფში ამჟამად ისევ გამოუყენებლი სივრცეა, რომელიც რამდენიმე თვის წინ ცნობილ მწერლებს, საზოგადო მოღვაწეებს, საერთაშორისო მედია კონფერენციებს და სხვა კულტურულ–საგანმანათლებლო ღონისძიებებს მასპინძლობდა.

თელავის მერიაში კი მედიაზე რაიმე სახის ზეწოლას გამორიცხავენ და მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მედია კაფეს იჯარის ხელშეკრულება აღარ გაუგრძელდა, სამხატვრო სკოლის ფართის სიმცირეს უკავშირებენ.

გაზეთ „კახეთის ხმის“ დამფუძნებლის შეფასებით, დამაჯერებლობას მოკლებულია შენობიდან „მედია კაფეს“ გაყვანის არგუმენტი. მაია მამულაშვილის ინფორმაციით, შპს „კახეთის ხმასთან“ 2011 წლის 8 დეკემბერს გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულების თანახმად, სამხატვრო სკოლას გამოფენებისა და ღონისძიებებისათვის უფლება აქვს გამოიყენოს იჯარით გაცემული ქონება, თუმცა „მედია კაფეს“ ხელმძღვანელობის არაერთი შეთავაზების მიუხედავად საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინიტრაციას 5 წლის განმავლობაში არასდროს არ უსარგებლია აღნიშნული ფართით. მამულაშვილი ირწმუნება, რომ შენობიდან რედაქციისა და მედია კაფეს გასახლებას ხელისუფლებასთან დაახლოვებული პირები ჯერ კიდევ 2013 წლიდან ითხოვდნენ.

თელავის მედია კაფე 2012 წლის ნოემბერში საერთაშორისო დონორების: ფონდ „ღია საზოგადოება საქართველს“ და IREX – ის მხარდაჭერით დაარსდა.

დამფუძნებლებმა მიტოვებული და ნაგვით სავსე სარდაფი გაასუფთავეს, ფართი გაარემონტეს და იქ კაფე მოაწყვეს. ძველი შენობის თაღებიან დარბაზში განთავსებული Media Cafe მომხმარებელს წიგნებსა და ჟურნალ-გაზეთებს, ტკბილეულსა და ყავას სთავაზობდა. მისი სივრცე ეთმობოდა სადისკუსიო შეხვედრებს, სემინარებსა და კინო-ჩვენებებს, ამავე დროს, მედია კაფეში ინტეგრირებული იყო გაზეთი „კახეთის ხმის“ რედაქცია. მედია კაფემ უმასპინძლა ცნობილ მწერლებს, საზოგადო მოღვაწეებს, მოაწყო სხვადასხვა ავტორთან შეხვედრა, კინო ჩვენება თუ დისკუსია.

მედია კაფეში, ასევე, გაიმართა 500-ზე მეტ კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიება, 4 საერთაშორისო მედია კონფერენცია. მედია კაფეში 2014 წლიდან ფუნქციონირებდა ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის „თელავის გენდერის მედიაცენტრი“, რაც ხელს უწყობს გენდერული თანასწორობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას, საინფორმაციო კამპანიების წარმართვას და მოქალაქეთა ჩართულობას.

Media Cafe-დან მიღებული შემოსავლები გაზეთ „კახეთის ხმის“ განვითარებას ხმარდებოდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button